“18 000 საჩივრიდან, რომელიც წართმეულ ბიზნესს და კერო საკუთრებას ეხება, მხოლოდ 68 საქმეა დაწყებული”
ინტერვიუ “კავკასუს ონლაინის” ყოფილ მფლობელთან, ბიზნესმენ მამია სანადირაძესთან
- ბატონო მამია, თქვენ ხართ ბიზნესმენი, რომელმაც არა მარტო ხმა ამოიღო უსამართლობის წინაშე, არამედ სამართლიანობის აღსადგენად ორგანიზებული ქმედებებიც დაიწყეთ, ვგულისხმობ „დააბრუნეს“ ჩამოყალიბებას. რა შედეგებს მიაღწია დღეისთვის ამ ორგანიზაციამ და რა არის მისი სამომავლო გეგმები?
ზოგადად, “დააბრუნეს” შექმნის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ არა მარტო ჩემი ქონება დამებრუნებინა, არამედ ამ ნაძარცვი ხალხისთვის ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა აღდგეს, დაბრუნდეს ქონება. საქართველოს მთავარი პრობლემა დღეს არის ხალხის ქონების ხელყოფა, ბიზნესმენების ძარცვა, მეწარმეების, მესაკუთრეების ძარცვა, რაც საქართველოში უკვე სისტემურად 25 წელიწადია მიმდინარეობს. არაფერი რომ არ ვთქვათ საბჭოთა კავშირის ძარცვაზე. მეურნე ხალხი ქმნის დოვლათს და იხდის გადასახადებს, რომელიც ქვეყნის საფუძველია, მას კი ძარცვავენ. ძარცვავენ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც ასოცირდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტებთან და თანამდებობის პირებთან. ამ ხალხის ძარცვა ორგანიზებულად ხდება, შემდგომ ახალი მთავრობა როცა მოდის, წინა ორგანიზებული ჯგუფი (რომელიც მთავრობაშია), უყოფს ამ ნაძარცვს ახალმოსულ მთავრობას, ასე აგრძელებენ ამ საქმეს. ერთი სიტყვით, დაუსჯელობის სინდრომია. საბოლოო ჯამში კი ეს მოქმედებს იმაზე, რომ საქართველოში არ არის მომგებიანი მეურნეობა, ბიზნესი. საქართველოში პატიოსანი შრომა მომგებიანი არ არის, საქართველოში მომგებიანია ორგანიზებული ძარცვა. ეს ყველაფერი მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე, იმაზე, რომ აქ არავინ არ შემოდის ინვესტიციის ჩასადებად. ერთხელ რომ წაგართმევენ ქონებას, ბუნებრივია, მეორეჯერ იმ ქვეყანაში შესვლა აღარ მოგინდება. Aამიტომ აუცილებელია, რომ გამოძიებულ იქნას იმ ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფების საქმიანობა, ვინც ამას ანხორციელებდა. ეს ეხება როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებას, თუ მათ რიგებში ასეთი ჯგუფები გაჩნდება. ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომგებიანი არ იყოს ძარცვა და მომგებიანი გახდეს მეურნეობა. ორგანიზაცია „დააბრუნეს“ შექმნაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიებულ იქნას და დაისაჯონ დამნაშავეები. ეს პროექტი საჭიროა, რათა პატიოსან ბიზნესმენს მიეცეს რწმენა, რომ თუ ის საქართველოში დაიწყებს გრძელვადიან ბიზნესს, დაცული იქნება არა მარტო თვითონ, არამედ ის შეძლებს და ამ ბიზნესს დაუტოვებს შვილებს და შვილიშვილებს.
ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეწყობით ყალიბდებიან ხოლმე. მსგავს დაჯგუფებებს, როგორც სახელმწიფო სინდიკატს, ის უპირატესობა აქვს, რომ ის მოიცავს სამართალდამცავ ორგანოებსაც. ეს კი საშუალებას აძლევს მძარცველებს, რომ უფრო წარმატებით გაძარცვონ მეწარმე. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ დარღვევის წინააღმდეგაა მიმართული.
-რამდენი ბიზნესმენია გაერთიანებული „დააბრუნეში“, თუ შეგიძლიათ რამდენიმე მათგანი დაგვისახელოთ?
„დააბრუნეში“ არის ხალხი თავიანთი პრობლემებით და ისტორიებით. თითოეულ მათგანს დაწერილი აქვს განცხადება პროკურატურაში და მოითხოვს თავისი საქმის გამოძიებას. მათ შორის არიან: მანანა ახვლედიანი, რომელსაც სააფთიაქო ბიზნესი წაართვეს, ჯემალ ლეონიძე – “მაგნატის” მფლობელი, ლევან ცხოვრებაშვილი, შალვა ობგაიძე და ბევრი სხვა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ გამოძიებულ იქნას ყველაფერი. სახელმწიფოს დღეს არ ყოფნის არანაირი რესურსი, რომ გამოძიება ჩაატაროს. 15 აპრილს პრესკონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ასეთი სტატისტიკა გაგვანდო, რომ 18 000 საჩივრიდან, რომელიც წართმეულ ბიზნესს და კერო საკუთრებას ეხება, მხოლოდ 68 საქმეა დაწყებული, გასულია უკვე 6 თვე. 68-სა და 18 000 შორის არის უდიდესი სხვაობა. პროკურორმა ისიც თქვა, რომ ამ საქმეს ათწლეული დასჭირდება. ამის გამო ჩვენი გაერთიანება ცდილობს დაეხმაროს მთავრობას, რომ ისინი დაგვეხმარონ ჩვენ. ანუ ჩვენ ვცდილობთ ექსპერტებთან მუშაობაში გამოვკვეთოთ ეფექტური გზები და მივაწოდოთ მთავრობას და პრემიერ – მინისტრს ის ხედვები და გზები, რათა ეფექტურად მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა. როგორც თქვა კბილაშვილმა, არ არის საკმარისი პროკურორ-გამომძიებლები, ე.ი. საჭიროა დამატება, ანუ დაქირავება. ათასი პროკურორ-გამომძიებელი გაათავისუფლა სააკაშვილის მთავრობამ, რადგან მას არ სჭირდებოდა პროკურორ-გამომძიებლები. ამიტომ ჩვენ გვსურს კერძო დეტექტივის სამსახურის შექმნა, რომელიც ერთგვარი დანამატი იქნება და დაეხმარება გამოძიებას. მთავრობის წარმომადგენლები ყველაფერს მუქარით და შანტაჟით ახერხებდნენ. ეს გამომძიებლები ფიზიკურად საქართველოში არიან და უნდა მოხდეს მათი გამოყენება ამ საქმეების გამოძიებისთვის.
არის კიდევ ერთი საკითხი ზონირების შესახებ, ანუ პროკურატურა რეგიონალურად არის დაყოფილი. არის თბილისის პროკურატურა, ქუთაისის პროკურატურა, და ა.შ. ეს რეგიონალური დაყოფები ეფექტური არ არის. ყველა საქმე არ არის ერთნაირი სირთულის. ზოგს შეიძლება დასჭირდეს ერთი კვირა, ზოგს ორი წელი, პროკურორი ამით არის დაკავებული. ამიტომ გამოძიება პროკურატურაში რომ მოხდეს ცენტრალიზებულად, ამისთვის უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული პროკურატურა, რომ მთლიანად ეს 18 ათასი საქმე ამ უწყებას გადაეცეს. ეს ჩვეულებრივი პროკურატურაა, ისეთივე როგორიც სანტრანსპორტო პროკურატურა. ევროპაში არის ასევე მცირეწლოვანთა პროკურატურა, სხვათაშორის საქართველისაც მისცეს რჩევა, რომ აქაც შეიქმნას მცირეწლოვანთა სპეციალიზირებული პროკურატურა, რათა მცირეწლოვანთა საქმეები გამოიძიონ ცალკე. ჰუმანურობიდან გამომდინარე, მცირეწლოვანს უფრო სხვანაირი პროკურორი სჭირდება, რომელიც არ დააზიანებს ახალგაზრდის ფსიქიკას. ამისათვის არსებობენ სპეცილიზირებული პროკურატურები. ასეთი სპეციალიზირებული პროკურატურა უნდა შეიქმნას საქართველოს პროკურატურის დაქვემდებარებაში. ქონების დანაშაულის მიხედვით, თუ ადამიანს ქონება საქართველოს სხვადასხვა ადგილში აქვს და მას ეს ქონება წაართვეს, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენების შემდგომ, უფრო ეფექტიანი იქნება ამ საქმის გამოძიება თუ ერთ ადგილზე მოხდება, და არა სხვადასხვა ადგილას. სპეციალიზირებული პროკურატურა საჭიროა რესურსების სწორი გამოყენებისთვის.
ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი. ჩავატარეთ კონფერენციები, მოვიწვიეთ ექსპერტები საკუთრების დაცვის სფეროში. ჩვენ დავდივართ სახელწიფო ინსტიტუტებში და პარლამენტში. ვცდილობთ, რომ სახელმწიფო მოხელეებთან დავამყაროთ კომუნიკაცია და განვუმარტოთ მათ, რომ ეს გზა უფრო ეფექტური იქნება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აღიკვეთება დანაშაულის სიმრავლე. მთელს დედამიწაზე იმიტომ ისჯება დანაშაული, რომ სხვამ აღარ გაიმეოროს. რადგან ჩვენთან არ ხდება დასჯა, ყოველ ახალ მთავრობას აქვს ცდუნება იმისა, რომ შეეკრას იმ ორგანიზებულ დანაშაულ დაჯგუფებას, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ძარცვავდნენ ხალხს. ცდილობენ, ეს ნადავლი ქართველი ხალხის, ქართველი მეურნეების და ბიზნესმენების სისხლით და ცრემლით ნაშოვნი ქონება გადაინაწილონ და კიდევ გააგრძელონ ყაჩაღობა. ანუ, საქართველოში ყალიბდება არა პატიოსანი ბურჟუაზია, რომელიც პატიოსნად იშრომებდა და პატიოსნად გადაიხდიდა გადასახადებს, არამედ აქ იქმნება ყაჩაღთა და დამნაშავეთა დაჯგუფებები, რომლებიც უდიდეს ქონებას ფლობენ და არა ხალხისთვის მატერიალური დოვლათის შექმნით არიან დაკავებულები, არამედ მონოპოლიზირებული ფასებით ხალხის ძარცვით. აქ არ ხდება პატიოსანი კონკურენცია ბიზნესმენთა შორის. მთელს დედამიწაზე კონკურენცია (საუბარია ცივილიზებულ სამყაროზე) მიდის, ვინ უკეთეს დოვლათს შექმნის, ვინ უკეთეს ქონებას შექმნის, ვინ უკეთ მოემსახურება ხალხს, ამაზე დგას კაპიტალიზმი და ზოგადად დასავლური ეკონომიკა, მაგრამ საქართველოში მიდის კონკურენცია იმაზე, თუ ვის რა გავლენის სფერო აქვს, ვის რა ორგანიზებული დაჯგუფება ჰყავს, რომ შემდგომ მოხდეს ორგანიზებულად ხალხის ძარცვა, ანუ შეიქმნას მაღალი მონოპოლიზირებული ფასები, გაყოფილი იყოს გავლენის სფეროები და ამის შედეგად მოხდეს ხალხის ძარცვა. ყაჩაღს და კრიმინალს არ შეუძლია დოვლათის შექმნა, კრიმინალს არ შეუძლია რაღაც მომსახურებისა და პროდუქტის შექმნა. მას შეუძლია ეფექტურად და მაფიოზურად გაძარცვოს ხალხი. ამაში არის მთავარი განსხვავება, რასაც ვცდილობთ, რომ ავუხსნათ სახელმწიფო მოღვაწეებს. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, რათა სამომავლოდ არ მოხდეს ქართველი ხალხის ნაშოვნი ფულის წართმევა და შემდგომ მისი გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ ცდუნება დიდია, ვინაიდან საქართველოში ჩამოყალიბებულია ტრადიცია და თუ არ მოხდება მკაცრი პოლიტიკური კონტროლი და თუ არ იქნა მკაცრი პოლიტიკური ნება, ძალიან დიდი ცდუნება არსებობს, რომ ყველაფერი ძველებურდ დარჩეს.
- როგორ აფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას რეპრესირებული ბიზნესმენების მიმართ, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება უმოქმედოდაა, თქვენ როგორ მიიჩნევთ, იჩენს ხელისუფლება სათანადო ყურადღებას ამ საკითხის მიმართ?
ერთი ასეთი ქართული გამოთქმა არსებობს: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი, ახალ მთავრობაშიც არიან მედროვეები, ის ხალხი, რომელიც იმ მიზნითაა მთავრობაში, რომ უნდა გამდიდრდეს. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს არის მათი ცხოვრების მომენტი, რომელიც შეიძლება ხვალ აღარ იყოს. ამ მომენტს ქართველები მთელი ცხოვრება ელოდებიან და როდესაც მოვა, როცა მისი ახლობელი, მეგობარი მის პარტიაში მოხვდება, აი აქ უკვე მიდის, ასე ვთქვათ, ფუსფუსი გამდიდრების გზების ძიების. ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს უდგას, ის არის უმდიდრესი ადამიანი და მისი მიზანი არ არის გამდიდრება, ამიტომ ეს კაცი არ ელოდებოდა მთელი ცხოვრება პოლიტიკაში მოსვლას, რათა გამდიდრებულიყო, მაგრამ მის ირგვლივ არის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც სწორედ ამ მომენტს ელოდებოდა მთელი ცხოვრება. ამ ხალხის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ვინც ჩვენთან მოდის, ყველა დაბნეულია იმის გამო, რომ მათი საქმეების გამოძიებები არ დაწყებულა. მათი აზრით, ეს გამოძიებები საბოტაჟს ექვემდებარება. ჩვენს მიერ ნახსენები მანანა ახვლედიანის საქმე ქუთაისის პროკურატურაში იყო შეტანილი. გამოძიება მივიდა რაღაც დონემდე, თუმცა მოულოდნელად ეს საქმე დაიკარგა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ქაღალდები გაქრაო. ქალბატონი მანანა გაოცებული და დაბნეულია, როგორ შეიძლება პროკურატურაში მისი საქმე დაკარგულიყო. ასეთ საბოტაჟს ადგილი აქვს და გამოძიებები ძალიან მძიმედ მიდის. ჩვენი აზრით, აქ სწორედ იმ მოფუსფუსე ელემენტების, იმ მედროვეების ხელი ურევია, რომლებიც მიეკედლნენ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და ცდილობენ, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბერკეტებით შეაფერხონ გამოძიება, გაანადურონ ფაქტები. როდესაც საქმე იწელება, ფაქტები ნადგურდება, საქმე რთულდება, ამიტომაა, ყველაზე ეფექტური ცხელ კვალზე გამოძიება. თუ ეს ასე არ მოხდა და არ იქნა დაქირავებული პროკურორთა ის რაოდენობა, ვინც რამდენიმე ათასობით საქმეს ეფექტურად გამოიძიებდა, პროცესი კიდევ უფრო გართულდება. ეს ფაქტები ნადგურდება და ის დანაშაულებრივი ელემენტები, რომლებიც დაფუსფუსებენ, ცდილობენ მონახონ გამოსავალი. კრიმინალი საერთოდ ასეა - ყოველთვის ცდილობს, რომ გამოძვრეს სიტუაციიდან. ის ყველანაირად ცდილობს, რომ კვალი დაფაროს. აქ თუ არ მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევა, გამოძიება, მოწმეების დაპირისპირება და ამ ყველაფრის ანალიზი, მაშინ ყველაფერი გაქრება და გეომეტრიული პროგრესიით შემცირდება იმის შანსი, რომ გამოძიებულ იქნას საქმე. ამას ემატება ისიც, რომ ქონება, რომელიც ამ ხალხს წაართვეს, გასხვისდება პატიოსან მყიდველზე, რომლის უკან დაბრუნება კიდევ უფრო რთული პროცესია. ეს ყველაფერი უკვე ეჭვის საბაბს ბადებს, რომ ეს ამხელა ფული, რომელიც ხალხის ცრემლით და სისხლით იყო ნაშოვნი, იხარჯება ისევ ამ ხალხის წინააღმდეგ, და იხარჯება სწორედ იმ არაკეთილსინდისიერ სახელმწიფო მოხელეებზე, იმ გავლენიან ადამიანებზე, რომლებიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით არიან მოყუჩებულნი.
- ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იყო რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენის მიმართ სამართლიანობის აღდგენის ფაქტი, რომელიმე ბიზნესმენმა დაიბრუნა წართმეული საკუთრება ან ბიზნესი?
არავის არაფერი დაუბრუნებია. ექვსი თვეა მიდის გამოძიება, მათ შორის განიხილება ჩემი საკითხიც. გამოძიება მიდის ნელი ტემპებით, რადგან მიმდინარე საქმეებიც ბევრია. ქვეყანა არ გაჩერებულა, დანაშაულები გრძელდება, ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას. პროკურორთა ის მცირე რაოდენობა, რომელიც დაკავებულია ძველი საქმეებით, იძულებულია ხანდახან გადაერთოს მიმდინარე საქმეებზე, ამიტომ ამ საქმეების გამოძიება შეიძლება წლები და ათწლეულები გაგრძელდეს. მას წინათ “ბიზნეს კურიერში” გამოვიდა პროკურორის მოადგილე და როდესაც წამყვანმა ჰკითხა, ვინმეს ქონება დაუბრუნდაო, უპასუხა, – არაო, – ვიღაცას მანქანას ვუბრუნებთო და ჯერ პროცედურული საკითხებია მოსაგვარებელიო. ვიღაცის მანქანაზეა საუბარი? მილიარდობით ფულია დატაცებული. ჯერ ერთი მანქანაც კი არაა დაბრუნებული. როდესაც ხარ პოლიტიკური ძალა და ჰპირდები ხალხს, რომ სამართლიანობას აღადგენ და დასჯი დამნაშავეებს, როცა გაიმარჯვებ არჩევნებში, ხომ იცი რა მოხდა საქართველოში? იცი, რომ ათიათასობით ქონება იყო დატაცებული და ხელში ჩაგდებული, ათიათასობით დანაშაული იყო ჩადენილი, რა უნდა ქნა მეორე დღეს? პასუხი ელემენტარულია, – მეორე დღესვე უნდა შეიკრიბოს კომისია და დასახოს გეგმა, როგორ ვაპირებთ ჩვენ ამ საქმეების გამოძიებას. უმწიკლო პოლიტიკოსი ვერ გამოიძიებს ამ საქმეს, რა ნებაც არ უნდა არსებობდეს, სულ რომ ღამე არ ეძინოს ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნვაში. ის ვერ გამოიძიებს, რადგან საქმეს სჭირდება გამომძიებელი. Pროკურატირაში შეტანილ განცხადებას წაკითხვა და გამოძიება სჭირდება, მართლა მოხდა თუ არა ესა თუ ის ფაქტი. არჩევნების შემდგომ მყისიერად უნდა შეკრებილიყო გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და ემსჯელა ამ საკითხებზე. როდესაც არაფერი არ მოხდა, სამი თვის შემდგომ ჩვენ თვითონ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, როგორ გვეშველა ჩვენი თავისთვის. მივედით ელემენტარულ დასკვნამდე, რომ გამოძიება და გამომძიებლებია საჭირო. ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა.
- თქვენი კონკრეტული შემთხვევა რომ ავიღოთ, როგორია საქმის მიმდინარეობა ამჟამად „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, რა სტრატეგია გაქვთ და რამდენად რეალურად აფასებთ ამ ბიზნესის დაბრუნებას?
მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი მედიაში, – ჩემს მიმართ განხორციელბული იქნა დანაშაულებრივი ქმედება და ზეწოლა, რომელმაც მაიძულა გამესხვისებინა კომპანია. გამაჩნია ამის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომელიც მივიტანე პროკურატურაში. პროკურატურა იძიებს საქმეს. ველოდები გამოძიების დასრულებას, რომლის დასრულების შემდგომ ვიმსჯელებთ დანაშაულის სიმძიმეზე, თუ როგორ დავზარალდით და ა.შ. ამ საქმეში ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელი ურევია, როგორიცაა მარეგულირებელი კომისია. მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე აღიარებს, რომ ის მიზანმიმართულად აჯარიმაბდა “კავკასუს ონლაინს’, რათა მამია სანადირაძე ეიძულებინა დაეთმო კომპანია.
- ვინ არის დღეს „კავკასუს ონლაინის“ მეპატრონე, გქონიათ ან აპირებთ თუ არა მასთან კომუნიკაციას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ გარიგების გზით მოხდეს ბიზნესის დაბრუნება, თუ აუცილებელია, რომ კანონდამრღვევი დაისაჯოს?
- კომპანია “კავკასუსის” მეპატრონე არის GMS ჯგუფი, უფრო სწორად, მათ კონტროლ ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანია, ეს არის gms ჯგუფის წარმომადგენელი ხვიჩა მაქაცარია და ლევან ყარამანიშვილი. ეს ორი ადამიანი არის დირექტორი და მფლობელი იმ ოფშორული კომპანიისა, რომელმაც ჩემი იძულების შემდგომ, სულ რაღაც მეათედ ფასში შეიძინეს კომპანია. ეს ორი ადამიანი არის დღეს წარმომადგენელი იმ კომპანიისა, რომელიც “კავკასუს ონლაინს” ფლობს.
- როდის გაიმართება სასამართლო დავა „სილქნეტთან“ და რა არის დავის საგანი?
ეს საქმე გამოძიებაშია. გამოძიება დაადგენს “სილქნეტის” ბრალეულობას, ან შეიძლება ვერ დაადგინოს, თუმცა ეჭვების გარდა ჩვენ გვაქვს ფაქტები. “სილქნეტთან” მას შემდეგ გავმართავთ დავას, როცა ფაქტები უფრო გამოიკვეთება. გვაქვს ეჭვი იმისა, რომ “სილქნეტი” ჩარეული იყო “კავკასუს ონლაინის” საწინააღმდეგოდ მიმართულ კამპანიაში. ამის დამადასტურებელი საბუთები მივიტანეთ პროკურატურაში. ყველაფერს გამოძიება გვიჩვენებს. ჩვენი სურვილია, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ, რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. იმედია, მომავლისთვის ეს სასამართლოები დასრულდება და ყველა მიხვდება, რომ საქართველოში არ ამართლებს მომგებიანი ძარცვა და რომ ის კანონით ისჯება. სწორედ ესაა ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.