აზერბაიჯანმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა

აზერბაიჯანმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა

აზერბაიჯანმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვალერი პეკრესი არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა. საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და პროტესტის ნოტა გადასცეს.

არასასურველ პირთა სიაში შეყვანის მიზეზი ვალერი პეკრესის თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში ვიზიტი გახდა, სადაც პეკრესი სხვა ფრანგი პოლიტიკოსების თანხლებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა.

„ეს ნაბიჯი აზერბაიჯანის კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვალერი პეკრესმა, რომელიც ამჟამად ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოთქვა, 4 დეკემბერს კი შიდა პარტიულ პრაიმერიზში ხმათა 60,95% მიიღო და „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კენჭისყრის უფლება მოიპოვა.