გიორგი ბარათაშვილი დაბრუნდა და საზმაუწყებლის რეორგანიზაციას გეგმავს

გიორგი ბარათაშვილი დაბრუნდა და საზმაუწყებლის რეორგანიზაციას გეგმავს

გიორგი ბარათაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდა. სასამართლომ ბათილად სცნო მხარეთა შორის დავის საგანი-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილი სამსახურში აღადგინა.  „საზოგადოებრივ მაუწყებლს“ კი ბარათაშვილისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა, რაც ყოველთვიურად 5500 ლარის ოდენობის თანხაა.

შეგახსენებთ, გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის გენერელური დირექტორის თანამდებობიდან სამეურვეო საბჭომ 2013 წლის 4 მარტს გადააყენა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად სცნო იმ მოტივით, რომ დაირღვა „მაუწყებლის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და ბარათაშვილი თანამდებობიდან ბორდის 10 წევრის ნაცვლად 9 წევრის ხმით გადააყენეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ მაშინ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე არ უნდა განეხილა, რადგან იგი ადმინისტრაციული ორგანო არ არის.

„იურისტმა სხდომაზე არსებითი გარემოება წარადგინა. ეს საქმე არ იყო ადმინისტრაციული სასამართლოს იურისდიქციაში და სამოქალაქო დავებში უნდა გადასულიყო. სასამართლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში ეს საქმე“, - აღნიშნა გახელაძემ.

როგორც ცნობილია, გიორგი ბარათაშვილის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება მის მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლებას მოჰყვა. გიორგი ბარათაშვილი მაშინ ამბობდა, რომ ბორდმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ბერძენიშვილის სამსახურიდან გაშვების გამო მიიღო. თავის მხრივ, ხათუნა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ გიორგი ბარათაშვილი მის სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა. იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი აქტუალური თემა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის უმღლესი იურიდიული განათლების საკითხი იყო და ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ბარათაშვილმა პირდაპირ უთხრა, წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებული სიუჟეტი ეთერში არ გაეშვა. თუმცა გიორგი ბარათაშვილი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

ხათუნა ბერძენიშვილი ბარათაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის ნათესაობას უსვამდა ხაზს და აცხადებდა, რომ ახალი ხელისუფლება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კონტროლის დამყარებას და მისი დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობს, თუმცა რამდენად დამოუკიდებელი იყო საზმაუწყებელი პოლიტიკური ზეწოლისგან, ეს თემა არაერთხელ გამხდარა ქართული საზოგადოების განხილვის საგანი და ამ თემას ცოტა ქვევით შევეხებით. ფაქტია, რომ გიორგი ბარათაშვილის გენდირექტორობიდან გადაყენება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 500-ზე მეტმა თანამშრომელმა გააპროტესტა. მათ საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელმაც ბორდის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტი ღიად დააფიქსირა.

აქტიური პროტესტი გამოიწვია ბარათაშვილის განთავისუფლებამ საზოგადოებაშიც. ამიტომ, როგორც ჩანს, სასამართლომ უბრალოდ ვეღარ გაბედა ამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა და სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლების მიერ გიორგი ბარათაშვილის ხელით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობის შეზღუდვის ბრალდებას, რაზეც ხათუნა ბერძენიშვილი საუბრობდა, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტურ წრეებში ყოველთვის კარგად იყო ცნობილი, ვინ არის ხათუნა ბერძენიშვილი. ყველამ იცოდა, რომ ბერძენიშვილი პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „თანამშრომლობდა“ და სწორედ იქ ხდებოდა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გასული სიუჟეტების შეთანხმება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბერძენიშვილის ხელდასმით გადიოდა ერთნაირი სიუჟეტები წინა ხელისუფლების პირობებში „რუთავი2“-ზე, „იმედსა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რისი ნათელი მაგალითიც იყო ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის საქმე. მართალია, ბერძენიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ეს ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ, დადასტურდა, როდესაც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ხათუნა ბერძენიშვილი გამგებლად დანიშნა.

ახლა რაც შეეხება იმას, რეალურად რატომ გაათავისუფლეს გიორგი ბარათაშვილი და როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ სააკაშვილის და კუბლაშვილის კონტროლქვეშ მყოფმა სასამართლომ ასევე მათ კონტროლს დაქვემდებარებული ბორდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე for.ge გიორგი ბარათაშვილს და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის რედაქტორს, დოდო შონავას ესაუბრა.

გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, რომ კანონში პირდაპირ წერია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გადაყენებას სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ 10 ხმა სჭირდება. ამიტომ ბარათაშვილი ამბობს, რომ ამას სასამართლო ვერსად გაექცეოდა და სხვაგვარ გადაწყვეტილებას უბრალოდ ვერ გამოიტანდა.

„მოსამართლემაც დათვალა და 9 ხმა ვერანაირად ვერ გამოვიდა 10. ეს არის ელემენტარული მათემატიკა და სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ის, უბრალოდ, ვერ გამოიტანდა. შესაბამისად, სასამართლომ სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნავს ბარათაშვილი.

როგორ აპირებს იგი ითანამშრომლოს ბორდთან, რომელმაც მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, ამ კითხვაზე „საზმაუწყებლის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, ბორდს ძალიან კონკრეტული ფუნქციები აქვს და თუ ის ამ ჩარჩოებში იმოქმედებს და კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებებს არ გადაამეტებს, ბარათაშვილი ბორდთან ურთიერთობაში პრობლემას ვერ ხედავს. აქვე იგი აღნიშნავს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი ხათუნა ბერძენიშვილის მის მიერ სხვა თანამდებობაზე გადაყვანა გახდა. ბარათაშვილის თქმით, არხზე დაწყებული იყო რეორგანიზაცია, რომელიც მისი გათავისუფლების გამო ვერ დასრულდა. ამიტომ, გენდირექტორის თანამდებობაზე აღდგენილი გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ ამ რეორგანიზაციას გააგრძელებს, თუმცა, ეს არ შეეხება კადრებს, რადგან „საზმაუწყებლის“ ყველა თანამშრომელთან კონტრაქტებია გაფორმებული და ისინი ამ კონტრაქტების შესაბამისად გააგრძელებენ არხზე მუშაობას. რეორგანიზაცია თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საეთერო ბადეს შეეხება. კერძოდ, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იგეგმება ახალი გადაცემების, თოქ-შოუების შექმნა და საერთოდაც არხის ახალ კონცეფციაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„წინ ბევრი პროექტია. ამ ორმა თვემ ძალიან დაგვხია უკან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ განაცდურს ავინაზღაურებთ“, - აღნიშნავს ბარათაშვილი.

იგი ამბობს, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც მისი გათავისუფლების გამო პროტესტი არ გამოუხატავთ, რადგან ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია.

დოდო შონავა გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ სასამართლოში მომუშავე ადამიანებსაც გააჩნიათ საღი აზრი, გრძნობენ, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამის გადაწყვეტილებებს ღებულობენ.

„არ მგონია მსოფლიოში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ვიღაცის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდეს. ვფიქრობ, რომ სასამართლოში მომუშავე ადამიანებიც განთავისუფლდნენ ამ წნეხისაგან და იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კანონთან სრულ შესაბამისობაშია“, - აცხადებს დოდო შონავა.

ისიც გიორგი ბარათაშვილის გენდირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას, მის მიერ, ხათუნა ბერძენიშვილის განთავისუფლებას უკავშირებს. აქვე შონავა განმარტავს, რომ ეს განთავისუფლებაც არ ყოფილა, რადგან გიორგი ბარათაშვილმა ბერძენიშვილს უბრალოდ სხვა თანამდებობა შესთავაზა. დოდო შონავას თქმით, ხათუნა ბერძენიშვილი შეხვდა ბორდს, კარგად დამოძღვრა და ამის შემდეგ ბორდმა ასეთი უკანონო და არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. შონავა მიიჩნევს, რომ ბარათაშვილის სამსახურიდან დათხოვნა პირდაპი კავშირშია ხათუნა ბერძენიშვილის განთავისუფლებასთან, რადგან ამის შემდეგ ბორდი და ის ადამიანები, ვინც ხათუნა ბერძენიშვილის მეშვეობით არხის საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდნენ, მასზე კონტროლს დაკარგავდნენ.

რაც შეეხება გიორგი ბარათაშვილის და ირაკლი ტრიპოლსკის ნათესაობას, დოდო შონავა აცხადებს, რომ საქართველოში ყველა ყველას ნათესავია, მაგრამ ამ მომენტისთვის ახალი ხელისუფლება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო პოლიტიკაში არანაირად არ ერევა.

„იმედი მაქვს, რომ ახალ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და ამას არასოდეს დააპირებს. რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ არის ისეთი მსოფლიოში, რომ არ სურდეს, მედია მის ინტერესებს ითვალისწინებდეს, მაგრამ აქ მთავარია ერთი რამ, რაზეც ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მოხდა ძირეული გარდატეხა მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფის მოწოდებით 550 ადამიანმა უნდობლობა გამოუცხადა ბორდს, რომელიც იურიდიულად არ იყო უფლებამოსილი ტელევიზია ემართა, მაგრამ რეალურად სწორედ ის მართავდა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. ამ 550 ადამიანმა არად ჩააგდო საშიშროება, რომ შესაძლებელი იყო, უმუშევრები დარჩენილიყვნენ და თავიანთი ხელმოწერებით ბორდს უნდობლობა ღიად გამოუცხადეს“, - ამბობს დოდო შონავა.

მისი თქმით, ქართულ ტელესივრცეში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამასთანავე, „საზოგადობრივ მაუწყებელში“ პროფკავშირი შეიქმნა, რომელიც შონავას განცხადებით უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პროფკავშირად ჩამოყალიბდება. დოდო შონავას განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მომუშავე ადამიანებმა გადაწყვიტეს, ერთხელ და სამუდამოდ დაიცვან საკუთარი პროფესიული ღირსება. ამდენად, ისინი მხოლოდ საზოგადოების ინტერესებს მოემსახურებიან და ეცდებიან, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყოველგვარი პოლიტიკური, თუ კომერციული ზეწოლისაგან მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ახლა ჩვენს წინაშე და განსაკუთრებით, ახალი გენერალური დირექტორის წინაშე, ძალიან სერიოზული ამოცანებია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ საზოგადოებას რამდენიმე თვეში შევთავაზოთ ისეთი ტელევიზია, რომელიც იქნება ხარისხიანი, გემოვნებიანი, თანამედროვე და რაც მთავარია, რომელიც საზოგადოების ინტერესებს გაითვალისწინებს და რაც მთავარია, შეეცდება ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებას როგორც ხელისუფლების, ასევე მედიის მიმართ გაუჩნდება“, - აღნიშნავს დოდო შონავა.

მისი თქმით, „საზმაუწყებლის“ 550 თანამშრომლის პროტესტი ახალი ხელისუფლებისთვისაც ერთგვარი მესიჯი იყო, რადგან ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ იდეას და იმას, რომ ის სწორედ საზოგადოებას ემსახურებოდეს. დოდო შონავა ფიქრობს, რომ ხელისუფლება, რომელიც თავის ქვეყანას და თავის ხალხს ემსახურება, ხელს უნდა უწყობდეს ზოგადად მედიის და განსაკუთრებით ისეთი მედია-საშუალების თავისუფლებას, როგორიც არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც თითოეული მოქალაქის მიერ ფინანსდება.