მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ახალი ხელისუფლების მხრიდან მისი ბიზნესის ზეწოლაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას იგი შეეცადა, საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი თვალით დანახული ეკონომიკური და სამართლებრივი სინამდვილე წარმოეჩინა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება მისი პრეტენზიების 0,1 %-ს მაინც იზიარებდა, რაც ახლა უგულებელყოფილია.
მან მიმოიხილა თავისი ბიზნესსაქმიანობის დეტალები, რომელიც 1991 წლიდან მოყოლებული, დაბა ახალგორში კომპანია საწარმო „ლომისის“ დაარსების შემდეგ განვითარდა, 1994 წელს ისინი შეაჩერეს, მათზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს და თითქმის, გაკოტრებამდე მიიყვანეს. ამის მიუხედავად, არ შეჩერებულან და „ლომისთან“ ერთად „ნატახტარის“ წარმოებაც დაიწყეს, ამას მოჰყვა „გიფსოკარდონის“ ქარხანა, „ბარამბო“, „ზედაზენი“, „ბერტა“, შპალების ქარხანა.
მას შემდეგ, რაც ის გუბერნატორი გახდა, აცხადებს, რომ უკვე ახალი ტალღა დაიწყო მის წინააღმდეგ. მას ხორცის ბიზნესის მონოპოლიას აბრალებდნენ და საზოგადოება ჩოჩელებისკენ იშვერდა ხელს, რომ თურმე ხორცი მათ გამო გაძვირებულა. სინამდვილეში, ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ხორცის ბიზნესში მეგობრებიც კი არ ჰყავს და ამ ჭორების დაყრა მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა სასათბურე პირობები შექმნოდა მას, ვინც მართლაც ხორცის ბიზნესის უკან იდგა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით ადვილი გასარკვევია, თუ ვინ ითბობდა ხელს ამ ბიზნესით.
მისი თქმით, ის მაშინვე შეეცადა საზოგადოებამდე სიმართლის მიწვდენას, თუმცა ტელევიზიები და ინტერნეტგამოცემები ამას ან არ აშუქებდნენ, ან მცირე დროით დებდნენ საიტებზე.
ამასთან, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, მათ ინვესტიციები განახორციელეს „ზედაზენში“, ასევე, „ბარამბოს“ მიმართულებით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩოჩელების საკუთრებაში არსებულ თითქმის ყველა კომპანიას პრობლემა შეექმნა. ცეზარ ჩოჩელმა კი ვერც ფინანსთა და ვერც ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ვერ მოახერხა. მეტიც, ფინანსთა მინისტრმა ისინი „დაამშვიდა“, რომ საგამოძიებო უწყება სწავლობს მათ საქმიანობას. ჩოჩელი აცხადებს, რომ შემოწმების წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ლიტონი სიტყვები არ უნდა იყოს.
ამიტომ, მისი სურვილია, გაირკვას სიმართლე, რომ ის პრივილეგიებითა და შეღავათებით არც წინა ხელისუფლების დროს სარგებლობდა და მის ბიზნეს-ჯგუფს 60 მილიონი კრედიტი ჰქონდა აღებული.
ცეზარ ჩოჩელის თქმით, ამჟამად კომპანია „ბერტა“ დალუქულია, ხოლო შპალების ქარხნის შესახებ რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჩოჩელებმა ის მუქთად ჩაიგდეს ხელში. სინამდვილეში, ცეზარ ჩოჩელის თქმით, ტენდერი გამოცხადდა და მისმა კომპანია „მიქსორმა“ მიიღო მონაწილეობა, თუმცა აღნიშნული ტენდერი მათ წააგეს და სახელმწიფომ მოიგო ეს ტენდერი. ცოტა ხანში კი, თავად ეს სახელმწიფო კომპანია გამოიტანეს ტენდერზე თავის მოგებულ ტენდერთან ერთად და ის ჩოჩელის კომპანიამ შეიძინა. მისი თქმით, არავინ იჯერებდა, რომ შპალების ქარხანა ფეხზე დადგებოდა. ჩოჩელი იმასაც იხსენებს, რომ „ქართუ ბანკისგანაც“ ვერ მიიღეს მათ დახმარება, დღეს კი, მისი თქმით, გია ხუხაშვილს გაუჩნდა იდეა, ეს საკითხი წამოეწია. მეტიც, მისი ინფორმაციით, დღეს ყველა სარკინიგზო მშენებლობა გაჩერებულია, რადგან შპალის ქარხანა ჩოჩელს ეკუთვნის და მისი მუშაობა არ აწყობთ. არადა, 9 მილიონი დოლარის მათ მარტო „თიბისი ბანკის“ ვალი აქვთ, ამ დროს კი 10 მილიონის შპალები დასაწყობებულია შპალების ქარხნის ეზოში.
„ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე გია ხუხაშვილი გამოდის და ჩოჩელებმა 15-20 მილიონი ლარით აზარალეს სახელმწიფო და ქვეყანა დაანგრიესო. რკინიგზასთან დაკავშირებით გია ხუხაშვილს ჯერ კიდევ რევოლუციამდე ჰქონდა ოცნებები, შემდეგ ცხონებული ჟვანია დაიღუპა და გამოაგდეს, ახლა მეორედ გაუჩნდა შანსი. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა მისგან მოდის და საზოგადოებისთვის თუ საგამოძიებო ორგანოსთვის მოგვიწევს სიმართლის დამტკიცება. სამართლიანობის აღდგენა ერთი ადამიანის გაჩანაგების ხარჯზე არ შეიძლება. ჩვენი წარმოება გაჩერებულია და 1000 ადამიანი სახლში ზის. ამ დროს „პიქსელიდან“ იმართება ქართული ბიზნესი“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
მისი თქმით, ეკონომიკური სახის ისეთი დანაშაული არ არსებობს, რისთვისაც მას მუხლი არ მიუყენეს, აგვისტოს ომის დროს გაქცევაც დასწამეს, თუმცა ჩოჩელი აცხადებს, რომ არსად გაქცეულა და 3 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე რაიონი არ დაუტოვებია, რისი შემოწმებაც სატელეფონი ჩანაწერებითაც შეიძლება.
„ვიბრძოლებთ, სანამ საშუალება გვექნება, ფარ-ხმალს არ დავყრით. მთიული კაცი ვარ და, თუ ქართველებმა საქმე არ გავაკეთეთ, მე არ მინახავს ინვესტორის მიერ გაკეთებული საქმე. ისინი ძირითადად ჩვენს მიერ დაწყებულ წარმოებებზე მოდიან. დღეს თუ არ გადარჩება შპალების ქარხანა, ხვალ გადარჩება და სიმართლეს მაინც მივაღწევ. ოღონდ ტენდერებში მონაწილეობას არ გვაღებინებენ, რადგან დაყადაღებულია ქონება,“ - აცხადებს ჩოჩელი.
მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ისინი შეშინებულნი არიან და სახალხოდ შეხვედრისგან თავს იკავებენ. ამიტომაც იგი თავის მეგობრებს არ ხვდება, რათა მათ პრობლემები არ შეუქმნას.
უფრო მეტიც, ჩოჩელმა საკუთარი გუბერნატორობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ, თუ ვინმეს ამით რამე დააკლდა, ისევ და ისევ მის ოჯახს და მის ფინანსურ მდგომარეობას, მას არც პრემიებით უსარგებლია და არც სახელმწიფო ავტომანქანით არ გადაადგილებულა.
ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ თავის დროზე იმდენად არ სურდა გუბერნატორობა, რომ ჩინეთში წასვლა ამჯობინა, თუმცა მას დაბრუნება და ამ ყველაზე რთული რეგიონის გადარჩენა რამდენიმე თვით სთხოვეს. ამის შემდეგ ომი დაიწყო და სექტემბერში მან უკვე თანამდებობიდან წასვლა დააპირა, მაგრამ პრეზიდენტის დავალება გააცნეს, რომ სამ თვეში 3 ათასი სახლი ახალგორელი ლტოლვილებისთვის უნდა აეშენებინა. ისიც დათანხმდა, რადგან ახალგორი მისი რაიონი იყო და ასე შერჩა თანამდებობას.
იგი აცხადებს, რომ ხადურსაც და ხუხაშვილსაც არაერთხელ შესთავაზა ნებისმიერ ეთერთში პოლმიკა, თუმცა „ეს ღრმად განათლებული ხალხი, მასთან, როგორც უვიცთან და მომხვეჭელთან არ კადრულობენ ეთერში სტუმრობას“. თუ საქართველოში სიმართლეს ვერ გაარკვევს, იგი არ გამორიცხავს, ევროპის სასამართლოსაც მიმართოს. ამ ეტაპზე კი იგი ბიზნესომბუდსმენს შეხვდა, თუმცა შედეგი ვერ დაინახა, დიპლომატებთანაც აპირებს შეხვედრას და საკუთარი საქმიანობის შესახებ დოკუმენტურ ფილმსაც ამზადებს. თუმცა ამ ეტაპზე მასზე ზეწოლის ფაქტების საზღვარგარეთ გამჟღავნებისგან თავს იკავებს, რათა ქართული ბიზნესი ამით არ დაზარალდეს.
For.ge ცეზარ ჩოჩელს ესაუბრა.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ გია ხუხაშვილის მხრიდან თქვენს ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება?
- გია ხუხაშვილი ყოვლისშემძლე ადამიანია, რომელიც ამბობს და შემდეგ მისი ნათქვამი ხორციელდება ცხოვრებაში. ნებისმიერი საკითხი, რაც ჩვენს წინააღმდეგაა დაწყებული, გახმოვანებულია, პირველ რიგში, ხუხაშვილის მიერ. ის ნაწყენია, რომ არ მივედით აღსარებაზე, მაგრამ მას ეშლება, რადგან აღსარებაზე მიდიან წინამძღვართან. გულახდილ საუბარს რაც შეეხება, ამაზე ჟურნალისტებთან და არასამთავრობოებთან ვსაუბრობ. მეც მაქვს მასთან კითხვები, მასაც აქვს შეკითხვები და ნებისმიერ დროს ვიწვევ პირდაპირ ეთერში. ეს ზეწოლა შეეხება ჩემს თითქმის ყველა წარმოებას, რომელიც ჩვენი ჯგუფის მიერაა შექმნილი - „ბარამბო“, „ზედაზენი“, „მიქსორი“, შპალის ქარხანა. ზოგან ქონება დაყადაღებულია, ზოგან წარმოება დალუქულია, ან შეჩერებულია მუშაობა და ამოღებულია დოკუმენტაცია. ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ეს ზოგადად, ბიზნესის პრობლემაა. დღეს ჩვენს მიმართ არის პრობლემა, ხვალ ანალოგიური პრობლემა ექნება სხვა ბიზნესს.
მაგრამ რით ასაბუთებთ, რომ გია ხუხაშვილი დგას ამის უკან?
- ის აცხადებს, რომ ჩვენ სახელმწიფო ვაზარალეთ 15 მილიონი ლარით, რომ მოვიტაცეთ არარსებული ქარხანა, თურმე „ნატახტრის“ ქარხანა ჩვენი აშენებული და შექმნილი კი არა, წართმეულია.
მას შეუძლია, გიპასუხოთ, რომ თქვენი განცხადებები უბრალოდ სიტყვიერ დონეზეა და რეალურს არ ეფუძნება. თქვენი ალიბია მისი სიტყვიერი განცხადებები? კონკრეტიკაზე თუ გაქვთ ეჭვი?
- ეს ჩემი განცხადებები რატომაა? მის მიერ გაკეთებული კომენტარები ამოიღეთ, ის ამას აკეთებდა ან ინტერნეტსაშუალებებით ან ტელევიზიებით. გია ხუხაშვილი აცხადებს და ამის შემდეგ იწყება მოქმედებები.
პირადად მასთან თუ ისურვებთ შეხვედრას და საქმის ვითარების გარკვევას?
- არანაირი სურვილი არ მქონია, როცა თავის „ვიკილიქსს“ გამოაქვეყნებს, ამის შემდეგ შევხვდები. ჩვენს ბიზნესებზე მუდმივად, 1991 წლიდან მოყოლებული, ზეწოლა მიმდინარეობდა. საერთოდ, საქართველოში ძნელია წარმოებების შექმნა და მისი მართვა. ჩამოთვალეთ ჩვენს მიერ შექმნილი წარმოებები და მაჩვენეთ შემდეგ თუნდაც იმავე რაოდენობის სხვის მიერ შექმნილი ბიზნესები.
თქვენ ხორცის ბიზნესი ახსენეთ და აცხადებთ, რომ ცილი დაგწამეს, მაგრამ საინტერესოა, ამ ჭორებისგან წინა ხელისუფლებამ რატომ არ დაგიცვათ, როგორც მათი გუბერნატორი?
- ამ კითხვაზე პასუხი ვერ მექნება. უმჯობესია, ეს ჰკითხოთ ყოფილ ხელისუფლებას, მედიასაშუალებებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს. მე გავეცი მაქსიმალური ინფორმაცია, რომ ხორცთან დაკავშირებით არანაირი შეხება არანაირ ეტაპზე არ მქონია.
მედიასაშუალებებს რომ მოვეშვათ, უშუალოდ წინა ხელისუფლებისთვის მოგეთხოვათ, სიმართლე ეთქვათ თქვენთან მიმართებით.
- ეტყობა, ხელისუფლებაში არსებული ადამიანების კატეგორია ან ლობირებდა, ან მათ ინტერესებში ჩემი დისკრედიტაცია შედიოდა. არაფერს გამოვრიცხავ.
დღევანდელ თქვენს სიტუაციას ხომ არ უკავშირებთ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე თქვენს მიმართ წაყენებულ ბრალს და თქვენს დაკითხვას? ღაჭავასა და კოდუასთან ერთად თქვენი სახელიც გახმიანდა.
- რა თქმა უნდა, საკმაოდ საინტერესო თემაა, იმ კომპანიაში, რომელზეც წაყენებული მაქვს მუხლი, 10 % გამაჩნია, ამ დროს კი მედავებიან, რომ 10 %-ის მფლობელმა თურმე დირექტორი ვაიძულე, გადაეფორმებინა წილი. ამ დროს, 15 მილიონი მაქვს ჩადებული.
9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ჩემი საქმის ძიება, მაინტერესებს, გერინგის, გებელსის საქმეს ამდენ ხანს იძიებდნენ? ნუთუ მე დავანგრიე ქვეყანა?
ანუ თქვენი ბრალეულობა არ იკვეთება?
- მივალთ სასამართლომდე და თვითონ ის დირექტორიც კი აღიარებს, ვინც გადაფორმება მოახდინა, რომ მივედი ჩოჩელთან და მითხრა, რაც გინდა, ის გააკეთეთ, გინდა, ბენზინი დაასხით და დაწვითო, და ეს თურმე ყოფილა წაქეზება.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა თუ გიცდიათ?
- დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე არ მხვდება და ივანიშვილი შემხვედება?