გასული კვირა მსოფლიო პოლიტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ინფორმაციულად დატვირთული იყო. მსოფლიო ლიდერების ყურადღება, ორი ზესახელმწიფოს ლიდერების - ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციისკენ იყო მიმართული. მსოფლიო პრესა ინფორმაციულად დატვირთული, ძირითადად, ექსპერტ-პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების შეფასებებით იყო. მოლოდინები არ გამართლდა, ბაიდენმა, რუსეთის მმართველისგან ბევრი ვერაფერი მიიღო. შემდგარ საუბარს, თუ ამ დროისათვის არსებული შედეგებით შევაფასებთ, რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ზე უკვე მიიღო ამერიკისგან გარანტიები, რომ გაზსადენზე სანქციებს მოხსნის. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, რომელიც ორი საათის განმავლობაში ცდილობდა რუსეთის ლიდერის გადარწმუნებას, უკრაინაში შეჭრაზე ხელი აიღოს, პუტინისგან თანხმობა ვერ მიიღო. ამას მოწმობს „დიდი შვიდეულის“ მიერ ლივერპულში გამართული შეხვედრა და გავრცელებული განცხადება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე შედეგებს მიიღებს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რა იგულისხმება „მძიმე შედეგებში“. „დიდი შვიდეული“ გამოსავალს დიპლომატიაში ხედავს და მოუწოდებს რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებებს „ინტენსიური“ უწოდა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „საშინელ საფასურს“ გადაიხდის - არც ამ შემთხვევაში გვაქვს რაიმე კონკრეტიკა, თუ როგორი სახე ექნება „საშინელ საფასურს“. საბოლოოდ, მხოლოდ ურთიერთ მუქარები გვაქვს.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აშკარაა ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და ეს, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის მორიგი შანტაჟია საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის.
პაატა ზაქარეიშვილი: ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ, იმიტომ, რომ პუტინი იყო ძალიან მკაცრი. ის იტყოდა, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები არის მხოლოდ მისი საქმე და, რომ მათი ზეწოლა რუსეთზე ვერ იქნება ეფექტური. ბაიდენი ამაზე აუცილებლად დაფიქრდებოდა, რადგანაც პირველი რაც გააკეთა ბაიდენმა, მაშინვე დაურეკა „დიდი შვიდიანის“ ლიდერებს. ყველაფერი რომ კარგად ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა. ანუ, ისინი ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. პუტინი ეტყოდა, რომ მას არ ადარდებს სანქციები, უკრაინა არის მისი ინტერესის სფერო და, რომ იქ ირღვევა ეთნიკური რუსების ინტერესები და ასე შემდეგ. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს. ამას მოყვა მაშინვე ულტიმატუმი, რომ ნატომ უკან უნდა წაიღოს ის ფორმალური პირობა, რაც დაუდგინეს საქართველოს და უკრაინას ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა როდესმე გახდებიან „ნატოს“ წევრი ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ბუნდოვანი ფორმულაა, რუსეთს ესეც კი არ უნდა. რა თქმა უნდა, ეს ფორმულა არ იქნება ამოღებული და ამაზე უკვე იყო განცხადებები, მაგრამ არსებობს „მაგრამ“ - ამ ფორმულას არ ამოიღებენ, თუმცა არც არაფერს არ გააკეთებენ.
ვიდეოკონფერენციის შემდეგ, საუბარი შედგა ვლადიმერ ზელენსკისა და ბაიდენს შორის, საუბრის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც იყო ის, რომ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის საუკეთესო გზა კონფლიქტის მოგვარებაში. აშკარაა ბაიდენი მედიატორის როლს კისრულობს და სავარაუდოდ, გარკვეული გზავნილებიც ექნებოდა ზელენსკისთან...
- რუსეთს შეუძლია აშანტაჟოს მსოფლიო და მსოფლიოს არ აქვს უფლება ამას ყურადღება არ მიაქციოს. შესაბამისად, მსოფლიო იქცევა გონივრულად, მათ არ აქვთ უფლება თავისი ხალხი საფრთხის ქვეშ დააყენონ და დაუთმონ რუსეთს, რომ ამ შანტაჟის რეალიზაცია მოახდინოს. ასევე არ უნდა დაკარგოს მოკავშირეები - უკრაინა და საქართველო. საქმე ისაა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ პოსტსაბჭთა აზროვნება გვაქვს. ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი მუდმივია და ყველაფერი ცვალებადია. მუდმივი არაფერი არ არის. შესაბამისად, საჭიროა ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ თუ გვგონია, რომ თუ მკაცრი განცხადება ექნება დასავლეთს რუსეთის მიმართ, რუსეთს შეეშინდება - რუსეთს არ შეეშინდება, რუსეთიც ასევე მკაცრ განცხადებას გააკეთებს. ეს არის ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში მყოფი სისტემა, რასაც ჰქვია დასავლეთის დემოკრატია და ისინი ამას ეფექტურად ახორციელებენ, რათა არ დაუშვან სისხლისღვრა ნებისმიერ წერტილში, სადაც რუსეთს გავლენები აქვს. სამწუხაროდ, მსოფლიოში აგრესიული სახელმწიფოები ჯერ კიდევ არიან. თავის დროზე იყო ნაცისტური გერმანია, ახლა ასეთი არის რუსეთი. რუსეთს არავითარი სერიოზული რესურსი არ გააჩნია ეკონომიკაში, აქვს შიგნით პრობლემები ოპოზიციის მხრიდან და დარჩენია მხოლოდ შანტაჟი, ეს არის მისი მთავარი რესურსი - მსოფლიოს აიძულებს დათმოს რაღაცეები. მთავარი დათმობა კი იქნება, ის რომ შეპირებად დარჩება საქართველოს „ნატო“-ში გაწევრიანება და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება.
„ნატოში“ შესვლა-არშესვლა, ეს რომ არის დიდი პოლიტიკური ფარსი, ამაზე უკვე ფაქტობრივად ყველა თანხმდება, ეს არის ამერიკა-ევროპის დიდი თამაშის ერთი პატარა დეტალი, რომელიც ამ „ნათელი მომავლის“ იმედით აცხოვრებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პატარა ქვეყნებს, რომლებიც რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ ამ სტატუსს, ამაში ეჭვის შეტანა აღარ შეიძლება, ამას რუსეთიც კარგად ხვდება და არ მგონია, ეს საკითხი ყოფილიყო ნომერ პირველ განხილვის საგანი. იქ იყო ასევე ერთი საინტერესო დეტალი - რუსეთმა მიიღო პირობა ამერიკისგან, რომ „ჩრდილიეთის ნაკადი2“, რომელიც მზადაა უკვე ექსპლუატაციაში შესვლისთვის, სანქციები მოეხსნება. ეს ძალიან ბევრ რამეს ხსნის, მათ შორის რუსეთის მიერ წამოწყებულ ამ ავანტურას, რამაც სრულიად მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია, ჩვენ ვიცით რაც მოყვება ამ მილსადენის ამოქმედებას ეკონომიკური და თავისთავად პოლიტიკური თვალსაზრისითაც. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ეს მთავარი სავაჭრო თემა?
- შეიძლება. რუსეთს რაში სჭირდება ომი უკრაინაში? ის ისედაც აკონტროლებს დონბასს, უკვე მეორეჯერ აშანტაჟებს ამით დასავლეთს, რომ ომს დაიწყებს. ომის დაწყების თემა აბსურდულია, მაგრამ რუსეთი ამის გამკეთებელი მაინც არის იმისთვის, რომ ეს დასავლეთს დაუმტკიცოს. ამ შანტაჟის ფონზე მან დიდ წარმატებას მიაღწია იმ მიმართულებით, რაც თქვენ ბრძანეთ. მან მიიღო გარანტიები, რომ ჩრდილოეთის ნაკადს სანქციები არ დაუწესდება. ძალიან ეფექტურად, ვერაგულად და უტიფრად გაცვალა რუსეთმა არარსებული ომი არსებულ სანქციებში. ეს, საბოლოო ჯამში, არის პუტინის გამარჯვება, ის მსოფლიოს აშანტაჟებს.
ამ შედეგით დაკმაყოფილდება რუსეთი?
- არ დაკმაყოფილდება, მაგრამ რუსეთს შანტაჟის გარდა არაფერი არ შეუძლია. ის არის სახელმწიფო, რომელიც მუდმივად აშანტაჟებს დემოკრატიულ სამყაროს. პუტინი დაახლოებით იქცევა ისე, როგორც იქცეოდა ჰიტლერი. ჰიტლერს ჰქონდა ომის რესურსი, მაგრამ რუსეთს ამისი რესურსი არ აქვს. საჭიროა, რომ ევროპა ცოტა მკაცრად დაელაპარაკოს. შესაძლოა, პუტინმა ომი წააგოს, მაგრამ ძალიან დააზარალებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მაგალითად - პოლონეთს.
არ დაგვავიწყდეს ამერიკის და ევროპის ქვეყნების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი ომის დაწყების შემთხვევაში პროცესებში არ ჩაერთვებიან. ჩვენც არაერთხელ გავხდით ფურცელზე დაწერილი მათი აღშფოთების მოწმენი, ის რომ „ნატო“ ომში არ ჩაერთვება, ეს უკვე გარკვევით ითქვა, ომის დაწყების შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდება, მსოფლიო თანამეგობრობისგან ვერაფერს მიიღებს განცხადებების გარდა, ამიტომ ვისთან შეიძლება რუსეთმა ომი წააგოს?
- ბალტიისპირეთის წინააღმდეგ თუ დაიწყო ომი, ეს უკვე ნატოა. უკრაინის წინააღმდეგ ომი მას არ სჭირდება, ეს უკვე მოგებული აქვს. პუტინმა იცის, რომ ნატოსთან ომს წააგებს, ამიტომ ის ნატოს წინააღმდეგ ომს არ დაიწყებს.
გეთანხმებით, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი და როგორ ფიქრობთ, 3+3 ფორმატი ამ შემთხვევაში 3+2, ეს ქვეყნები შეგვიძლია რუსეთის პოტენციურ მოკავშირეებად განვიხილოთ? საქმე ისაა, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ერთდროულად ხდება, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
- ჯერჯერობით ამის ერთ კონტექსტში განხილვის აუცილებლობა არ სჩანს. 3+3 ფორმატი არის თურქეთის ინიციატივა და ეს ინიციატივა მოდის ჯერ კიდევ 2008 წლიდან. თურქებს ჯერ კიდევ იმ დროს ჰქონდათ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის ინიციატივა. ჩემი აზრით, თურქებს და აზერბაიჯანს უნდა აწყობდეს საქართველოს უარი იმიტომ, რომ საქართველო კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთის დარჩენის სამხრეთ კავკასიაში, სამაგიეროდ, სამხრეთ კავკასიაში შემოდის თურქეთი და ძლიერდება. ამიტომ, თურქეთი ძალიან ეშმაკურად ავიწროვებს რუსებს, საქართველოს საშუალებით, მე ეს მომწონს. თურქეთმა თქვა თავისი წინადადება, რომ კარგი იქნება, თუ რუსეთიც იქნება ჩართული და საქართველომ თქვა, რომ რუსეთი არ იქნება, ეს უნდა აწყობდეს თურქეთს და ვხედავთ, რომ ხელების ამოგრეხვითაც არ გველაპარაკება. ამ ექვს სახელმწიფოში ყველაზე გონივრულად მოქმედებს თურქეთი, აბსოლუტურად მის სასარგებლოდ მიმდინარეობს პროცესები. რუსეთი ნელ-ნელა ვიწროვდება საქართველოს და აზერბაიჯანის საშუალებით. როდესაც, ოთხი წლის შემდეგ, კიდევ იქნება განხილვა, დარჩება თუ არა რუსეთის სამშვიდობოები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ერთადერთი სუსტი რგოლი რჩება სომხეთი. ამიტომ, საჭიროა თურქეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანი სამწუხაროდ ამისათვის მზად არ არის, ამოქაჩონ სომხეთი, რათა არ დარჩეს სომხეთს განცდა, რომ ის არის მტრების გარემოცვაში და ერთადერთი მისი მოკავშირე არის შორს მყოფი რუსეთი. ანუ, თურქეთი უნდა გახდეს ლიდერი. თუ თურქეთი მოახერხებს სომხეთის სურვილების დაკმაყოფილებას, ამით შეიძლება მსუბუქად მოაცილოს რუსეთს.
საქართველოსთვის რამდენად ხელსაყრელი იქნება თურქეთის გაძლიერება რეგიონში?
- მე ვარ ამისი მომხრე. თურქეთი არის „ნატო“-ს წევრი სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ის არ არის დამოუკიდებელი, ის არის შავი ზღვის სახელმწიფო. შავ ზღვაზე მყოფი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა „ნატო“-ს მიმართ არიან სიმპათიებით. თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი არიან „ნატო“-ს წევრი სახელმწიფოები, უკრაინა და საქართველო მიისწრაფვიან ნატოსკენ, მხოლოდ რუსეთია „ნატო“-ს წინააღმდეგი. ამ ფონზე, თურქეთი არის ჩვენი უცილობელი მოკავშირე. სამწუხაროდ, საქართველოში არის თურქეთის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია, იქ გარეჯის მოვლენები, იქ ბუკნარში უნდა იყოს თუ არა მეჩეთი, დაპირისპირება დმანისში და ეს ყველაფერი არის ამ დიდი პოლიტიკის ნაწილი. რუსეთი ცდილობს, ქართველებში შექმნას ანტითურქული, ანტიაზერბაიჯანული განცდა. თურქეთი, ერთადერთი მყარი ღერძია რუსეთის წინააღმდეგ მთელს კავკასიაში და ეს ჩვენ არ გვესმის. თურქეთი არის ჩვენი ყველაზე სანდო მოკავშირე და ეს ჩვენ უნდა შევიგნოთ. თურქეთს საქართველოსთან პირდაპირი ინტერესები არ გააჩნია, მას ინტერესები აქვს აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში და იქეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი თურქეთისთვის, რათა მან რუსეთისა და ირანის შუაში გაიაროს ვიწრო ხიდზე - საქართველოზე, რათა ჰქონდეს გავლენები კასპიის ზღვაში და მის მიღმა.
სამწუხაროა რომ საქართველოს არასდროს არ გააჩნდა და მით უმეტეს დღეს, საკუთარი ინტერესები და პოლიტიკური პოზიცია, ამიტომაც ვართ ყოველთვის ყველას ხიდი. იქნებ უკეთესი ვარიანტი მოვიფიქროთ, მაგალითად, რა უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი უნიათობისა და პოლიტიკური უმეცრების გამო ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები არ დაზარალდეს, არ შეეწიროს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას და ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს? როგორც ექსპერტი რას ურჩევთ ხელისუფლებას?
- ის, რომ ჩვენ რეგიონში უნდა ვიყოთ მშვიდობის ფაქტორი. ჩვენთან გადის გაზსადენი, ნახეთ, უკრაინას როგორ ახრჩობს რუსეთი. ჩვენთან არანაირი პრობლემა არ არის ნავთობზე და გაზზე, იმიტომ, რომ ხიდი ვართ და რატომ გვრცხვენია ამ ხიდის? ჩვენ გვაქვს შედარებით იაფი გაზი და ნავთობი, აქედან ჩვენ ძალიან დიდი პლუსები გვაქვს. საქართველო არის გარანტორი, რომ ეს ნავთობსადენი და გაზსადენი, რომელიც მოდის კასპიის ზღვიდან თურქეთში, არანაირი კავშირი რუსეთთან არ აქვს, ეს არის უნიკალური მონაპოვარი. ჩვენ ვართ წამყვანი ფიგურანტები ენერგეტიკაში და ასეთივე წამყვანი უნდა ვიყოთ გეოპოლიტიკაშიც და დიახაც, თურქეთის მოკავშირე უნდა ვიყოთ, რომ მან მოახერხოს თავისი ინტერესების რეალიზაცია ცენტრალურ აზიაში, ესაა ჩვენი მთავარი ფუნქცია. კი ბატონო, მაშინ ჩამომითვალეთ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს, რომ ჩაიკეტოს სამყაროსგან, აწარმოოს ღვინო და მთელმა მსოფლიომ ჩვენი ღვინო იყიდოს? ეს ხომ სასაცილოა. რა გვაქვს ჩვენ ღვინის გარდა? - არაფერი. თუ არ გვინდა ვიყოთ ხიდი, დერეფანი კი ბატონო.
სამწუხაროდ, ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებში არავინ არაფერს გვეკითხება და არც არანაირი პოზიცია არ გვაქვს, ჩვენი პოლიტიკური სისუსტის გამო, მაგრამ მაინც, რა არის ის ეფექტური სვლა, რაც შეიძლება საქართველომ განახორციელოს?
- ჩვენ არ ვართ ამ საკითხებში კომპეტენტურები. ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში ყოფნა, გვინდა ძალაუფლებას ვფლობდეთ და ამ დროს არაფერი არ ვაკეთოთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა დემოკრატია, რაც აწყობს რუსეთს. რუსეთი ამაში ფულსაც კი არ ხარჯავს, რადგანაც კარგად იპოვა წუწკი, ხარბი „ქართული ოცნება“, რომელიც ოღონდ არაფერი არ გააკეთოს და იყოს ხელისუფლებაში. ეს არის ის ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც აწყობს რუსეთს.