ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტაივანი მოხეტიალეა, რომელიც ადრე თუ გვიან სახლში დაბრუნდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტაივანი მოხეტიალეა, რომელიც ადრე თუ გვიან სახლში დაბრუნდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ტაივანი მოხეტიალეა, რომელიც ადრე თუ გვიან სახლში დაბრუნდება.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ვან ის განცხადებით, ამჟამინდელი დაძაბულობის მიზეზი ტაივანის მთავრობის მცდელობებია, დამოუკიდებლობის საკითხში შეერთებულ შტატებს დაეყრდნოს, ხოლო შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ტაივანის ჩინეთის გასაკონტროლებლად გამოყენებას ცდილობენ.

„სწორედ ამ მანკიერმა ქმედებებმა სტატუს-კვო შეცვალა და ტაივანის სრუტეში მშვიდობა შეარყია, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის კონსენსუსსა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს არღვევს. ტაივანი მოხეტიალეა, რომელიც ადრე თუ გვიან სახლში დაბრუნდება. ტაივანი არ არის ჭადრაკის ფიგურა, რომელსაც სხვები გამოიყენებენ. ჩინეთი უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება კიდევაც“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.

10 ნოემბერს, ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

28 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს.