ევროსასამართლომ საქმე „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების საჩივარს. ესენი იყვნენ ანა გოჩაშვილი, თეა სიჭინავა, გიორგი ახვლედიანი, თენგო მეზურნიშვილი, დიანა ტრაპაიძე, გიორგი რუხაძე, ჯონი კალანდაძე, ნინო ცხვარაშვილი, ნინი საყვარელიძე, ირაკლი მოსეშვილი.
2013 წლის 9 აპრილს ევროსასამართლომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების სარჩელი დაუშვებლად გამოაცხადა. შეგახსენებთ, 2009 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ მოცემული საქმე ევროსასამართლოში წარადგინა.
ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ განმარტავს, თუ რატომ ცნო დაუშვებლად ევროსასამართლომ ტელეკომპაინა „იმედის“ ჟურნალისტების შეტანილი სარჩელი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე. 2009 წლის დეკემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ მოცემული საქმე ევროსასამართლოში წარადგინა. 2009 წლის 22 დეკემბერს ათივე მომჩივანმა საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას. 14 დეკემბერს თბილისის პროკურატურამ აცნობა მომჩივანებს, რომ მათი საჩივარი, მომდევნო ღონისძიებების გასატარებლად, გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის ოფისის საგამოძიებო ნაწილში.
2010 წლის 30 მარტსა და 15 აპრილს მომჩივანებმა საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს.
„ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე, რომელიც თავს მთავრობის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ქმედების მსხვერპლად მიიჩნევს, ვალდებულია, კონვენციის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გამოავლინოს გულმოდგინება და ინიციატივა და გადადგას გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს საქმეზე წარმოებულ გამოძიებას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში შეიტანოს სარჩელი. სარჩელის შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც პირმა იცის, ან მისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმეზე არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება.
როდესაც ევროსასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროის ფაქტორი, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოთხოვნა უფლებამაოსილი ორგანოებისა და ევროსასამართლოს წინაშე გონივრულ ვადებში იყო წარდგენილი.
დროის გასვლასთან ერთად მოწმეებს ავიწყდებათ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, არსებობს მოწმეების გარდაცვალების ან გაუჩინარების და საქმეზე არსებული მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ასეთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კარგავს აქტუალურობას და ხდება გამოუსადეგარი და არაეფექტური“, - განმარტავენ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტში“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს დასკვნით, მომჩივანებმა საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისის პროკურორს პირველად მხოლოდ 2009 წლის 4 და 22 დეკემბერს მიმართეს. აქედან გამომდინარე, 2 წელიწადზე მეტ ხანს მომჩივანებს არ გამოუვლენიათ მცირეოდენი ინტერესიც კი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ მომჩივანები დარწმუნებულები იყვნენ მთავრობის მიერ ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩატარების შეუძლებლობაში, მათ შეეძლოთ ევროსასამართლოსთვის მიემართათ „იმედის“ მიმართ დარბევის განხორციელებიდან ექვსთვიან პერიოდში, არაუგვიანეს 2008 წლის 7 მაისისა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანების მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მასალა ნათლად არ ასახავს უმოქმედობის მიზეზებს და იმას, თუ რატომ არ მიმართეს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, მომჩივანების ორწლიანი უმოქმედობა და ინდეფერენტულობა საქმის გამოძიების მიმდინარეობის მიმართ არ შეესაბამება კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს. აქედან გამომდინარე, ევროსასმართლოს „იმედის“ საქმესთან დაკავშირებული 10 საჩივარი დაგვიანებით წარედგინა და სასამართლომ კონვენციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების საფუძველზე საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ავრცელებს.
ხუთი წელი გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევიდან, რამაც მაშინ ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და რამაც შეიძლება ითქვას, ქვეყანაში ამის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე დიდი გავლენა იქონია. ტელეკომპანიაში სპეც-რაზმის შეჭრას „იმედის“ კუთვნილი აპარატურის დიდი ნაწილის განადგურება და ჟურნალისტებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია შეუწყვიტა და არგუმენტი იყო ის, რომ ტელეკომპანია 7 ნოემბრის არეულობის გაშუქებისას ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა. „იმედმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა.
გარკვეული ხნის შემდეგ სატელევიზიო არხის დამფუძნებელი, ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა და მართალია ამის შემდეგ „იმედი“-ს მაუწყებლობა აღდგა, მაგრამ იგი მაშინდელმა ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ნათესავის, ჯოზეფ ქეის მეშვეობით ხელში ჩაიგდო და „იმედიც“ ე.წ. სახელისუფლებო ტელევიზიად გადაიქცა.
რამდენადაც ცნობილია, ტელეკომპანიის რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივრის შეტანა და საქმის სტრასბურგში გაგზავნა გადაწყვიტა და კოლექტიური საჩივარიც მზადდებოდა. პროკურატურაში საჩივარი კი შევიდა, მაგრამ „იმედის“ ახალმა ხელმძღვანელობამ ჯოზეფ ქეის სახით, სტრასბურგში საქმის გაგზავნაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „იმედის“ მხოლოდ ათი ჟურნალისტის კერძო საჩივარი გაიგზავნა.
ერთ-ერთი მათგანი არის დიანა ტრაპაიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟურნალისტები ახლა უკვე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დაკითხულია ჩემი მეუღლეც, რამდენიმე ჟურნალისტიც და შესაძლოა, დაკითხვაზე მისვლა მეც მომიწიოს. ამიტომ, ამჯერად, უკვე ქართული სასამართლოს პასუხს დაველოდებით“, - აცხადებს დიანა ტრაპაიძე.
მისი თქმით, მოსარჩელე ჟურნალისტებისთვის არ აქვს მნიშვნელობა მათ ვინ გასცემს პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“, მთავარია ეს იყოს სამართლებრივი შეფასება. დიანა ტრაპაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. რაც შეეხება ევროსასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეს უარი პროცედურული დარღვევებით იყო განპირობებული და განმარტავს, რომ ამ დაგვიანებას ობიექტური მიზეზები გააჩნდა.
„ჩვენ დაველოდეთ, საქართველოში თუ აღიძვრებოდა საქმე, თუმცა ქართულ მართლმსაჯულებას 7 ნოემბერზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მაშინ საჩივარი ჩვენც დავწერეთ და ტელეკომპანიაც ამზადებდა საჩივარს, მაგრამ შემდეგ ტელევიზიის მფლობელის შეცვლის გამო, უკვე „იმედში“ აღარ იყო იმის სურვილი, რომ ამ პროცესისთვის ორგანიზება გაეწიათ. ჩვენმა არაორგანიზებულობამ, რაც ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობით იყო გამოწვეული, ასევე მოლოდინმაც, რომ საქართველოში აღძრულიყო საქმე, ალბათ, ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ევროსასამართლოში საქმის გაგზავნა დაგვიანდა, რადგან ევროსასამართლოს პასუხში უარის მიზეზად დაგვიანებაა მოყვანილი“, - ამბობს ჟურნალისტი.
მაინც როგორ მოხდა ისე, რომ დაირღვა ვადები, რომელთა ფარგლებშიც ევროსასამართლოში უნდა წაარდგენილიყო საჩივარი, ამასთან დაკავშირებით for.ge „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარეს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა. იურისტი განმარტავს, რომ როდესაც მან ამ საქმის წარმოება დაიწყო და ჟურნალისტებს გაესაუბრა, ისინი აცხადებდნენ, რომ ადვოკატებმა გამოკითხეს, მომზადდა საჩივარი და ამიტომ ლია მუხაშავრიამ ჩათვალა, რომ 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით ჟურნალისტებს პროკურატურაში უკვე ჰქონდათ საჩივარი შეტანილი.
„ევროსასამართლომ მოსარჩელეებს უპასუხა, რომ მათ ქართულ გამოძიებას პირველად მხოლოდ 2009 წლის ბოლოს მიმართეს. სწორედ ამიტომ არ განიხილა სტრასბურგმა ეს საქმე, რადგან ჟურნალისტებს ქართული გამოძიებისთვის მომხდარიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მიემართათ. მე ვფიქრობდი, რომ მათ უკვე ჰქონდათ მიმართული და შემდეგ უბრალოდ სისტემაში მოვიყვანე ეს მიმართვა“, - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.