გამოკითხვის დედნები პრემიერ-მინისტრს გადაეცემა

გამოკითხვის დედნები პრემიერ-მინისტრს გადაეცემა

მომდევნო კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს იმ გამოკითხვის შედეგების დედნებს გადასცემენ, რომელიც 25 მარტს, მედია-კავშირ „ობიექტივთან“ ერთად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა და ეხება თურქეთთან პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, ბათუმში მეჩეთის აშენებას. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზაციის წარმომადგენელს, არჩილ ლეკიშვილს ბათუმში ტელეფონით ვესაუბრეთ. მისი განმარტებით, გამოკითხვაში 500-მდე მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ:

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, აჭარის მეწარმეთა კავშირის, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის, ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიური კოლეჯის, ბათუმის ელიტარული სკოლის, კოლეჯის „ეტალონი ბათუმში“, მოსახლეობის ინტერესთა დამცველი კავშირის „ბარცხანელი“, ნავიგაციის ინსტიტუტის, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის, ქართულ-აფხაზური მეგობრობის საზოგადოების „ძმობა“, ქართული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები და მათთან ერთად ის ბათუმელები, რომლებიც, არც ერთ ორგანიზაციაში არ არიან გაერთიანებულნი.

გამოკითხვის დეტალებზე for.ge შეხვდა და ესაუბრა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარეს, დავით თარხან-მოურავს.

რამდენი ადამიანი გამოკითხეთ და როგორი შედეგი მიიღეთ?

დავით თარხან-მოურავი: 59 164 ბათუმელი გამოვკითხეთ. მათგან 55 773, ანუ 94,26% ახალი მეჩეთის აშენების წინააღმდეგია. 1 359 ადამიანი მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს. 1 503 ბათუმში მოქმედი მეჩეთის გაფართოებას ემხრობა. 529 ადამიანი მხარს არ უჭერს ახალი მეჩეთის აშენებას 2010 წლამდე დადგენილ საზღვრებში, მაგრამ წინააღმდეგი არ არის ახალი მეჩეთი ამ საზღვრებს გარეთ აშენდეს.

რამდენი ამომრჩეველია ბათუმში, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მონაცემებით?

- არც 2008 წელს, არც 2010 და არც 2012-ში ჩატარებულ არჩევნებზე იმდენი ადამიანი არ მისულა, რამდენიც ჩვენ გამოვკითხეთ. ამომრჩეველთა შესახებ „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები ყალბი იყო. მოგეხსენებათ რომ 2010-ში ბათუმს მიუერთეს ხელვაჩაურის ნაწილი, სარფი და ასე შემდეგ. აი, ამ გადიდებულ ბათუმში 138 000 ამომრჩეველიაო, გვეუბნებიან, რაც სიცრუეა. 2010 წლის შემდეგ დადგენილი საზღვრების მიხედვით ბათუმის ამომრჩევლის რეალური რიცხვი არის 80-90 000. რაც შეეხება ძველი ბათუმის ამომრჩეველთა რაოდენობას, რეალური მონაცემი 50-60 000-ია.

60 000 გამოკითხული კაცი აბსოლუტური შედეგია. ვისაც ოდნავ მაინც ესმის ეს საქმე, დამეთანხმება, რომ მეტის გამოკითხვას აზრი აღარ აქვს, მაშინ, როცა ამომრჩეველთა რაოდენობა არის დაახლოებით 80 000.

ამ გამოკითხვის შედეგმა დაადასტურა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება, არც ჩვენს მაჰმადიან ძმებს უნდათ. ყველამ და, მათ შორის, ქართველმა მაჰმადიანებმა იციან, რომ ღმერთზე, რელიგიაზე და სალოცავზე კი არ მიდის მსჯელობა, რეალურად, უზარმაზარი სადაზვერვო დასაპყრობი პლაცდარმის აშენებას ცდილობენ, რასაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე აღარ მალავს. ორი კვირის წინ დავუთოღლუ თუ ამბობდა ოსმალეთის იმპერია უნდა ავაშენოო, ახლა უკვე ამბობს თურქეთი ზესახელმწიფო უნდა გახდესო. ბეჭდავენ რუკებს, რომელშიც აჭარა შედის. ბათუმში უნდათ მეჩეთი, რომელიც რეალურად სადაზვერვო სკოლა იქნება, სადაც თურქეთის მეხოტბე მაჰმადიან ფუნდამენტალისტებს და ნეოოსმანური იმპერიის თანამებრძოლებს გაზრდიან. ეს ყველას ესმის.

რას უპირებთ გამოკითხვის შედეგებს?

- დედნებს (რომელშიც წარმოდგენილია გამოკითხულთა ვინაობა, მისამართი, პირადობის მოწმობაში არსებული ნომერი) ავკინძავთ, ყდას გავუკეთებთ და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მივაწვდით. მანამდე, ორიგინალებს დავასკანერებთ და ასე დაბეჭდილს გადავუგზავნით: საპატრიარქოს, სამინისტროებს, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმსარულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, სააკაშვილის ადმინისტრაციას, საინფორმაციო სააგენტოებს, გაზეთებს, ტელევიზიებს, ინტერნეტგამოცემებს.

დასაშვებად მიგაჩნიათ, ხელისუფლებამ გამოკითხვის შედეგი, რომ არაფრად ჩააგდოს?

- შეუძლებელია 60 000 კაცის აზრზე არ ჰქონდეთ რეაქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ხალხის მხარდამჭერი იქნება.

თქვენი აზრით, საბოლოოდ როგორ შედეგს მივიღებთ?

- ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძველი მეჩეთის გაფართოებაზე შეთანხმდება. რამდენადაც ვიცი, ანალოგიური პოზიცია აქვს საპატრიარქოს. ჩემი აზრით, არსებული მეჩეთის გაფართოებით პრობლემა ყველასთვის ამოიწურება და ამაზე დავა-კამათს წერტილი დაესმება.