პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, თუკი საკითხები მხოლოდ გამონათქვამების სიხისტეზე იქნება დამოკიდებული, ეს სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა, როდესაც პოლიტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა. ასე უპასუხა მან კითხვას იმის თაობაზე, რომ კახა კუჭავასთან შედარებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი უფრო ხისტ პოლიტიკოსად აღიქმება.
„დიდი ხანია, კახა კუჭავას აქვს გარკვეული კონცეფცია და მისი გადადგომა არ არის განპირობებული რაიმე სხვა მიზეზით. საზოგადოებისადმი პატივისცემა ან უპატივცემულობა არ გამოიხატება ამით, იმიტომ რომ არანაკლებ ღირსეული კანდიდატურა წარვადგინეთ. შალვა პაპუაშვილის გამონათქვამების არსი არ განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რაც აქვს კახა კუჭავას. შეიძლება, გამოხატვის ფორმა იყოს სხვა, მაგრამ პარლამენტის დღის წესრიგს შალვა პაპუაშვილი პროფესიონალურად მოემსახურება. თუკი საკითხები მხოლოდ გამონათქვამების სიხისტეზე იქნება დამოკიდებული, ეს სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა, როდესაც პოლიტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მის შემცვლელად მმართველი პარტია პარლამენტს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.