ილიას უნივერისტეტის პროფესორი, პაატა ჩხეიძე ფიქრობს, რომ ევროპელ მონარქებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, ისინი გამოხატავენ სახელმწიფოს წარსულს, აწმყოს და მომავალს, მის ისტორიასა და ტრადიციას, ხოლო პოლიტიკური კრიზისის დროს გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მისი თქმით, მონარქის ინსტიტუტის აღდგენა სამართლებრივად ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, ხოლო პოლიტიკურად ერის გამაერთიანებელი ფაქტორი უნდა გახდეს.
for.ge პაატა ჩხეიძეს ესაუბრა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის, აუცილებელია მონარქიის აღდგენა. რამდენად იზიარებთ ამ განწყობას და რა იცვლება, თუკი საქართველოში აღსდგება მონარქის ინსტიტუტი?
პაატა ჩხეიძე: სხვაგარად არაფერი გამოვა. სხვაგვარად, საქართველოს კონსტიტუცია დარჩება მხოლოდ მეოცე საუკუნის პროდუქტად და კავშირს ვერ აღადგენს საქართველოს მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობასთან. თუკი ვაცნობეირებთ, რომ საქართველო ძველთაძველი სახელმწიფოა, მაშასადამე მისი კონსტიტუციაც ძველთაძველია. თუ იმასაც ვიტყვით, რომ რუსეთმა 1801 წელს ძალადობრივად გააუქმა საქართველოს სამეფო, ისიც უნდა დავამატოთ, რომ სამართლიანობა და სამართალი მოითხოვს, აღსდგეს საქართველოს სამეფო, ოღონდ სახეცვლილი და თანამედროვე პირობებს შეხამებული. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ჩვენი კონსტიტუცია ნაკლულოვანი იქნება და არა სამართალზე დაფუძნებული, არამედ მიზანშეწონილობაზე ორიენტირებული, რაც განმსჭვალავს ჩვენს დღევანდელსა და მომავალ, სამრთლებრივ- პოლიტიკურ ყოფას.
თუკი ჩვენ ვისაუბრებთ მონარქის ინსტიტუტის აღდგენის აუცილებლობაზე, ასეთ შემთხვევაში მმართველობის როგორი მოდელი შეიძლება იყოს ეფექტური?
- რა თქმა უნდა, კონსტიტუციური, საპარლამენტო მონარქია! ამაზე 1990 წელს წერდა ოთარ ჩხეიძე, სამწუხაროდ, ყური არ უგდეს ძლიერთა ამაქვეყნისათა თუ იმაქვეყნისათა. ასეთ სახელმწიფო მოწყობით მრავალი პრობლემის არიდებას შევძლებდით. შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა ძმათა შორის დაპირისპირება, სისხლიანი გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტები და ტერიტორიების დაკარგვაც.
რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია აღდგეს ისტორიული ტრადიცია და ასე გააგრძელოს საქართველოს სახელმწიფომ არსებობა, მაგრამ გაჟღერდა ასეთი მოსაზრებაც, რომ ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ექნება მხოლოდ. სამართლებრივ პოლიტიკურ ასპექტში რას ნიშნავს მონარქიის აღდგენა?
- განა სიმბოლური დატვირთვა ცოტას ნიშნავს?! სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს წარსულსა და დღევანდელობაში. ეს კარგად იციან ევროპელმა პოლიტიკურმა მოაზროვნეებმა და პოლიტიკოსებმა და მოხერხებულად იყენებენ კიდეც. ევროპელ მონარქებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, ისინი გამოხატავენ სახელმწიფოს წარსულს აწმყოს და მომავალს, მის ისტორიასა და ტრადიციას, მაგალითს უჩვენებენ ქვეყნის მოქალაქეებს, ყველაზე დაწინაურებული ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნი არიან და პოლიტიკური კრიზისის დროს გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სამართლებრივად, როგორც აღვნიშნე, ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. პოლიტიკურად კი ერის გამაერთიანებელი ფაქტორი უნდა გახდეს.
როგორ ფიქრობთ, რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მონარქიის ინსტიტუტის აღდგენა და დღეს, ამისთვის არის მზად ქართული საზოგადოება?
- რისკის გარეშე არც ერთი დიდი საქმე არ აღსრულებულა. რისკი მრავალია და უფრო მეტიც გამოჩნდება. რისკებია ქვეყნის შიგნით, მეხუთე კოლონა და რადიკალური პოლიტიკური ძალები, გარეთ - უახლოესი მეზობლები და გლობალისტური ძალები... საქართველო მუდამ მტრიანი ქვეყანა იყო. ხოლო რაც შეეხება საზოგადოების მზადყოფნას, როცა ხალხს შევეკითხებით და გონივრულ, განსჯილ პასუხს დავაცლით, ვნახავთ, რომ მისი მომზადება ამ საქმისათვის შეიძლება ორიოდ წელიწადში, ხოლო თუ რადიკალებსა და ქუჩაში გამოსულ ბრბოს ვკითხავთ, სრულიად გაუგებარსა და მტრულ პასუხს მივიღებთ.
როცა ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის აღდგენაზე, ალბათ, უნდა ვისაუბრობთ ოკუპირებული ტერიტორიების ჭრილში. სამწუხაროდ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით რთული ვითარება გვაქვს, სულ უფრო ვშორდებით აფხაზეთს და ცხინვალს. როგორ ფიქრობთ, რას გვაძლევს მონარქის ინსტიტუტის აღდგენა ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენის ნაწილში?
- თუ საქართველოს ისტორიას დავუჯერებთ და ცდას არ დავაკლებთ, სიშორის სიახლოვედ გადაქცევას შევძლებთ, მაგრამ ეს ძალზე დიდი და ვრცელი თემაა... ტერიტორიები ჩვენი უგუნურებისა და სულმოკლეობის გამო დავკარგეთ. ტერიტორიების დაბრუნება კი ძნელი და ხანგრძლივი პერსპექტივაა და ისტორიული მომენტის დადგომას უნდა ველოდოთ, როგორც ეს ადრე მომხდარა. ოღონდ, უნდა გვწამდეს და გონივრულად უნდა მოვიქცეთ. შეუძლებელი არაფერია და არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალსა და ახალგორს დავიბრუნებთ, არამედ ტაო-კლარჯეთსა და საინგილოსა და ლორესაც.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ საქართველოში მმართველობის რამდენიმე მოდელი შეიძლება იყოს ეფექტური. პირველი ვარიანტი, ეს არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა დაფუძნებული კონტროლის უძლიერესი მექანიზმები. მეორე ვარიანტია კონსტიტუციური მონარქია, რომელიც საინტერესო მოდელია, რადგან მონარქის და ნებისმიერი მმართველის მთავარი ფუნქციაა ჩაიბაროს, შეინარჩუნოს, გაამრავლოს და გადასცეს. რომ გადავხედოთ მსოფლიო მონარქიებს და ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკებს ძლიერი მაკონტროლებელი სტრუქტურებით, სწორედ ისინი არიან ყველაზე განვითარებული ქვეყნები...
- თავისთავად, სახელმწიფო მოდელი ვერ იქნება ქვეყნის განვითარებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი პირობა. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, სისხლი და ოფლი ვღვარეთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ, ალბათ, თავგანწირვა და ერთგულება არ გვეყო. პოლიტიკაში ჩაბმულმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ სამშობლო მისგან თავგანწირვას მოითხოვს და ამისათვის მუდამ მზად უნდა იყოს. ჩვენს პოლიტიკოსებს კი საკუთარი ძალაუფლება უფრო უყვართ და მზად არიან ქვეყანა შესწირონ ძალაუფლებას მოპოვებასა და საკუთარ კეთილდღეობას.