რამდენიმე დღის წინ ევროპულ სპორტულ მას-მედიაში ორი საინტერესო ცნობა გავრცელდა.
ჩვენი უცხოელი კოლეგების მტკიცებით, მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო „სამეფო გუნდში“ დარჩენას აპირებდა, მადრიდის „ატლეტიკოს“ კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებდა, უეინ რუნი კი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგდებოდა.
დღეს დილით გერმანულმა გამოცემამ „BIld” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი „ერთადერთი“ ანუ ბატონი ჟოზე, მადრიდის „რეალს“ მაინც დატოვებს და რომან აბრამოვიჩის გუნდს დაუბრუნდება.
ამავე გამოცემის მტკიცებით, სამხრეთ ამერიკელი რადამელ ფალკაო კარიერას „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში გააგრძელებს, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის კლუბის ნაცვლად ლონდონის „ჩელსიში“ ჩაირიცხება.
გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოურინიოს ორი დღის წინ ესაუბრა და ჟოზემ მადრიდში დარჩენა კატეგორიულად იუარა.
ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი მოურინიოს „განსაკუთრებულ საჩუქარს“ უმზადებს. ეს სიურპრიზი მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გახლავთ, რომელიც რამდენიმე თვეში „ჩელსის“ შეურთდება.