ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი სოფიის ცენტრალურ სამხედრო კლუბს ეწვია.
ირაკლი ალასანიამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში „თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ (NATO’s Building Integrity) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სემინარზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს პოტენციალისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონში ლიდერი გახდეს. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს. საქართველოში მიმდინარე წინადადებები და სტრუქტურული რეფორმები, სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო იქნება, რომ გადაიღონ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რომ დაანახოს მთელ ევროპას, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და რამდენად დიდი გამოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ ევროპელებს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ. ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ასევე, ირაკლი ალასანიას სიტყვით გამოსვლა ბულგარეთის ატლანტიკურ კლუბში.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბულგარეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდებიან.