პრივატიზების გეგმა ვერცერთ წელს ვერ სრულდება

პრივატიზების გეგმა ვერცერთ წელს ვერ სრულდება

მთავრობას ინვესტიციების შემდეგ საპრივატიზაციო გეგმასაც ვერ ასრულებს. 270 მილიონი ლარიდან, სამი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 102 მილიონი ლარი მოაგროვა. სახარბიელო მდგომარეობა არც გაისად იქნება, გასაყიდი ობიექტების ნუსხა თანდათან მცირდება. 

 

პრემიერ-მინისტრის „რკინის ქალამნებით“ სიარულის მიუხედავად, გაისად მთავრობა პრივატიზაციიდან მხოლოდ 150 მლნ ლარს ელის. მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, წლის ბოლოს საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდება, თუმცა სამინისტრომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო გაეყიდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცა „საქართველოს ფოსტის“ შენობა, ფინანსთა სამინისტროს შენობა, გამომცემლობა „სამშობლო“.

 

ეროვნული ბანკი „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში“ აღნიშნავს, რომ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები თანდათან შემცირდება. სებ-ის ვარაუდით, პრივატიზაციის თანხები საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო აღარ იქნება. ბანკის სპეციალისტების შეფასებით, კლების ტენდენცია 2008 წლიდან შეინიშნება.

 

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი კი პრივატიზაციის პროცესის ჩავარდნას უარყოფს. მინისტრის ინფორმაციით, პრივატიზაცია არ ჩავარდა, უბრალოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის პრივატიზება მომავალი წლისთვის გადაიდო. ბაინდურაშვილის თქმით, წელს ამ ობიექტების პრივატიზაციიდან 20 მილიონი ლარის მიღება იყო შესაძლებელი, თუმცა თუ პრივატიზება 2011 წელს მოხდება, სახელმწიფო უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.

 

ბაინდურაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს „რკინის ქალამნები“ აცვია და ყოველმხრივ ცდილობს, რომ საპრივატიზაციო შემოსავალი გაიზარდოს. მიუხედავად ამისა, ბაინდურაშვილის ადასტურებს, რომ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსული თანხების მოცულობა თანდათან იკლებს, რადგან მსხვილი ობიექტების უმეტესობა უკვე გასხვისებულია და გასაყიდი ძალიან ცოტა დარჩა.

 

ამ ეტაპზე არ არსებობს იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა 2011 წელს გაასხვისებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალია კი რატომღაც ირწმუნება, რომ პრივატიზაციის გეგმა უკვე შესრულებულია.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამინისტრომ დიდი მცდელობის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი მაინც ვერ გაყიდა.  სახელმწიფო ქონების გაყიდვა, რომ არც ისე მარტივია, ამაზე ეკონომიკისა მინისტრის ბრძანებულებაც მიუთითებს, რომლის მიხედვითაც არარეალიზებული ქონების ხელახალ აუქციონზე გატანის ერთწლიანი რეჟიმი გაუქმდა. მინისტრის ბრძანებულებაში მითითებულია, რომ არარეალიზებულ ქონებას სამინისტრო თავისი შეხედულებისამებრ, იმ დროს გამოიტანს გასაყიდად, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის. დღემდე მოქმედი წესების მიხედვით, აქამდე თუ აუქციონზე ესა თუ ის ობიექტი არ გაიყიდებოდა, ის ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში რჩებოდა და ამ პერიოდში მსურველის განაცხადის შეტანის შემდეგ, სამინისტრო ობიექტს აუქციონზე ისევ გამოიტანდა.

 

ახალი წესის მიხედვით კი, გაუყიდავი ქონების ბედს უშუალოდ სამინისტრო და მინისტრი გადაწყვეტს და თავად განსაზღვრავს როდის გამოიტანოს ესა თუ ის ობიექტი ხელმეორედ საპრივატიზაციოდ. ობიექტების გასხვისება კანონით რეგულირდება და ამ წესების შეცვლისთვის მინისტრის ბრძანებულება საკმარისი არ არის, საჭიროა კანონში შევიდეს ცვლილებები.

 

წლევანდელი საპრივატიზაციო გეგმა 270 მილიონი ლარია, შარშან პრივატიზაციიდან 21 მილიონი ლარი შემოვიდა, მაშინ როდესაც გეგმა 76 მილიონ ლარს შეადგენდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად პრემიერმა ნიკა გილაურმა სწორედ საპრივატიზაციო გეგმის ჩავარდნა დაასახელა.

 

აღსანიშნავია, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტი გეგმის შესრულებაა, ხარისხი მეორე ხარისხოვანია. სამინისტროში იშვიათად თუ მოიპოვება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელიც აუქციონებში მონაწილეობან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპრივატიზაციო დეპარტამენტი ობიექტების შესყიდვის მსურველ კომპანიებს საფუძვლიანად არ ამოწმებს და მთავარი კრიტერიუმი მათ მიერ ტენდერში გადახდილი თანხაა.

 

ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის მიმართ სახელმწიფოს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მათი თქმით, ობიექტის გასხვისება სანდო კაპიტალზე უნდა მოხდეს და სამინისტრომ ხელშეკრულების მონიტორინგი უნდა აწარმოოს, რათა დარწმუნდეს, რომ ინვესტორი ვალდებულებას ასრულებს.

 

ფინანსთა მინისტრმა კი უკვე აღიარა, რომ პრივატიზაციის კუთხით, არც 2011 წელი იქნება სახარბიელო. „2011 წელი პრივატიზაციის კუთხით არც ისე მასშტაბური იქნება, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების უმეტესობა უკვე გაყიდულია“, - ამბობს ბაინდურაშვილი.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია მომავალი წლისთვის გადადო. გარდა ამისა, დარჩენილია დაახლოებით რვა ობიექტი, რომლის პრივატიზაციიდან 150 მილიონის მობილიზებას ელოდებიან.