ვეტერანები სოსო მანჯავიძეს უჭერენ მხარს

ვეტერანები სოსო მანჯავიძეს უჭერენ მხარს

ვეტერანები პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, სოსო მანჯავიძეს უცხადებენ მხარდაჭერას. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. ისინი ვეტერანთა გარკვეული ჯგუფის პოზიციას გამოხატავენ და დანარჩენ ვეტერანებსაც სოსო მანჯავიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ედუარდ ლაგვილავა აცხადებს, რომ დღეს ვეტერანებს შეუძლიათ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მათთვის სასურველი არჩევანი გააკეთონ.

„მოგეხსენებათ, წინა პარლამენტში ვეტერანების პატრონი არავინ იყო და სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. ყველამ იცის, რა პირობებში გვიწევდა ვეტერანებს ცხოვრება, სხვადასხვა მძაფრი სიუჟეტებიც გვიხილავს, მაგალითად, როგორ არბევდნენ ვეტერანთა აქციას და ა.შ. დღეს ხელისუფლება შეიცვალა და ვეტერანთა მიმართ დამოკიდებულებაც შეცვლილია“, - აცხადებს ედუარდ ლაგვილავა.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. ლაგვილავას თქმით, სოსო მანჯავიძე ვეტერანებს ყოველთვის მხარში ედგა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ „კინოს სახლში“ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრი გამოეთქვათ. ლაგვილავა ამბობს, რომ მართალია სხვა კანდიდატებიც საუბრობენ ხოლმე ვეტერანების პრობლემებზე, მაგრამ ამ შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის რაიონში მაცხოვრებელი ვეტერანები სოსო მანჯავიძეს დაუჭერენ მხარს.

ედუარდ ლაგვილავას განცხადებით, გასული წლის დეკემბერში „ჭადრაკის სასახლეში“ ვეტერანებმა ჩაატარეს შეკრება, სადაც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანებული მოძრაობა ჩამოყალიბდა. აქვე ლაგვილავა იმასაც იხსენებს, რომ ამ შეკრებაზე თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანიაც იყო, რომელმაც თქვა, რომ ეს წელი ვეტერანების წელია. ამიტომ ვეტერანები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მართლაც ასე იქნება. ედუარდ ლაგვილავას თქმით, ძალოვანი ვეტერანების საპენსიო უზრუნველყოფის თვალსაზრისით გარკვეული ძვრები არის, მაგრამ ვეტერანები უფრო მეტსაც ელიან.

„წინასაარჩევნო პერიოდში თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ ძალოვან ვეტერანებში ძალიან დიდი უთანასწორობაა. კერძოდ, ერთი და იგივე დამსახურების და წოდების ვეტერანები სულ სხვადასხვა სახის პენსიებს ღებულობდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც რიგითი მეტ პენსიას იღებდა, ვიდრე დამსახურებული ვეტერანი. ეს კანონი ნაწილობრივ გამოსწორდა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში ახალი ადამიანების მოსვლის შედეგად ეს უთანასწორობა მთლიანად აღმოიფხვრება და ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვეტერანთა საკითხებზე იმუშავებენ“, - ამბობს ვეტერანი.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, თენგიზ ბოკერია აცხადებს, რომ არჩევანი ყველას თავისუფალი აქვს, მაგრამ ვეტერანებს სოსო მანჯავიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ვეტერანთა ბოლო შეკრებაზე თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ალასანიამ ბრძანა, რომ ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ყურადღებას აქცევს ის საკუთარ ვეტერანებს, რადგან ეს არის ხალხი, რომელმაც თავის დროზე ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეაგდო სასწორზე და წავიდა ტყვიაზე. დრო მოვიდა, რომ ვეტერანები სათანადოდ დაფასდნენ“, - აღნიშნავს ბოკერია.

მისი თქმით, ვეტერანები მხარს უჭერენ სოსო მანჯავიძეს, რადგან მისგან გრძნობენ მხარდაჭერას და ეს არის ადამიანი, რომელსაც ვეტერანების პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს. ამიტომ თენგიზ ბოკერია მიიჩნევს, რომ სოსო მანჯავიძე პარლამენტში ვეტერანების ხმა იქნება, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს.

აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის წევრი, ნაური ჯიქია ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის თუ პოლიტიკოსის წინასაარჩევნო პროგრამა კარგია, მაგრამ მთავარია, ვინც დგას ამ პროგრამის უკან. ჯიქია სოსო მანჯავიძეში ხედავს იმ ადამიანს, რომელიც პარლამენტში ვეტერანების ინტერესებს დაიცავს.

„ეს იქნება დეპუტატი, რომელთანაც ყველა ვეტერანს მიესვლება და ის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფრით დაეხმარება ვეტერანებს. როდესაც იგი „წინააღმდეგობის მოძრაობაში“ იყო, მასთან არაერთი ვეტერანი მისულა და ბატონი სოსო მათ ყოველთვის ეხმარებოდა, რითიც შეეძლო. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი, ვეტერანების მეგობარი. ახლა პარლამენტში არ მეგულება ისეთი ხალხი, რომლებიც ჩვენს ინტერესებს დაიცავენ, სოსო მანჯავიძე კი სწორედ ასეთი ადამიანია“, - აღნიშნავს ვეტერანი.