ყოფილი პატიმარი რევაზ ბრეგვაძე, გლდანის 8-ე დაწესებულების რეჟიმის ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციას და მის მოადგილეს, გიორგი კვარაცხელიას ძალადობაში ადანაშაულებს. ფაცაციამ ბრეგვაძეს ჯერ მის კაბინეტში ცემა, ამის შემდეგ კი ნაცემ პატიმარს კვარაცხელიამ ფეხით მარცხენა მკლავი მოტეხა. 26 წლის პატიმარს ცემის შედეგად მარცხენა ხელ-ფეხი პარალიზებული ჰქონდა. რევაზ ბრეგვაძე 2012 წლის 4 აპრილს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრეგვაძემ საპატიმრო 2013 წლის 22 იანვარს ამნისტიის შედეგად დატოვა. რა ხდებოდა გლდანის 8-ე დაწესებულებაში და რა ბრალდებებს უყენებს რეჟიმის უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ყოფილი პატიმატრს, რევაზ ბრეგვაძეს ესაუბრა.
რევაზ ბრეგვაძე: რესტორანში შელაპარაკება მომივიდა გვერდზე სუფრასთან მსხდომ ადამიანებთან. ეს შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. 4 დღეში დამიჭირეს. 6 აპრილს მომისაჯეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა. სასამართლო დარბაზიდან გლდანის მე-8 დაწესებულების კარანტინში გადამიყვანეს. სასამართლოდან ციხეში საპატრულო პოლიციამ გადამიყვანა, ისინი მეუბნებოდნენ, შენ არ იცი სად მიდიხარო. როგორც კი ციხის კარები გაიღო, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მაშინვე დამიწყეს გინება.
რატომ გაგინებდნენ?
- გრძელი თმებს და წვერებს ვატარებდი, ამის გამო მაგინეს. საერთოდ გამატიტვლეს და შემიყვანეს ფუქსებში.
ფუქსები რა არის?
- ეს არის ცარიელი ოთახი. სადაც 3 საათი გამაჩერეს და იცით როგორ მდგომარეობაში ვიყავი ეს 3 საათი? კედლისკენ ვიყავი მიბრუნებული, ხელები უკან მქონდა. იქიდან, რომ გადამიყვანეს მოვიდა ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელსაც „ბასტის“ ეძახდნენ, რომ შემომხედა, გინება დამიწყო და თანამშრომლებს უთხრა, რომ ამას თმები გადაპარსეთო. ვუთხარი, რომ კამერაში ჩავალ და ჩემით გადავიპარსავ-თქო. ეს რამდენს ლაპარაკობსო და დამიწყეს ცემა. უმოწყალოდ მირტყამდა 5 კაცი.
ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
- ერთი იყო „ლისი“ ასე ეძახდნენ, ის მირტყამდა უმოწყალოდ. ამ პიროვნებაზე ამბობდნენ, რომ ციხეში ცხოვრობს, პატიმრების შიშით გარეთ ვერ გადისო. მაინც გადამპარსეს თმები და ჩამიყვანეს კარცერში. როგორც კი შევედი პატიმრებმა ცხვირზე ხელები აიფარეს და ჩუმად მითხრეს, არ ილაპარაკო, თორემ ყველას გვცემენო. ამდენი ცემისგან განერვიულებული ვიყავი და წამოვწექი, ამაზეც მითხრეს, რომ ჩქარა ადექი, რას აკეთებ გვცემენო. პირველად მოვხვდი ასეთ ვითარებაში, მანამდე არანაირი შეხება არ მქონია არც პოლიციასთან და არც სასჯელაღსრულებასთან.
იქ იყო უსაზიზღრესი ადამიანი გვარად ჩიჩუა, თვითონ თანამშრომლები აყენებდნენ შეურაცხოფას, სულ გვაგინებდა. კრიტში ყოფნის დროს შემოვიდნენ ოფიცრები მამა-შვილი, კახელები იყვნენ. მათ თან ახლდა 10 კაცი, ეს არ ისვენებსო და მცემეს. საშინლად მახსენდება ე.წ. კარანტინის დაშლა.
და რა ხდებოდა ამ დროს?
- წარმოიდგინეთ, ყველაფრის რიგში ვარ ნადგომი, მაგრამ ცემის რიგში დადგომა წარმოუდგენელია. ფურცლები გვიჭირავს ხელში, სადაც წერია ჩვენი სახელი, გვარი და რაზე ხარ დაკავებული. დგახარ და ელოდები როდის მოვა შენი რიგი, რომ გცემონ. სათითაოდ გაყავთ პატიმრები, ცემენ და ამის შემდეგ შეყავთ კამერაში. გცემდნენ იმის მიხედვით, რა მუხლით იყავი გასამართლებული. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, ვუთხარი ხულიგნობის მუხლით ვარ გასამართლებული-თქო, არ ვიცი რა იყო ასეთი, კინაღამ მომკლეს, დუბინკებით მცემს. მერე წამაქციეს და წიხლები მირტყეს.
კონკრეტული პიროვნებები შეგიძლიათ დაასახელოთ?
- ეს იყო რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია. პირადად ის მირტყამდა. უკნიდან ვინც მირტყამდა იმის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ რომ ვნახო, ყველას ვიცნობ. ისე მცემა ფაცაციამ, რომ აკანკალებული შევედი გასანაწილებელ ოთახში. C კორპუსზე მოვხვდი, აქ ყავდათ მრავალჯერ ნასამართლევი ადამიანები. რომ შევედი იქაც გამაფრთხილეს, რომ ხმა არ ამოიღოო. საღამოს 10 საათზე შუქი ჩააქრეს და დაიყვირეს, რომ დაწექითო. დილის 7 საათზე პური უნდა აგვეღო და ფეხზე ვდგებოდით. რეალურად, დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე ვეღარ ვწვებოდით და ფაქტიურად, ვერ ვლაპარაკობდით.
სააბაზანოში რომ გაგვიყვანდნენ, გახდა, დაბანა, გამშრალება და ჩაცმა 2 წუთში უნდა მოგვესწრო. თუ ვერ მოასწრებდი იქვე გცემდნენ. როგორც შეგვეძლო ვცდილობდით, რომ 2 წუთში მოგვესწრო ყველაფერი. ერთ დღეს სააბაზანოდან ვბრუნდებოდით კამერაში, სველ პირსახოცებს კარადაში ვერ ვდებდით, საშინელი სუნი დგებოდა. ერთ-ერთმა პატიმარმა გარეთ დადო გასაშრობად. უცებ გაიღო კარები და რომ დაინახა ეს პირსახოცი ფანჯრის ახლოს იდო გასაშრობად, იკითხა ვისიაო, ამ პატიმარმა უთხრა, რომ ჩემიაო.
ვინ გააღო კარები?
- ოფიცერმა „ყანამ“. ამის გამო დაარტყა, კუჭის ნაოპერაციები იყო, ჩაიკეცა სიმწრისგან. ჩვენ ფეხზე ვიდექით და ვუყურებდით როგორ ცემდა. ვერაფერს იზამდი, რომ მიხმარებოდი მოგკლავდნენ. თავზე რომ გაფურთხებდნენ, ვერ ბედავდი რამე გეთქვა. ამ „ყანამ“ ყველას დაარტყა. 60 წლის კაცი იყო ჩვენს საკანში და ისიც ცემა. შემდეგ მოვიდა ჩემთან და მითხრა, შენ ამხელა ხარ და არ უნდა უთხრა, რომ ეს არ უნდა ქნასო? აღნაგობის გამო მითხრა. არაფერი მითქვას, ხელები უკან მქონდა და თავჩაღუნული ვიდექი მის წინ. არაფერი, რომ არ ვუთხარი ამაზე მცემა.
ანუ გცემათ იმიტომ, რომ თანასაკნელს არ უთხარით, რომ პირსახოცი გასაშრობად ფანჯარასთან არ უნდა დაეკიდა?
- დიახ. ეს დღე საშინელება იყო. 21 ივნისს ოფიცერმა ქობალიამ მთელი კამერა გარეთ გაგვიყვანა. რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია და მისი მოადგილე გიორგი კვარაცხელია იყვნენ მოსულები. კვარცხელია, პარალელურად, მე-3 კორპუსის ოფიცერი იყო. ნაწილი აბაზანაში შეიყვანეს, იქიდან გვესმოდა ცემის და პატიმრების ყვირილის ხმა.
აბაზანაში რატომ შეყავდათ საცემად?
- იქ კამერები არ იყო დამონტაჟებული. დღეში 10-15 ჯერ გვესმოდა ცემის ხმა აბაზანიდან და ეს მარტო ჩემს სართულზე. საშინელება ხდებოდა A და B კორპუსებზე. საშინელი ხმები გვესმოდა. პატიმრის კივილი და არა მარტო ერთი პატიმრის, რამოდენიმე ერთად კიოდა, რომ ვაიმე მოვკვდიო, ასეთი საშინელი ხმები გვესმოდა. წარმოიდგინეთ ჩვენ როგორ უნდა ვყოფილვიყავით, როცა დღეში 10-15 ჯერ ასეთი ხმები გვესმოდა. ქობალიამ რომ გაგვიყვანა 7 კაცი აბაზანაში შეიყვანეს, მე თვითონ ოფიცრის ოთახში შემიყვანეს, არც იქ არ იყო კამერა. იქ დამხვდა ოლეგ ფაცაცია და გიორგი კვარაცხელია. თავდაპირველად დამიწყეს საუბარი ვინ გავიწროვებსო, რაზეც ვუთხარი რომ არავინ არ მავიწროვებს-თქო.
რატომ დაიწყეს მათ თქვენთან ასეთი საუბარი, გავიწროვებდნენ კამერაში?
- არავინ არ მავიწროვებდა. პირიქით, მორწმუნე კამერა ვიყავით და ეს ვუთხარი. არა, შენ ვიღაცა გავიწროვებს კამერაში და არ გვეუბნებიო. მერე მეუბნება, რომ შენ კი არ გავიწროვებენო, შენ ავიწროვებ ბიჭო ვიღაცეებსო, საჩივარი შემოვიდა შენზეო.
რეალურად ასე იყო?
- როცა ხმის ამოღების და დაჯდომის უფლება არ გაქვს, როგორ შეიძლებოდა იქ ვინმე შეგევიწროვებინა? არ არსებობდა ასეთი რამე, ამას იქ ვერ გაბედავდი. ამის გამო ფაცაციამ და კვარაცხელიამ იმდენი მირტყეს, რომ ლამის, მომკლეს. თავში მირტყამდნენ. მერე წამაქციეს და წიხლებით გააგრძელეს ცემა. მეორე დღეს ისევ გააგრძელეს ჩემი ცემა, მაგრამ, უკვე, წყლით სავსე ბოთლებით. გიორგი კვარცხელია იყო საშინელი ადამიანი. ამ ცემის დროს კვარაცხელიამ უთხრა ფაცაციას, რომ ამას მე მოვუვლი, ჩემთან წავიყვან კორპუსზეო. ფაცაციამ თქვა, რომ კარცერში ჩააგდეთ ამის დედა მ..... ოფიცერმა ქობალიამ უთხრა, რომ გულით ავადმყოფია და კარცერში ვერ გაძლებს, მოკვდებაო. ამიტომ, გადამიყვანეს სხვა კორპუსში. მესამე სართულზე B კორპუსში მოვხდი. კვარაცხელიამ მითხრა შენ ნახე რა უნდა გიყოო და მაგინებდა საზიზღარი სიტყვებით.
არ კითხეთ რატომ ჰქონდათ ასეთი აგრესია თქვენს მიმართ?
- ვერ შეეკითხებოდი. ეს რომ გეკითხა, ჩათვალე, რომ მოგკლავდნენ. ისე ვიყავი ნაცემი, რომ სიმწრისგან ხელები მიკანკალებდა. მაშინ გიორგი კვარაცხელიამ მითხრა, კარგი დაწყნარდი, ჩამოდევი ხელი მაგიდაზე და დამშვიდდიო, ამ დროს აიღო ფეხი შენი დედაო და ფეხით მომატეხა მარცხენა ხელი.
სიმწრისგან ძირს დავვარდი, ფეხსაცმლის წვერებს მირტყამდა ნეკნებში. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ბიჭები მეხმარებოდნენ გადაადგილებაში. ხელი ცუდად შემიხორცდა და დღესაც ვერ ვიმორჩილებ მარცხენა ხელს.
ციხის სოციალური მუშაკები, რომლებიც პატიმრის მხარეს უნდა ყოფილიყვნენ, პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვეცემეთ. ახალი გასამართლებული ვიყავი, ჩემთან რომ მოვიდა. წერილის გაგზავნა მინდოდა და ვთხოვე, რომ წერილი მაქვს გასაგზავნი და გამიგზავნე-თქო. შენ არ იცი, რომ სამშაბათს წერილი არ იგზავნებაო? არ ვიცოდი-თქო - მოვუბოდიშე ამ გოგოს. რა ხელებით მელაპარაკებიო, შენ ნახე ამის გამო რა მოგივიდესო.
ამ სოციალური მუშაკის ვინაობა იცით?
- სახეზე შემიძლია ამოცნობა. სახელს და გვარს არ გვეუბნებოდნენ. ახალგაზრდა გოგო იყო. შემოწმების დროს დამიძახა კვარაცხელიამ და მითხრა, რომ რა ხელებით ელაპარაკებოდი შენ სოციალურ მუშაკსო. ვუთხარი, რომ წერილის გაგზავნა ვთხოვე-თქო, თხოვნა ეგრე არ უნდაო და დამიწყო ცემა. საშინელ დღეში ჩამაგდო, მერე ნაცემი გამიყვანა და გარეთ დამაყენა. იყო შემთხვევა, როდესაც დღეში სამჯერ გვცემდნენ.
ძალიან ბევრი პატიმარი არადამიანურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს ციხის ექიმებს. როგორი იყო გლდანის ციხის მედპერსონალი?
- ერთხელ ცემისგან გული წამივიდა. თანასაკნელებმა დაუძახეს ექიმს, რომ მოვიდა მახსოვს ექიმმა თქვა ასეთი რაღაცა - აბა რომელი იპრანჭება? აფერისტობს, ბიჭო წამოდექი ფეხზე, არაფერი არ გჭირსო. ვალიდოლს, ან ვალერიანს გაძლევდნენ. თუ შენით არ გამოკეთდებოდი და არ მოხვიდოდი აზრზე, მაგათ იმედზე არ უნდა ყოფილიყავი.
როცა გლდანის ციხიდან რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გადაგიყვანეს, იქაც ანალოგიური ვითარება იყო?
- გლდანთან შედარებით, ნორმალური სიტუაცია იყო. რუსთავში არანაირი ფიზიკური ძალადობა ჩემს მიმართ არ ყოფილა. რუსთავში რომ გადამიყვანეს, ამდენი ცემის და ნერვიულობის შედეგად გამიჩერდა ხელ-ფეხი და დავკარგე გონება. მაშინ დამეხმარა პოლიტპატიმარი შალვა გოგინაშვილი და რუდიკ ოვაკინიანი. დაგამიყვანეს ე.წ. ბალნიჩკაზე. ნახევრად მკვდარი ვიყავი, მეტყველება მიჭირდა. მარცხენა ხელ-ფეხზე მგრძნობელობა მქონდა დაკარგული, გაშავებული მქონდა ხელ-ფეხი, სისხლით მქონდა თვალები დაფარული. ამ ბიჭებმა გადარეკეს დაჩი ცაგურიასთან და მისი დახმარებით მოხდა ჩემი ეტაპირება „ნიუ-ჰოსპიტალში“. 3 დღის მერე დამაბრუნეს. მომცეს სისხლის და შარდის ანალიზი. ჩემთვის ანალიზი არ აუღიათ და ისე დადეს პასუხები.
როგორც ამბობთ თქვენს ცემასა და წამებაში მონაწილეობდა გიორგი კვარცხელია, ოლეგ ფაცაცია და ვინმე „ყანა“. თუ მიმართეთ პროკურატურას და რა ეტაპზე ახლა თქვენი საქმე?
- პროკურატურაში გადავაგზავნე საქმე. მაგრამ ამ დრომდე პროკურატურიდან არავინ შემხმიანებია. ვითხოვ ამ ადამიანების დასჯას და კომპენსაციას. ამ ადამიანებს არ უნდა შერჩეთ არა მარტო ჩემი, არამედ ათასობით ადამიანის წამება.
პატიმრებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, დაკავებულები არიან კვარაცხელია და ფაცაცია, მაგრამ ისინი ბრალს არ აღიარებენ...
- ისინი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. მე მარტო არა ვარ ნაწამები. ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტანა სარჩელი. ოლეგ ფაცაციაზე ლეგენდები დადის, რომ მას წამების განსხვავებული სასტიკი ზომები ჰქონდა...
-ნამდვილად ასეა. ასეთივე სადისტი იყო ვინმე „ქოსა“. ის არის ერთ-ერთი მკვლელი. მე B კორპუსიდან ვუყურებდი ციხის საავადამყოფოს. კვირაში 2 მიცვალებული გაჰყავდათ. დაღამდებოდა თუ არა, მოვიდოდა კატაფალკა და მიასვენებდა გარდაცვლილს.
პატიმრები ამბობენ, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ფაცაციას ცემისგან შემოაკვდა პატიმარი, რეალურია ეს ინფორმაცია?
- მე ასეთ რამეს არ შევსწრებივარ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გამიგია ეს ინფორმაცია და ძალიან ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ. ისე ცემდა ადამიანებს, რომ აუცილებლად მოკლავდა ვიღაცას. ისეთი ძალადობა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა, მერწმუნეთ, რომ ბევრი ვერ გაუძლებდა. რეჟიმი სასტიკი გახდა ბურჯანაძის აქციების შემდეგ. იმ საღამოს შევიდნენ კამერებში და აბსოლუტურად ყველა პატიმარს სცემეს.
ჩვენ ვნახეთ ცემის კადრები, სადაც ფიგურირებს ფაცაცია, მუხაძე, მკურნალიძე, ჭაკუა და სხვები. ვნახეთ გაუპატიურების კადრებიც. ნამდვილად იყო იქ გაუპატიურების ფაქტები?
- მე ჩემი თვალით ასეთი რამ არ მინახია. მე ასე ვიცოდი, რომ გაუპატიურების ფაქტები უფრო ქსანში ხდებოდა. გლდანში ვერც გაიგებდი ისეთი ჩაკეტილი ვითარება იყო. ადვოკატთან შეხვედრაზე გასვლისას ნაცნობისთვის გამარჯობა რომ გეთქვა, მაშინვე კარცერში გიშვებდნენ.
როდესაც ტელევიზიით გავრცელდა წამების კადრები, როგორი იყო პატიმრების რეაქცია?
- პირველი რეაქცია იყო ის, რომ იქნებ გვეშველოს და დავაღწიოთ ამ უბედურებას თავიო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი გლდანში არსებულ განუკითხაობას და სისასტიკეს თუ რამე დაანგრევდა.
ხათუნა კალმახელიძე შემოდიოდა?
- საერთოდ არ მინახია. ჩვენს კორპუსში არც მოიყვანდნენ. ის უფრო E კორპუსში დაყავდათ.
ამბობენ, რომ ხშირად შედიოდნენ ახალაია და ქარდავა...
- ამბობდნენ, რომ შემოდიანო. მაგრამ, მე არ მინახავს ისინი. ადვოკატებთან შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად უთქვამთ პატიმრებს, რომ ახალაია იყოო.