წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების ეპიცენტრი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი გახლდათ. ჩვენებურმა ძიუდოისტებმა ევროპის პირველობაზე იასპარეზეს და სრულიად საქართველოს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყეს: სამი ოქრო, სამი მეორე ადგილი და ერთი ბრინჯაო.
ამ მაჩვენებლით ჩვენმა ნაკრებმა უკვე გაიმეორა ევროპის ჩემპიონატების ქართული რეკორდი: 1993 და 1996 წლებში სამი ჩემპიონი გვყავდა.
დღეს ბუდაპეშტში გუნდური პირველობა გაიმართება და იმედია ქართველები სამშობლოს კიდევ ერთ ოქროს აჩუქებენ.
დღეს საღამოს თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს „იბერია სტარი“ და კატალონიური „ბარსელონა“ დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფუტსალში, უეფას ანუ ჩემპიონთა თასის ტურნირის საპატიო მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და „იბერია სტარის“ ხელმძღვანელობის მიმართ ერთი კრიტიკული შენიშვნა გამოვთქვა. ტურნირის დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიელი სერჟიო ბენატი თანამდებობიდან გადააყენეს. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ის გახლდათ, რომ ბენატის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. არაოფიციალურად კი სხვა ვერსია გავრცელდა: თბილისში მომუშავე პელეს თანამემამულემ სატრანსფერო შეცდომები დაუშვა და ამის გამო ისტორიულ სამშობლოში გაამგზავრეს.
ალბათ დროა, რომ „იბერიას“ ხელმძღვანელობამ ქართულ საზოგადოებას სიმართლე არ დაუმალოს და ბრაზილიელის „გაგდების“ ნამდვილი მიზეზები გამოაცხადოს. ფაქტია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „იბერია სტარი“ შესამჩნევად დასუსტდა, გუნდის ხელმძღვანელობამ სოლიდური თანხა ჰაერს გაატანა და რამდენიმე თვის წინ ძლიერი გუნდი თბილისის ტურნირის აუტსაიდერობისთვის გაწირა.
დღევანდელი სპორტული „მიმოხილვა“ კი ქართველ ძიუდოისტებს მიეძღვნება და ტრადიციულად რამდენიმე სახალისო მოგონებას წარმოგიდგენთ.
ჩვენი პირველი სტუმარი ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გურამ პაპიტაშვილი იქნება, რომელიც ერთდროულად სამ „ისტორიას“ გაიხსენებს. ბატონი გურამის შემდეგ სიტყვას ვეტერან მოჭიდავე გივი ონაშვილს გადავცემ.
გურამ პაპიტაშვილი: „ცნობილი ქართველი ფალავანი დურმიშხან ბერუაშვილი გიგანტური აგებულების მოჭიდავე იყო. ერთხელ მინსკში შეჯიბრებაზე ყოფნისას სასტუმროში დაბრუნებულს ვიღაც მთვრალი შუააზიელები შემოელახა. რასაკვირველია, წაიყვანეს მილიციის განყოფილებაში. მეც მოვწესრიგდი და ცოტა ხანში წავედი მილიციაში, თან გზაში ვფიქრობდი, როგორ გამოვიხსნა ჩემი შეგირდი. მაგრამ თურმე ამაოდ ვიმტვრევ თავს. განყოფილებაში, ერთ-ერთ ოთახში რომ შევედი, მორიგე მილიციელს და ბერუაშვილს არაყი დაედგათ და ეს უკაასკნელი სამართალდამცველს ქართველი ფალავნების სადღეგრძელოს დალევას აძალებდა.“
„ჩემი ფალავნებიდან ყველაზე მეტად იუმორის გრძნობით ბორის გოგიჩაიშვილი და ნოდარ ექვთიმიშვილი იყვნენ დაჯილდოებულნი. ერთი ცნობილი გორელის დაკრძალვაზე ვიყავით. უკვე სასაფლაოზე ავასვენეთ და პროცესიის მიწურულია. მესმის ზუსტად ჩემს ზურგს უკან ნოდარ ექვთიმიშვილისა და გორის ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის დეკანის შოთა ასანიძის (რომელიც საკმაოდ კარგი სპეციალისტი, მაგრამ ზედმეტად მიამიტი კაცი იყო) საუბარი. მობილური ტელეფონები ახალი ხილია ჯერ:
- ბატონო შოთა, ახლა სიკვდილი აღარაფერია, მობილურს ჩააყოლებენ მიცვალებულს სასახლეში და როცა მოენატრებათ, მოიკითხავენ ხოლმე, - უხსნის ნოდარი კახური სიდინჯით მის ყოფილ ლექტორს.
ზუსტად იმ წამს რეკავს ჩემი მობილური. ისე, რომ საერთოდ არ შევიმჩნიე, მათი საუბარი თუ მესმოდა, გადავწყვიტე ნოდარისთვის „ხელი შემეწყო“ და ტელეფონზე ბატონი შოთას გასაგონად ვუპასუხე.
- გისმენ ქრისტინე, გენაცვალე, - ვითომ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ველაპარაკებოდი.
შოთა მყისიერად ჩაიკეცა. საბედნიეროდ, მალევე მოვასულიერეთ. რასაკვირველია, ირგვლივ ყველამ ჩათვალა, რომ მეცნიერს გარდაცვლილი მეგობრის გამო შეუწუხდა გული. ცოტა ხანში მან თავისი გულის შეღონება ასე ახსნა: „რა თქმა უნდა, ხუმრობას ჩვეულებრივად მივიღებდი, მაგრამ იმავე წამს პაპიტაშვილისგან მეუღლის მოკითხვას უკვე შოკისმგვრელი ეფექტი ჰქონდა და გულმაც ამიტომ კინაღამ მიმტყუნაო.“
„საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრებმა ჩემი თავკაცობისას, რამდენჯერმე გაიარა მოსამზადებელი შეკრება გორში. 60-იან წლებში გუნდში გვყავდა ვინმე ლიოვა მოსკალიოვი, ყაზახი მოჭიდავე, რომელიც ყავის უდიდესი ტრფიალი იყო. ალბათ გსმენიათ საბჭოთა კავშირის ხანაში ქართველების მოსკოვში გადაფრენის, ქეიფის და იმავე დღეს უკან დაბრუნების ისტორიები.
ჰოდა, მოსკალიოვს გორში ყავა რომ არ მოეწონა, ყოველდღე სამბორბლიან მოტოციკლეტ „იჟ“-ით თბილისში დადიოდა. ნაკრები დილით ვარჯიშს რომ მორჩებოდა, მოსკალიოვი „იჟ“-ით ქარივით მიქროდა თბილისში, რომ ყავა დაელია და საღამოს მეცადინეობისთვის მოესწრო. გორი - თბილისის ტრასაზე უკვე დაზეპირებული ჰყავდათ ვიღაც თავზეხელაღებული მოტოციკლისტი, რომელიც დედაქალაქში ყოველ შუადღეს გარბოდა რაღაც აუცილებელ საქმეზე.“
გივი ონაშვილი: „შეკრებაზე ვართ კიევში. კაცმა რომ თქვას, გაზაფხული, კიევი იქნება, თუ საგარეჯო, მაინც გაზაფხულია. გულს უხარია. ძალების მოზღვავებას ვგრძნობთ. მოჭიდავეს კი მეტი რა უნდა? კიევი უძახე და... ციკანი ვიყიდეთ ბიჭებმა. კიევში მაშინ ციკანი თითქმის კარგი ქათმის ფასად იშოვებოდა. მეტი რაღა გვინდა?
გავედით ბუნებაში და გვარიანი, ჩვენებური ჩაქაფული შევაბზრიალეთ. კარგა მოსაღამოებულზე, თალხმა რომ წამოგვარტყა, ავიშალეთ. ცნობილმა ქართველმა ფალავანმა რამაზ ხარშილაძემ ქვაბის ბუნებაში დატოვებაზე ცივი უარი განაცხადა და დარჩენილი ჩაქაფული სასტუმროში წამოიღო. რამაზმა მოჭრა წკნელები, დაგრიხა და ამ ქვაბს კალათის მაგვარად სახელური გაუკეთა.
მივადექით სასტუმროს. ავედით ნომერში.
- სად დავდგა გივი? - მეკითხება.
- ტუმბოჩკაზე დადგი... ტუმბოჩკაზე.
ტუმბოჩკა ცოტა მაღალი იყო და რამაზმა უცბად მოინდომა ხელის განთავისუფლება. ერთბაშად ამოსწია ეს ქვაბი და... გაწყდა წკნელი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო სასტუმროს ჯარიმა ოთხი თუ ხუთი ციკნის ფასი დაგვიჯდა.“
“1970-იანი წლებია. მოსკოვში ვართ შეკრებაზე. ქართველები, თანაც მოჭიდავეები, უქეიფოდ რომ ვერ მოვისვენებთ, ყველასათვის ცნობილი ამბავია. ჰოდა, ვგრიალებთ ერთ-ერთ რესტორანში. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ბიძინა მაზიაშვილიც ჩვენთანაა. ბიძინა არც ისე აქტიური მსმელი გახლდათ, ჩვენც გვიშლიდა, - „ცოტა მოუკელით კაცო, ბოლომდე ნუ შასვამთო!“. არადა, ძმაკაცის, ჩვენი თანაგუნდელის დაბადების დღეა, როგორ მოვუკლოთ! სად იყო და სად არა, სსრკ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი არ შემოდის!? ერთი კი გადმოგვხედა გამანადგურებელი თვალებით - რას სვამთ თქვე „არასპორტსმენებოო“, მაგრამ ზრდილობიანმა პიროვნებამ მეტი ვერაფერი გვაკადრა. დაჯდა ცალკე და „კატლეტი“ მოითხოვა.
ბიძინა მაზიაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ ლაგამაცლილი რაშების დაჭერა მტერმა სცადოს. ეგ კი არა, ერთმა ჩვცენმა მოჭიდავემ, ისე, რომ ბიძინას არ გაუგია, - გაქათქათებული, თეთრი სალფეთქი დაითრია ჩუმად. ბარათზე „ბიდზინა, პასილაი „6“ ბუტილოკ შამპანსკოე“ (ვითომ ის ახალი მწვრთნელი წერს). ავარდა ბიძინა. იმწუთშივე შეუკვეთა. გაფრინდა ექვსი ბოთლი შამპანური. რა უნდა ექნა იმ კაცს? დიდი მადლობა შემოგვითვალა და ჩაუღრმავდა დარჩენილ კატლეტს.
ქართველებმა ხანდახან და მით უმეტეს სმის დროს მეტისმეტი ვიცით. არ დაწყნარდა „სალფეთქზე მწერალი“ და ახალი სალფეთქით ახალი ტექსტი ჩააპოჩერკა: „ბიდზინა, ეშჩო შესტ ბუტილოკ შამპან“... ბიძინა უკვე ოლიმპზეა - კიდევ დამავალა - სულაც მთავარ მწვრთნელად მიმიწვევს ალბათო და შეუკვეთა კიდევ ექვსი. ექვსი ბოთლის დანახვაზე „კატლეტდამთავრებულ“ კაცს მხოლოდ სლოკინი აღმოხდა გაოცებისგან. ბიძინამ ეს ისე მიიღო, რომ კაცი საბოლოოდ „დავკერეო“. ის მწვრთნელი სულ თავის კვრით გავიდა რესტორნიდან. დარჩა ხელუხლებელი 12 ბოთლი შამპანური იმ მაგიდაზე. მერე ერთმა მისმა კოლეგამ ბიძინას უთხრა - შე კაი ადამიანო, ვის უგზავნიდი შამპანურებს, მაგ კაცს თავის დღეში წვეთი ალკოჰოლური არაფერი შეუსვამს და ერთხელ „პაეზდკაში“ კონიაკი რომ გაატანეს, მთელი იაპონია მოიარა და ის კონიაკი გაუხსნელად ჩამოიტანაო.
ბიძინა ციდან ძირს დაფრინდა. აცხონოს ღმერთმა. ჩვენ კი გვარიანად ვიმხიარულეთ“.