„მცდარი შეხედულებაა, რომ ვირუსი სუსტდება, უბრალოდ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში ახალი იმუნიტეტი ხვდება და იწყება ლოიალური დაავადებებით“

„მცდარი შეხედულებაა, რომ ვირუსი სუსტდება, უბრალოდ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში ახალი იმუნიტეტი ხვდება და იწყება ლოიალური დაავადებებით“

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის ახალ სახეობას უფრო მაღალი გავრცელების უნარი აქვს, შესაბამისად, საქართველოში მისი მასობრივი გავრცელების შესაძლობა დიდია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრიესუსმა განაცხადა, „ომიკრონის“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და ვაქცინირებული ან ვირუსისაგან გამოჯანმრთელებელი ადამიანების დაინფიცირებასაც იწვევს.

„არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი ალბათობაა, რომ ვაქცინირებული ან კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები დაინფიცირდნენ ან რეინფიცირება მოხდეს“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერის, სუმია სვამინათანის განმარტებით, წინასწარი მტკიცებულებებიდან დასკვნის გაკეთება, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს „არაკეთილგონივრული“ იქნება. რიცხვების მატებასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა სისტემა დაიტვირთება“, - აღნიშნა მეცნიერმა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი შტამის მასობრივი გავრცელება მოსალოდნელია და მნიშვნელოვანია შესაძლო შედეგებს ქვეყანა მომზადებული შეხვდეს. როგორც მან For.ge-ს უთხრა, თუკი ვირუსი დასუსტდება, პანდემია დასასრულისკენ წავა.

„ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ყველგან გავრცელდა და ალბათ, ჩვენთანაც გავრცელდება. ადვილად ვრცელდება, აინფიცირებს ბავშვებს. სიმპტომები არ არის უფრი მკვეთრი და თითქოს, შედარებით მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, ეს არის თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი. დაახლოებით იგივე სიმპტომები, რაც სხვა შტამებს ჰქონდა. არის მონაცემები, რომ შედარებით იოლად მიმდინარეობს, თუმცა, ასევე გვაქვს მონაცემები, რომ ამისგან არის სიკვდილობაც.

ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებსა და ხანშიშესულ ადამაინებში ალბათ იქნება გართულებები და რაც უფრო ბევრი იქნება, მით უფრო მეტი იქნება გართულებული შემთხვევები. სიფრთხილე გვმართებს, გავააქტიუროთ დამცავი საშუალებები. როგორც წესი, ვირუსი უფრო უნდა დასუსტდეს და წავიდეს პანდემია დასასრულისკენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ასე იქნება, თუმცა, ასეთი თვითდაჯერებაც არ შეიძლება, რომელი ვირუსი რას იზამს, არავინ იცის. მაინც უნდა ვიყოთ მზად, რადგან მუტივირებადი ვირუსია, ამიტომ, ძალიან საყურადღებოა. მასიური გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს. რაოდენობრივად, როდესაც ბევრი იქნება, შეიძლება იყოს უფრო საყურადღებო და ასევე დამძიმებული პაციენტებიც გვყავდეს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ვირუსი არა თუ სუსტდება, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იმუნიტეტი ხვდება და ამით არის გამოწვეული მისი მსუბუქი კლინიკური ნიშნები. მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია, რაც ახალი შტამის მასობრივ გავრცელებას ხელს შეუწყობს.

„რაც საქართველოშია დაფიქსირებული, ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარეობს. საუბარია, რომ სუნი და ყნოსვა არ ქრება ხოლმე, ასევე არ აქვს აფეთქებადი კლინიკური ნიშნები, როგორიც სხვას. ერთადერთი განმასხვავებელი არის გადამდებლობა, ბევრად უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, - დაახლოებით 11-ჯერ უფრო სწრაფად გადაედება. არ არის გამორიცხული, რომ უფრო რთული ტალღა იყოს, რადგან ვიცით, რომ ამ შტამს საქართველოში აუცრელი ადამიანების დიდი რაოდენობა ხვდება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს აცრილთა რაოდენობის გაზრდა.

მცდარი შეხედულებაა, რომ ვირუსი სუსტდება, უბრალოდ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში ახალი იმუნიტეტი ხვდება ვირუსს და შესაბამისად, როგორიც სხვა ნებისმიერი შტამები, იწყება ლოიალური დაავადებებით. არ არის გამორიცხული, რომ გადამცემლობის აქტიურობა და კლინიკური ნიშნების დამძიმება ახასიათებდეს მას, თუმცა, თავიდან მას უჭირს იმუნურ ფენაში შესვლა. ეს შტამი სხვა ქვეყნიდან შემოვიდა და შესაძლოა, საქართველოში სხვა თვისებები შეიძინოს, მაშინ კი მისი უფრო აქტიური მოქმედება დაიწყება, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამს ნაკლებად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს. მან ასევე ისაუბრა ახალი სახეობისა და „დელტა“ შტამს შორის განსხვავებაზე, ასევე, ძირითად სიმპტომებზე.

„მესამე დოზა საკმაოდ მყარად იცავს „ომიკრონისგან.“ როგორც უცხოური წყაროებიდან ვიცით, მიმდინარეობა არის შედარებით ნაკლებად მძიმე. ყველა შტამით გამოწვეული კოვიდი, სიმპტომებით პრინციპულად დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ნიუანსებშია განსხვავება, მაგალითად „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო ჭარბობს სურდო, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და შემდეგ ყველაფერი, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირია ასეთი დაწყება. როგორც უცხოური წყაროები ამბობენ, ამ შტამს ნაკლებად ახასიათებს გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, ნაკლებად ახასიათებს ტკივილი მთელ სხეულში, რაც ახასიათებდა „დელტა“ შტამს და შედარებით ნაკლებია ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერავინ გადაწყვეტს, ეს „დელტა“ შტამია თუ „ომიკრონი“. ეს მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება დადგინდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.