„ბაიერნი“ ლევანდოვსკისაც იფორმებს

„ბაიერნი“ ლევანდოვსკისაც იფორმებს

გუშინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ საკუთარ მინდორზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა - 4:1.

გერმანული გუნდიდან თავი პოლონეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, რომელმაც ჟოზე მოურინიოს შეგირდები ოთხი გატანილი გოლით „დაასაჩუქრა“.

გუშინვე გამოცემამ „COPE” სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, მარიო გიოტცეს შემდეგ მიუნჰენის „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკიც შეუერთდება.

ეს ინფორმაცია „ბაიერნის“ თავკაცი იუპ ჰეინკესის წარმომადგენელმა ენრიკე რეიესმა გაავრცელა. მისი მტკიცებით, მიუნჰენურმა გუნდმა პოლონელ მოთამაშესთან წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია ამ ტრანსფერის ღირებულება და თავად შემტევი ხელფასის სახით რა ანაზღაურებას მიიღებს.