ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია ქუჩაში გავიდა. სოხუმის ცენტრში შეკრებილები უსაფრთხოების ძალებმა სპეციალური საშუალებებით - საკვამლე ხელყუმბარებით დაშალეს. აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები შეეცადნენ „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას. დღის განმავლობაში პერიოდულად ისმოდა სროლის ხმაც.
აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებმა შენობებზე ჩამოკიდეს ლოზუნგები: „აფხაზეთის გაყიდვას არ დავუშვებთ“, „რა გააკეთეთ სამშობლოსთვის?“, „ხალხს თქვენი არ ჯერა, ხალხი ტყუილით დაიღალა“, „ბოდიში მოიხადე და წადი“, „მოგვეცით დენი და წყალი“. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ასლან ბჟანიას ქმედების გამო, რომელმაც მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
სოხუმში მიმდინარე მოვლენებს წინ უსწრებდა ორი აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას და დავით ხაჯინბას გადაწყვეტილება. ახალგაზრდა ბლოგერები თბილისში საცხოვრებლად ჩამოვიდნენ. როგორც დაურ ბუავა აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ მათი აქ ყოფნა და საქმიანობა აფხაზეთში ბევრს არ მოსწონს და ამას ეუბნებიან საჯაროდ, ბევრია ისეთიც, ვინც მისი თქმით, პირადად წერს აფხაზეთიდან და მხარდაჭერას გამოხატავს. რა ხდება აფხაზეთში და რა გავლენას მოხდენს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით აფხაზი ბლოგერების გადაწყვეტილება? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდება, ოპოზიცია ხელისუფლების გადადგომას ქუჩიდან ითხოვს. ვითარება რთულია, როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია მიაღწევს შედეგს და გადადგება მთავრობა?
პაატა ზაქარეიშვილი: ნამდვილად, ვითარება მძიმეა. ეს პროცესები დაიწყო 30 სექტემბრს, როდესაც ე.წ. შსს-ს წარმომადგენლებმა სცემეს ვეტერანები, ამის შემდეგ დაიწყო დაძაბულობა. ამას დაემატა ენერგეტიკული კრიზისი. ვითარება იმდენად რთულია, რომ ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამასობაში მოდის არჩევნები. 12 მარტს დაინიშნა არჩევნები და როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს არჩევნები. იციან, რომ არჩევნებით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ცდილობენ ასეთი მეთოდებით თავის გატანას, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილში არ არის პოპულარული.
ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა სიღატაკესა და კორუფციაში, ამ მოტივით ითხოვენ მთავრობის გადადგომას...
- კორუფციაც არის და ძლიერი სიღარიბეც. ნამდვილად, ხალხი არ არის კმაყოფილი, მაგრამ იციან, რომ შეჭრებით და რევოლუციებით არაფერი შეიცვლება, მით უმეტეს, რომ მოდის არჩევნები. ამიტომ, თუ არ იქნება რუსეთის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არც მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს ქუჩის აქციებს. პროცესები, რომელიც ახლა სოხუმში ვითარება, რუსეთის მიერ ორგანიზებული არ არის, რადგან რუსეთი ელოდება არჩევნებს. მას ურჩევნია არჩევნებით მართოს პროცესები, ვიდრე ასეთი ველური მეთოდებით. ამიტომ ირჩევს ოპოზიციის ეს ნაწილი ქუჩის აქციებს, რომ რუსეთი დააყენოს ფაქტის წინაშე - აი, ასეთი ფორმით მოდიან ხელისუფლებაში. რუსეთი კი, როგორც წესი, მხარს უჭერს იმას, ვისაც ძალა აქვს. ასე რომ, ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები აფხაზეთში.
რაც შეეხება აფხაზი ბლოგერების გადაწყვეტილებას. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, ამ ახალგაზრდების გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს. აფხაზი ბლოგერები ამბობენ, რომ მათი მიზანია გააგონონ მეგობრებს, რომ საქართველო აფხაზებს მტრებად არ აღიქვამს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა მათთვის. გასაგებია, რომ ეს ფრაზები კარგია, ლამაზია, მაგრამ ამ ლამაზი ფრაზების უკან რეალურად რა შეიძლება იდგეს?
- საერთოდ, ამ ბლოგერების საქმე არ არის კონფლიქტის დარეგულირება. ეს ახალგაზრდები სიტუაციას ვერ შეცვლიან, მაგრამ აჩვენებენ აფხაზ ახალგაზრდებში არსებულ განწყობას. იმიტომ, რომ ესენი არ არიან გამონაკლისები, რომლებიც ახდენენ ქართველებთან ურთიერთობის გადაფასებას.
რამდენად მასიურია ახალგაზრდებში ასეთი განწყობა?
- მასობრივი თუ არა, ერთჯერადიც არაა. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებმა დაიწყეს გადაფასება. პირველი პრეცედენტი იყო როდესაც სუპერთასი ტარდებოდა თბილიში, მაშინ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩამოვიდა, მაგრამ როცა დაბრუნდნენ აფხაზეთში, არ დაიმალნენ. აფხაზურ საზოგადოებაში ვიღაცებმა გაამტყუნეს, მაგრამ ამ ახალგაზრდებმა თავი დაიცვეს. მეტიც, სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნეს. 30 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ ახალგაზრდები თავს იცავენ. ისინი უფროსებს ეუბნებიან, რომ თქვენ ომში მონაწილეობდით და თქვენი განწყობა გაქვთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. ცხოვრება გვინდა, რადგან ცხოვრება გვიყვარს. ამიტომ, თუ საჭიროა საქართველოში ჩავალთ და ამაში არავითარი პრობლემა არ არის, რადგან ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ჩასვლის კომპლექსი. დაახლოებით ასეთი თანამედროვე მესიჯი გაუგზავნეს ახალგაზრდებმა აფხაზ საზოგადოებას.
ეს იმდენად საქართველოზე არ მეტყველებს, როგორც აფხაზეთში არსებულ კონსერვატიული ჩამყაყებულ სიტუაციაზე. ახალგაზრდებს სული ეხუთებათ აფხაზეთში, ვერ გრძნობენ განვითარებას, ხედავენ დაძაბულობას და უნდათ იქიდან გამოსვლა - ან რუსეთში, ან საქართველოში. ეს ორი ქვეყანაა, სადაც მათ პრობლემის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება. საქართველო მათ ელოდება, გარკვეულ პირობებს უქმნის, თავის მოქალაქედ თვლის, რუსეთში კი პირიქით. გასაგებია, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ, მაგრამ რუსეთში ირღვევა ადამიანის უფლებები, იქ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს დევნიან. საკმარისია, რაღაცა თანხა მიიღო უცხოეთიდან, გამოგაცხადებენ უცხო ქვეყნის აგენტად. საქართველოში ესენი ხედავენ მეტ თავისუფლებას. ურჩევნიათ თავის სამშობლოში ცხოვრება, ვიდრე რუსეთში, მათ „მფარველ“ სახელმწიფოში.
არჩევანი ნამდვილად მწირია, მიდიან იქ, სადაც ელოდებიან...
- გეთანხმებით, რადგან საქართველოში აფხაზების მიმართ მტრული დამოკიდებულება არ აქვთ. მტრული დამოკიდებულება შეიძლება იყოს აფხაზური პოლიტიკის მიმართ, ზოგიერთი აფხაზი ლიდერის მიმართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აფხაზი ხალხის მიმართ. ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი პატივისცემაა აფხაზეთიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ. ამას ისინიც ხედავენ და ნამდვილად კარგი მომენტია.
კარგი მომენტია, მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლის თვალსაზრისით, რა პერსპექტივა აქვს, ჩვენ ხომ შედეგი გვინდა?
- პერსპექტივა ექნება თუ იქნება დემოკრატია.
2009 წელს 11 აფხაზი ოჯახი ჩამოიყვანეს საქართველოში. მათ გადასცეს ბინები, მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, დაასაქმეს აფხაზეთის ა-რ სტრუქტურებში, მაგრამ შედეგი რა იყო - არავითარი...
- კი ბატონო, გეთანხმებით. შედეგი არ იყო იმიტომ, რომ ეს ხელოვნურად იყო გაკეთებული. უნდა ავყვეთ ბუნებრივ ინსტიქტებს. თუ ეს ადამიანები თავისი ნებით ჩამოვიდნენ ისე, რომ ამაში ფული არავის არ გადაუხდია, ეს არის ბრწყინვალე. თუ ვიღაცამ ფული გადაუხადა იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, ასეთ შემთხვევაში იგივე შედეგი დადგება, რა შედეგიც დადგა, როდესაც ლილოში აფხაზებს აუშენეს ფართები. ეს ხალხი ჯერ გაეყარნენ თავის ცოლებს აფხაზეთში, აქ დაქორწინდნენ, მერე აქ გაეყარნენ, ბინები გაყიდეს და ეს ფულები თავის პირველ ცოლებს წაუღეს უკან აფხაზეთში. აი, ეს მოხდა.
პიარკამპანია იყო, რომელიც აფხაზებმა კარგად გამოიყენეს. ვიღაცებს უნდოდათ ქულების ჩაწერა, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ხელოვნური იყო. რაც შეეხება ამ ახალგაზრდებს, იმედი მაქვს, რომ გულწრფელები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც უკვე მოხდა ლილოში დასახლებული აფხაზების შემთხვევაში. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ეს ახალგაზრდები გულწრფელები არიან, ხედავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მათ უნდათ, რომ იყვნენ ბედნიერი ახალგაზრდები და ხედავენ, რომ ამის შანსი არის საქართველოში.
ხელოვნურად ჩამოყვანილებმა შედეგი ვერ დადეს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საკუთარი სურვილით ჩამოსული ორი ახალგაზრდა მოიყვანს გაზაფხულს?
- არა, მაგრამ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში არის განწყობა, რომ აუცილებელია ურთიერთობა და ამის ტენდენციას აჩვენებს ეს ორი ახალგაზრდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ გამოიყენოს ხელისუფლებამ, მაგრამ უნდა იყოს შეტყობინება ხელისუფლებისთვის, რომ ახალგაზრდებს მოსწონთ თავისუფალი საქართველო. ამიტომ, მეტად დემოკრატიული უნდა გახდეს საქართველო.
თუ ვიქნებით მეტად დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენც გამოგვადგება, აფხაზებსაც და ოსებსაც. თუ ვიქნებით ავტორიტარული სახელმწიფო, ვერ მივიღებთ შედეგს. ასეთი ქვეყანა რუსეთიც არის, ჩვენ ვერ ვაჯობებთ რუსეთს ავტორიტარიზმში. ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისწავლოს ამ ახალგაზრების მოტივაცია, რა მოსწონთ საქართველოში. თუ დავინახავთ, რომ მათ დამოუკიდებელი, თავისუფალი და თანასწორი საქართველო მოსწონთ, მაშინ უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით მუშაობა. სამუშაო ბევრია. კიდევ ერთხელ, როგორც კი მოხდება ხელოვნურად ჩარევა, მივიღებთ იგივე შედეგს, როდესაც რამოდენიმე ოჯახი ჩამოიყვანეს და დაასახლეს ლილოს დასახლებაში.
ფიქრობთ, რომ ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომა?
- რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მთხოვდნენ მივსულვიყავი და მივსალმებოდი იმ სიტუაციას, არც ერთხელ არ მივსულვარ, რომ ამ ხელოვნულური პროექტისადმი პატივისცემის დემონსტრირება არ მომეხდინა. ეს იყო ჰაერში გასროლილი ფული. მშვენიერი იქნება, თუ ამით დაინტერესდება გამოძიება. აშკარად, ძალიან სერიოზული კორუფციული სქემა იყო.