„როგორც კი ბანდიტი გადის ბანდიდან, იმ წუთში მტერი ხდება“

„როგორც კი ბანდიტი გადის ბანდიდან, იმ წუთში მტერი ხდება“

გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, „კუდ“-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას შესაძლოა შეღავათი გაუწიონ. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ახალაიას მის უწყებასთან თანამშრომლობა საინტერესო იქნებოდა. რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელსაც სააკაშვილის მთავრობაში მინისტრის თანამდებობა ეკავა for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ახალაია საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია.

ბატონო გოგა, რამდენად სამართლებლივად მიგაჩნიათ, რომ დათა ახალაიას შესაძლოა შეუმსუბუქდეს დანაშაული, თუ კი ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს?

გოგა ხაინდრავა: ერთია წმინდა წყლის სამართლებლივი ასპექტი, მეორე არის მორალური აქსპექტი. საუბარია დანაშაულის შემსუბუქებაზე და ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. თუ ახალაიამ გახსნა ბევრად უფრო მძიმე სახელმწიფო დანაშაულობები, რომელიც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები იქნას გახსნილი, რა თქმა უნდა, ეს დასაშვებია.

მთავარია, რა მასშტაბის აღიარებებზე და დოკუმენტებზეა ლაპარაკი. მაგრამ ძმები ახალაიები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ძალიან მძიმე დანაშაულში, საერთო პასუხისმგებლობის მოხსნა სათუოა. ვფიქრობ, რომ ეს მარტო სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი არაა. საზოგადოების აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს აქვს თავისი ტაქტიკა და სტრატეგია. ერთია სახელმწიფოებრივი მიდგომა, მეორეა საზოგადოებრივი მიდგომა. სახელმწიფოებრივი ინტერესი ერთია, საზოგადოებრივი ინტერესი მეორე.

საზოგადობრივი აზრი ძმებ ახალაიებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია. საზოგადოება ითხოვს მათ დასჯას. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ დათა ახალაიამ მოახდინა საკონტროლო გასროლა...

- არავითარ შემთხვევაში, არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც არჩილ კბილაშვილი ასეთ დანაშაულს ხელს ვერ დააფარებენ. გამორიცხულია. სხვა საკითხია სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაულზე საუბარი. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს შედეგები, კოდორის და ახალგორის რუსებისთვის გადაცემა. წინაპირობის შექმნა იმისათვის, რომ ეს განხორციელებულიყო. პრემიერ მინისტრის მკვლელობა, ეს გახლავთ სახელმწიფო დანაშაულებები. არსებობს უაღესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო დონის დანაშაულობები, რომელთა გახსნა ახალაიებს ხელეწიფებად. ამიტომ, შესაძლებელია, ლაპარაკი იყოს შეღავათებზე და არავითარ შემთხვევაში პატიებაზე.

სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, შესაძლებელია თუ არა, ამ საქმეების მთავარი მოწმე იყოს ახალაია? მან თქვა, რომ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი...

- 2008 წლის აგვისტოს ომი, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, ლაფანყურის სპეცოპერაცია და სხვა საქმეები, რაზეც დღეს დათა ახალაია ლაპარაკობს, ჩვენ ამ ყველაფერზე ვლაპარაკობდით დიდი ხნით ადრე. ყველასთვის გასაგებია, რა და როგორ ხდებოდა. ბუნებრივია, ის არის მნივნელოვანი ფიგურა ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი. ძმებ ახალაიებს უდიდესი ინფორმაცია გააჩნიათ და ეს ინფორმაცია შეიძლება ისეთი ფასეული გამოდგეს ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, რომ მასთან დაკავშირებით, შეიძლება შეღავათზე ფიქრი. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს.

მძიმე სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, მკვლელობებთან გვაქვს საქმე. ამის გამოძიებას დრო სჭირდება და მე ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება, რომ მერაბიშვილი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება და ძალიან დიდი ხანი მოუწევს თავისივე აშენებულ ციხეში ჯდომა. თუ ჩვენ გვინდა, რომ სამართალი აღვადგინოთ, ამას დრო ჭირდება. თუ ჩვენ გვინდა ანგარიშსწორება, ეს სხვა საქმეა. ანგარიშსწორებასა და სამართალს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

ახალაია ამბობს, რომ ლაფანყურის ოპერაცია დაგეგმილი იყო მისი ძმის წინააღმდეგ...

- ლაფანყურის სპეცოპერაცია დაიგეგმა რუსეთის „ფეესბეში“ ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით.

თქვენ ამტკიცებთ, რომ ვანო მერაბიშვილი ფეესბესთან თანამშრომლობს?

- რა თქმა უნდა. ის ყოველთვის თანამშრომლობდა რუსეთის „ფეესბესთან“. რუსეთის რეაქცია მინდა გაგახსენოთ, იყო დრო როდესაც საქართველოს ბომბავდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ეჭვი ჰქონდათ, თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტები იყვნენ.

პანკისის ხეობას გულისხმობთ?

- დიახ. ასეთი ფაქტი მოხდა. მთელმა მსოფლიომ ნახა 11 ტერორისტი, სააკაშვილი გამოდიოდა და იძახდა, რომ საქართველოში ლეკიანობას არ დაუშვებდა. ამასთან დაკავშირებით, არცერთი კომენტარი რუსული მხრიდან არ გაკეთებულა, არადა ეს მაგათთვის ომის საბაბი იყო. საქართველოს წინააღმდეგ განხორციცელებული აგრესია და ქართული მიწების ოკუპაცია დაახლოებით იგივე საბაბით მოხდა.

ბუნებრივია, ეს იყო წმინდა რუსული ოპერაცია, რომელიც ჩაატარა ვანო მერაბიშვილმა. ისევე როგორც ახალგორის გადაცემა რუსეთზე, როგორც კოდორის გადაცემა რუსეთზე, ნატოს შეიარაღების გადატანა რუსეთზე. ყველაფრის პირველი შემსრულებელი იყო ვანო მერაბიშვილი და ყველაზე კარგად ამის შესახებ იციან ძმებმა ახალაიებმა. არც ზურაბ ადეიშვილს აქვს ნაკლები ინფორმაცია.

რამდენად სანდო შეიძლება იყოს ახალაიას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ან მისი ჩვენება გამოძიებისთვის?

- ახალაიას ნდობა როგორ შეიძლება?! ახალაიას მისი გარემოცვა არ ენდობა. გააჩნია, რამდენად სანდო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის გამოძიებას. მითუმეტეს, თუ ყველასთვის ცნობილ ფაქტებს რეალური მტკიცებულებებით დაადასტურებს და არა მარტო ლაი-ლაით. ახალაიები თავის თავს არ უჯერებენ და ჩვენ როგორ უნდა დაუჯეროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირებული ინფორმაციები და მტკიცებულებები გააჩნია დათა ახალაიას და მის ძმას.

მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ერთმანეთს უსმენდნენ და კომპრომატების შეგროვების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. არა მარტო ძმებს, არამედ მამა ახალაიასაც უამრავი მასალა ექნება, რომელიც ადასტურებს სააკაშვილის, ბოკერიას, მერაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულებრივ ქმედებებს. „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქციაც ზუსტად ამაზე მეტყველებს.

პრეზიდენტის და ბოკერიას განცხადებას გულისხმობთ?

- როცა ხელისუფლებიდან მიდიან და უპირისპირდებიან „ნაციონალებს“ მაშინვე ბოდვას როგორ იწყებენ, ეგრევე მანიაკები როგორ ხდებიან? წლების მანძილზე ბურჯანაძე მათ გვერდით იყო, მაშინ კარგი იყო და როგორც კი წამოვიდა იმ გუნდიდან მაშინვე აღმოჩნდა, რომ რუსეთის აგენტია. ნოღაიდელი მაგათი პრემიერ-მინისტრი იყო, წამოვიდა თუ არა, ისიც აგენტი აღმოჩნდა. ოქრუაშვილი - სახელმწიფო ბურჯი, სააკაშვილის გარემოცვაში ნომერ პირველი ფიგურა, მერე მტერი აღმოჩნდა. ესენი მანიაკები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილისგან წამოვიდნენ. ეს იყო ანგარებით გაერთიანებული ბანდა, როგორც კი ბანდიტი გადის ბანდიდან, იმ წუთში მტერი ხდება. ეს უკვე ჩვეულებრივი კრიმინალური ფსიქოლოგიაა.

სააკაშვილი ამბობს, რომ არ იცნობდა დათა ახალაიას...

- სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი მოვიგეთო. სააკაშვილი რას იძახის მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მაგისი დედამისს არ ჯეროდა არასოდეს, სააკაშვილის სიტყვას რა ფასი აქვს. ახალაიას და მაგისთანა ნაძირლებს და გარეწრებს თუ არ იცნობდა, დეპარტამენტის თავმჯდომარედ, რომ ნიშნავდა მაშინაც არ იცნობდა?! ის არის მატყუარა.

მე ვიცი და მომსწრე ვარ, როდესაც ახალაია ამ ჯგუფის ძალიან აქტიური წევრი იყო. მინდა გაგახსენოთ, რომ პირველი ორი ადამიანი, რომელიც ასლან აბაშიძის გასაკონტროლებლად სააკაშვილმა ბათუმში გაუშვა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძე აკონტროლებდა აჭარას, ეს იყო დათა ახალაია და ვასილ სანოძე. ასე რომ, იქიდან მოყოლებული ისინი ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ.