სამსახურში ძილი აუცილებელია

სამსახურში ძილი აუცილებელია

რამდენიმე დღის წინ რუსულ მას-მედიაში ერთი უცნაური და ამავდროულად სახალისო ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოუძინებელი ადამიანი რომ სამსახურში ვერაფერს გააკეთებს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში უკვე მიხვდნენ. ამ ქალაქში მომუშავე სარეკლამო სააგენტომ - „თეთრი კვადრატი“ ახალი დადგენილება „მიიღო“ ძილისგუდა თანამშრომლებისთვის და მათ ნება დართო სურვილის მიხედვით სამუშაო მაგიდებზე დაიძინონ. არავის აქვს კოლეგის გაღვიძების უფლება და ვინც იხმაურებს, მკაცრად დაისჯება.

ფირმის მესვეურთა ამ ორიგინალურმა გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი ამ ფაქტს მიესალმება, რადგან სამუშაო მაგიდაზე ნანახმა სიზმარმა შეიძლება გადატრიალება მოახდინოს. მაგალითისთვის მენდელეევის მიერ პერიოდულობის სისტემის აღმოჩენასა  და ნილს ბორის მიერ ატომის მოწყობის მოდელის ხილვას ასახელებენ. მთავარია, ადამიანი საკუთარ სამუშაო დავალებაზე ფიქრობდეს ჩაძინების წინ და სიზმარში მისი ეფექტური შესრულების გზის დანახვა გარანტირებული ექნება.

ბევრი ირონიით უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, რომ „თეთრი კვადრატი“ ქვეყანაში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ სარეკლამო ორგანიზაციად ითვლება.

უფრო სარწმუნოა ვარიანტი, რომ სააგენტო ამ უცნაური დადგენილებით თვითრეკლამას ეწევა, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს. საინტერესოა, რომ კომპანიას „დადგენილების“ მიღების შემდეგ კლიენტთა რიცხვი გაუორმაგდა.