რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციასა და დეპოლიტიზაციას?

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციასა და დეპოლიტიზაციას?

მასმედიისა ზოგადად და, კერძოდ, ტელემედიის განმსაზღვრელი მნიშვნელობის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, საზოგადოებრივი აზრის ხასიათსა და მიმართულებაზე, საზოგადოებრივ განწყობებსა და თვით საზოგადოების მორალურ და ზნეობრივ მდგომარეობაზეც კი ეჭვს არ იწვევს. უკანასკნელ ოცწლეულში ჩვენი ტელესივრცე დაემსგავსა გლადიატორთა ბრძოლას, რომელშიც ტელეკომპანიათა უმრავლესობა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული იყო (და არის) ხალხის ცნობიერებით მანიპულირების, ძალაუფლების შენარჩუნების ან ძალაუფლების მოპოვების ინსტრუმენტად. ბრძოლა ძალაუფლებისათვის თავისი ბუნებით დაუნდობელია და, შესაბამისად, ქართული ტელემედია იქცა არა გარკვეული ამოცანების, მიზნებისა და ღირებულებების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის, არამედ მისი დაშლის, საზოგადოებაში ანტაგონიზმის გაღრმავების საშუალებად. ამასთანავე, ქართულ ტელემედიაში (ზოგადად - მედიაში) იგნორირებულია მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი - საგანმანათლებლო-შემეცნებითი - ფუნქცია (თავისთავად მედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნების სარეალიზაციოდ არ არის ახალი ამბავი. ჯერ კიდევ 1870-იან წლებში პარიზში გამოქვეყნებულ ნაშრომში ნიკო ნიკოლაძე წერდა - ფრანგული პრესა ძალაუფლებისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალების მძევლად იქცა, რის გამოც „მოხდა ინტელექტუალური ცხოვრების შეცვლა უმიზნო და უსაგნო ფოიერვერკთა მთელი რიგით, ასეთმა პრესამ გახრწნა საზოგადოების გონება და მასში გამოაღვიძა გასართობებისა და იაფფასიანი სპექტაკლების მოთხოვნილება, რაც უცხადესი ნიშანია ერის მორალური დეკადანსისა და მისი, როგორც გვამის, გახრწნისა...“. ყოველივე ამას კი ის შედეგი მოჰყვაო, - დასძენს ნ. ნიკოლაძე, - რომ „ფრანგულ პრესაში ვერ იპოვით გულიდან ამოხეთქილ ერთ აკორდსაც, ვერც ისეთ სურათს, რომელიც ადამიანის გონებას ააღელვებდა და შიგ სამუდამოდ შთაიბეჭდებოდა, ვერც ერთ იმ დიად აზრს, რომლითაც ესოდენ ზღაპრულად მდიდარი და გულუხვად მფანტველი იყო ოდესღაც საფრანგეთი. ყოველივე დაწვრილმანდა, რაქიტული გახდა, აღარც მძლავრი ამოსუნთქვა, აღარც რწმენა, ყველაფერი აღბეჭდილია პოლიტიკური დაჯგუფებების საქმიანობით, ყველაფერს დუქნის სუნი ასდის...“ და სხვ.).

ბუნებრივად დაისმის კითხვა: სად არის გამოსავალი? მით უმეტეს, „თანამედროვე გლობალისტურ სამყაროში, რომელიც იმყოფება ტექნოლოგიური, კომერციული, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების ერთდროული და მძლავრი წნეხის ქვეშ, როდესაც რადიო და ტელევიზია გამსჭვალულია კომერციული და პოლიტიკური ინტერესებით...“. ეს ციტატა ჩვენ მოგვყავს კოტე ჯანდიერის პუბლიკაციიდან, რომელშიც განსაზღვრულია საზოგადოებრივი მაუწყებლობის რაობა, ძირითადი პრინციპები და ამოცანები... http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114612/

ჩვენ, ისევე როგორც დასახელებული პუბლიკაციის ავტორი, მივიჩნევთ, რომ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი „უნდა გახდეს დემოკრატიულობისა და ეგალიტურობის მაგალითი დანარჩენი (ქართული) მედიასაშუალებებისათვის“ და სწორედ გადამხდელის ფულით დაფინანსებულმა და, ამდენად, ფინანსურად უზრუნველყოფილმა, კომერციული ინტერესებისაგან თავისუფალმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა „უზრუნველყოს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული, დემოკრატიული და სოციალური ფასეულობების მუდმივი დომინირება ცალკეული ჯგუფების პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებზე“. პირველ რიგში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეუწყოს ხელი „სამოქალაქო მშვიდობას, კონსოლიდაციას, უნივერსალურ ფასეულობებზე დამყარებული ეროვნული კულტურის განვითარებას, ეროვნული იდენტობისა და ქვეყნის კულტურული სუვერენიტეტის დაცვას“ და სხვ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მაუწყებლობის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა. ჩნდება შანსი საქართველოში შეიქმნას საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებული სამაუწყებლო კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებილი იქნება არა დღეს არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არამედ ჩვენი საზოგადოების გრძელვადიან, ფუნდამენტურ ინტერესებზე.

„ქართული აკადემია“ მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციას ზემოხსენებულ პრინციპებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით და გამოთქვამს იმედს, რომ პარლამენტარები გადაწყვეტილებას მიიღებენ არა ცალკეული პოლიტიკური ძალების ინტერესთა გათვალისწინებით, არამედ თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო საზოგადოების სასარგებლოდ.