ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე 3 ივნისს გასაყიდად გამოაქვთ ლადო გუდიაშვილის 20-იანი წლების ნაკლებად ცნობილი ფერწერული ტილო "ცდუნება", რომლის საწყისი ფასი 400 000–600 000 ფუნტია.
ჯერჯერობით უცნობია, საიდან და ვისი ხელით მოხვდა იგი „სოტბიზე“. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში გამომავალი ყოველკვირეული ქართული გაზეთი „ბრიტანეთი“ ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ კულტურის სამინისტრო შექმნის სრულ დოკუმენტაციას, გაუგზავნის ამ ყოველივეს ლონდონის „სოტბის“, „ქრისტისა“ და „მაკდუგალის“ მესვეურებს (ასევე, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ამ და სხვა სააუქციონო სახლებს, რომლებიც ამავე პრაქტიკას მისდევენ) და მოსთხოვს მათ პასუხს, რამდენად სამართლიანია მსგავსი შემთხვევები, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიიღო.
შარშან, 26 ნოემბერს ამავე სააუქციონო დარბაზში 937 000 ფუნტად გაიყიდა გუდიაშვილის "შავი ნაკადული", რომელიც დღემდე ამ მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდულ სურათად ითვლება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სასიამოვნოა ასეთ პრესტიჟულ აუქციონზე ქართველი ავტორის გამოჩენა, თუმცა დასანანია, რომ უკვე ბოლო ათი წელიწადია, გუდიაშვილი ლონდონის „სოტბისა“ და „მაკდუგალის“ აუქციონებზე რუსული ხელოვნების სახელით იყიდება.
„მნიშვნელოვანი რუსული არტი" - ასე ჰქვია მომავალ აუქციონს, სადაც, ასევე, გამოაქვთ ნატალია გონჩაროვას, ივან აივაზოვსკის, დავიდ ბურლიუკის, ნიკალაი ფეჩინის ფერწერა. მათ რუსულ წარმომავლობაზე არავინ დაობს, გუდიაშვილის ამ სიაში მოხვედრა კი გაუგებარია.
აღნიშნულის შესახებ For.ge ლადო გუდიაშვილის სიძეს, რეჟისორ გურამ მელივას დაუკავშირდა. მისი თქმით, “სოტბისთვის” ყველაფერი სულერთია, თუ ვისი სახელით გაიყიდება ცალკეული ავტორის ნამუშევარი. მეტიც, ეს არის კომერციული დაწესეულება, ამიტომ ასე მარტივად არ ხდება, რომ “სოტბის” მივწერთ წერილს და ისინი თურმე ატირდებიან.
გურამ მელივას თქმით, ჩვენი კულტურის სამინისტროს პოზიცია არაფერს ნიშნავს „სოტბისთვის“. თუმცა მთავარია, რომ ლადო გუდიაშვილი გახლდათ მხატვარი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება სიცოცხლის რისკის ფასად არჩია; მან იცოდა, რომ შეიძლება, განწირულიყო, მაგრამ მაინც დაბრუნდა სამშობლოში და მისთვის საქართველო ყველაფერს ნიშნავდა.
„თავისუფალი საქართველოდან წავიდა უცხოეთში და დაპყრობილი ქვეყანა შერჩა ხელში. არანაირი საერთო არ ჰქონდა რუსულ ხელოვნებასთან, ის დამოუკიდებელი მხატვარი იყო, დიდ პატივს სცემდა შაგალს, მთელ რიგ რუს მხატვრებს, მაგრამ თავისი გზა და თავისი სიყვარული ჰქონდა სამშობლოსადმი. საბჭოური ნომენკლატურა არ იზიდავდა, სახლში გმირობის ვარსკვლავი რომ მიუტანეს და წავიდნენ, გაოცებული, აცახცახებული გვეკითხებოდა, ამათ რა გავუკეთე, რისთვის მომიტანეს ეს ვარსკვლავი, მე ხომ მათთვის არასდროს არაფერი დამიხატავსო?! რუსეთმა ჩვენ დაგვაქცია და ესეც ამის გამოხატულებაა, რომ ინერციით საკუთარი თავი მიაჩნიათ ამ ნამუშევრების ავტორად“, - აცხადებს გურამ მელივა.
ამასთან, ლადო გუდიაშვილის აღნიშნული ფერწერული ტილოს "ცდუნების" შესახებ წარმოდგენა არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სულაც რუსული, ფრანგული ან ქართული წყაროებიდან მოხვდა ეს ნამუშევარი „სოტბიზე“.
მხატვრის სიძე არც იმას მიიჩნევს საგანგაშოდ, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს აღნიშნული ტილოს მომავალი მფლობელი, რადგან ქართველი მფლობელის ხელში ამ ტილოების პოპულარობას არაფერი ემატებოდა; როგორც წესი, შეიძენდნენ ლადო გუდიაშვილის ნამუშევარს და სახლში ჩამოჰკიდებენ ისე, რომ არავის აჩვენებენ. ამიტომ მხატვრის ბიოგრაფიისთვის, მისი პოპულარობისთვის, შესაძლოა, უკეთესიც იყოს, თუ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოში, ევროპაში გავრცელდება.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გია მარსაგიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „სოტბის“ აუქციონზე ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების საქართველოს სახელით გამოფენა ღირსების საქმეა. მისი თქმით, აუქციონზე არა მარტო გუდიაშვილის, არამედ ნიკო ფიროსმანის და გიგო გაბაშვილის ტილოებიც რუსული ხელოვნების ნიმუშების სახელით გაიყიდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ ქართველი მხატვრების ნამუშევრები, სავარაუდოდ, რუსების მიერაა წარდგენილი.
ამასთან, გია მარსაგიშვილს ეეჭვება, რომ ეს შეგნებულად დაშვებული შეცდომა იყოს, უბრალოდ, ეს ინერციით მოხდა. ამიტომ ამის გამოსწორება შეიძლება, თუკი „სოტბის“ ადმინისტრაციას წერილს მივწერთ და ვაცნობებთ ლადო გუდიაშვილის რეალური წარმომავლობის შესახებ, რაც კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.
„უცხოელებმა ლადო გუდიაშვილის გვარის შესახებ რომც არ იცოდნენ, ხელწერით, შესრულების მანერით აშკარაა, რომ ის რუსული სკოლის მიმდევარი არ არის და არავის ჰგავს. უბრალოდ, უცხოელებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ საბჭოთა სივრცეში შემავალი მხატვრები რუსეთთან არ იყვნენ დაკავშირებულნი. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი რუს მხატვრებად აცხადებენ არა მარტო საბჭოეთში მოღვაწე მხატვრებს, არამედ პოლონელ მხატვარსაც. ესეც ინერციის ბრალია. ლადო გუდიაშვილის შესახებ, ასე თუ ისე, ბევრი რამ იცის მსოფლიომ, იმ პერიოდის სხვა ქართველ მხატვრებს უფრო სჭირდებათ ამ მხრივ „დახმარება“ და მათი ქართული წარმომავლობის მსოფლიოსთვის მიწვდენა“, - აცხადებს გია მარსაგიშვილი.
ისე კი, მისთვის, როგორც ქართველისთვის, უმჯობესია, თუკი ლადო გუდიაშვილის აღნიშნული ნამუშევარი ქართველის ხელში აღმოჩნდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს აუქციონები პრესტიჟულია და ქართველი ღირსეული მხატვრის ნამუშევრის გატანა მნიშვნელოვანია.