თეთრი სახლი: რუსეთთან ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობის გარეშე არ წარიმართება

თეთრი სახლი: რუსეთთან ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობის გარეშე არ წარიმართება

რუსეთთან ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობის გარეშე არ წარიმართება, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

„რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ნაცვალგების საფუძველზე უნდა წარიმართოს. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები შეშფოთებულნი ვართ რუსეთის სახიფათო და მუქარის შემცველი ქცევის გამო და ეს საკითხი ნებისმიერ საუბარში უნდა წამოვაყენოთ, რომელიც გვექნება. ასევე, ნებისმიერი მოლაპარაკება/დისკუსია ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და ფუნდამენტურ დოკუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს და ევროპელებთან ერთად უნდა წარიმართოს. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული, მათ შორის, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა და როგორც მან უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საკუთარი საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევების გარეშე. ეს ეხება უკრაინას და ასევე ნატოს მოკავშირეებს და თავად ალიანსს, თუ როგორ უზრუნველყოფს ის კოლექტიურ თავდაცვას თავისი წევრებისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.

ოფიციალური მოსკოვი იურიდიულად სავალდებულო გარანტიას ითხოვს, რომ ნატოს სამხედრო ალიანსი უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა ევროპაში დაძაბულობის შემცირებისა და უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის განმუხტვისთვის.