საქართველოსთვის 2021 წელი პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა. ქართველმა ამომრჩეველმა თვითმმართველობის არჩევნებზე მერები და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები აირჩია. არჩევნების წინა დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება აღმოჩნდა, რომელიც ქვეყანაში არაჟნებით სავსე ტრაილერით შემოვიდა. თუმცა, იქამდე იყო პოლიტიკური „გაბუტვები“, შერიგება კი ევროპელმა ლიდერებმა და ელჩებმა ითავეს, საბოლოოდ კი შერიგებას ბეჭედი ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტმა დასვა.
წლის ბოლოა და for.ge-მ პოლიტიკური წელი ანალიტიკოსებს შეაფასებინა. შეფასებები საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად, განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური წლის შეფასებისას, ჩვენს მიერ ჩაწერილ ანალიტიკოსებს, ექს-პრეზიდენტის დაკავება არ უხსენებიათ.
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია 2021 წლის პოლიტიკური მოვლენებიდან ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტსა და რევანშზე ამახვილებს.
„2021 წელს ერთი უბრალო მიზეზის გამო, პოლიტიკურად უმძიმეს წლად შევაფასებდი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო. ყველაფერი გააკეთა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი წარდგენა პრობლემატური ყოფილიყო. ყველაფერი გააკეთა თავისი ბელადი შემოპარულიყო და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა ეჯანჯღარებინა. „ნაცმოძრაობის“ წევრები პარლამენტში და საკრებულოებში შევიდნენ, მაგრამ პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მობილიზებულნი არიან დესტრუქციისადმი.
„ქართული ოცნებას“ რაც შეეხება, პანდემიისა და პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მან შეძლო და ეკონომიკური ზრდა დაიჭირა. დაიჭირა ის ზრდა, რომელმაც ბოლომდე არ ჩამოგვშალა. ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკის დამსახურებაა და ამას მივესალმები. მან სიტუაცია საკმაოდ კარგად შეაფასა და ეკონომიკური ცვლილებები სწორად განახორციელა.
ამასთანავე სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯიც უნდა შეფასდეს ისტორიაში შესატან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯად. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იყვნენ წარმოდგენილნი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნელ-ნელა (არა „ნაციონალური მოძრაობა“) მეორე მხარე და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის განვითარებაზე იფიქრონ. თუნდაც, სიტყვა შერიგება ჰაერიდან არ არის წარმოშობილი და ამაზე რომ იფიქრონ, ისევ და ისევ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.
ამასთანავე დიდი იმედი მაქვს, რომ 2022 წელს ის დაწყებული საქმეები, ღმერთმა ქნას, არ გაჩერდეს და დესტრუქციას არ მიმართონ სხვა მხარეებმა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მომავალ წელს, წესით, უნდა იყოს ძალიან ბევრი რეფორმისა და გარდატეხის წელი. რა თქა უნდა, ამასთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ დაფიქრდებიან და მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის გავითარებაში, მაშინ ერთიანობაში შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო“, - გვითხრა ირაკლი ლატარიამ.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ 2021 წელი ქართული პოლიტიკისთვის 2020 წლის მოვლენების გაგრძელება იყო. ალაფიშვილი, ისე, როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ გუნდს აკრიტიკებს და მნიშვნელოვანწილად ქართულ პოლიტიკაში საერთაშორისო პარტნიორების ჩარევას გამოყოფს.
„პოლიტიკურად 2021 წელი 2020 წლის გაგრძელება იყო. სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს 2020 წლის გაჯანსაღებულიყო პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი ნაკლებად დაძაბულად და მეტად დემოკრატიულ ფორმატში წარემართათ, გააგრძელეს პოლიტიკური ცხოვრება ისე, როგორც 2020 წელი დაიწყეს. დაიწყეს მძიმე დაპირისპირებით, შესაბამისად, საზოგადოება უფრო მეტად დაყოფილია. ამ ყველაფერს უკვე სახიფათო კონტურები აქვს არა მხოლოდ კონკრეტული ერთი პოლიტიკური პროცესის ჭრილში, არამედ, ზოგადად, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით.
ასევე, 2021 წელს მნიშვნელოვანი ფაქტები იყო ჩვენი სტრატეგილი პარტნიორების ჩართულობა, რომელიც ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებით დასრულდა. ჩემთვის ეს იყოს ერთი მხრივ ძალიან სამწუხარო ფაქტი იმ მხრივ, რომ შინგნით ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჯიუტი თხებივით ვერ იპოვეს საკუთარ თავში იმის ძალა, რომ დამსხდარიყვნენ და კომპრომისი ეძებნათ. ამის ნაცვლად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ამ ფორმით ჩართვა მოუწიათ. მეორე - ეს წელი იმ მხრივ იყო მნიშვნელოვანი, რომ რეალურად, ჩვენმა პარტნიორებმა ღია გზავნილით გვითხრეს - თქვენი დემოკრატია, თქვენივე გადასარჩენიაო. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში ღიად გაისმა კრიტიკა. ასევე საერთაშორისო პარტნიორები კრიტიკულები იყვნენ სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართ. რაც მთავარია, ამ პროცესების მიმართ დამოკიდებულება იყო მნიშვნელოვანი მმართველი პოლიტიკური ძალისგან. მათ თავხედობა გამოიჩინეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს საჯაროდ შემოულაწუნა და თავზე გადაახია ის ძალისხმევა, რაც ევროკავშირმა საქართველოს მიმართ გაწია. მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება“, - განუცხადა ლევან ალაფიშვილმა for.ge-ს.
ექსპერტი ვაჟა ბერიძისთვის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ეკონომიკას უკავშირდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართული ეკონომიკა დაღმავლობას განიცდის. ასევე ის თვლის, რომ თუ აშშ-ს როლი კავკასიაში შემცირდება, მაშინ რუსეთის გავლენები გაიზრდება.
„2021 წელს მნიშვნელოვანი არაფერი მოხმდარა. მთავარი მოთამაშეები სტატუს ინარჩუნებენ. არაერთხელ მითქვამს და მათ შორის for.ge-თან ინტერვიუშიც, რომ ივანიშვილის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიუღებელია. წაუგებელ თამაშს თამაშობს. ეს ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ მისი მოწინააღმდეგე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, რაც ქართველთა უმეტესობისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, ამ ვითარებას შეცვლის პირი არ უჩანს, რადგან სხვა მოთამაშეები ძალიან სუსტები არიან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მესამე ძალა არ გამოჩნდება.
ასევე მთავარი რაც არის - ჩვენი ეკონომიკა პანდემიის გათვალისწინებით სავალალო მდგომარეობაშია. ოფიციალური ციფრების მონაცემებით თითქოს და სავალალო მდგომარეობა არ არის, თუმცა, ჩვენს ეკონომიკაში ვითარება ძალიან რთულად არის. ასე რომ, მთავარი, რაც წელს იყო და მომავალშიც იქნება, ეს არის ეკონომიკის აღორძინება, რომელიც თუ მოხერხდა, მაშინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სუვერენიტეტის მთავარ ნიშას შეინარჩუნებს. თუ არ მოხერხდა, მაშინ ჩვენ თურქეთის ეკონომიკის ნაწილი გავხდებით, რომელსაც თავის მხრივ სერიოზული პრლბლემა აქვს - ლირა გაუფასურებულია. ან, რუსეთზე გავხდებით დამოკიდებული. რას ვგულისხმობ, კავკასიაში აშშ-ს როლის შემცირების პირობებში, რუსეთი გავლენის სერიოზულ გაფართოვებას მოახდენს. ისედაც კავკასიაში რუსეთის როლი საკმაოდ გაზრდილია. ამ ფაქტს სერიოზული ყურადრების მიქცევა უნდა“, - გვითხრა ვაჟა ბერიძემ.