ბოსტონის ტერაქტის კვალმა, რუსული გამოცემა ქართველ სპეცსამსახურებამდე

ბოსტონის ტერაქტის კვალმა, რუსული გამოცემა ქართველ სპეცსამსახურებამდე "მიიყვანა"

რუსული მედია ქართულ სპეცსამსახურებს ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორთან კავშირში ადანაშაულებს. გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციით, ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა. გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია „კავკასიური ფონდი“, ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი, ზბიგნევ ბზეჟინსკი შედიოდა. 

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, „კავკასიური ფონდი“ ფონდ „ჯეიმსთაუნთან“ ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის.

გამოცემა ირწმუნება, რომ რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა.

„ჭანტურია წერს, რომ „კავკასიური ფონდი“ 2008 წლის 7 ნოემბერს, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად შეიქმნა. შესაბამის დეპარტამენტში შევიდა სადაზვერვო ოპერაცია, სახელწოდებით „დარიალი“.

ფონდის ძირითად ამოცანას რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობების გასაძლიერებლად ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის გადაბირება წარმოადგენდა“, - წერს „იზვესტია“.

გამოცემის ინფორმაციით, ჭანტურიას ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დასაფინანსებლად ყოველთვიურად 33 ათასი ლარი გამოიყოფოდა, ორგანიზაციის შექმნიდან 2013 წლის 1-ელ იანვრამდე მის დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ 4,058 მილიონ ლარი შეადგინა. 

„დოკუმენტში საუბარია, რომ „კავკასიური ფონდი“ აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამ სასაზღვრო რაიონში მუშაობდა - ზაქათალის, კახისა და ბელოკანის. ამავდროულად, თბილისის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი დასვკნაში აცხადებს, რომ ჩეჩნეთში საქართველოს სპეცსამსახურები „კავკასიური ფონდის“ და „ჯეიმსთაუნის“ მეშვეობით პოულობენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ საქართველოს. ამ ადამიანებს უმნიშვნელო მიზეზებით სხვადასხვა ღონისძიებებზე იწვევენ. ამ სემინარებზე კი ხდება რუსების გადაბირება და მათ ტერორისტული აქტებისთვის ამზადებენ,“ - წერს „იზვესტია“.

გამოცემა „იზვესტიაში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან კავშირს უარყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ტამერლან ცარნაევი საქართველოში ნამყოფი საერთოდ არ არის. 
რაც შეეხება გრიგოლ ჭანტურიას, რომლის ანგარიშსაც „იზვესტია“ წყაროდ ასახელებს, ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ პირი მსგავსი სახელით და გვარით არც ადრე ირიცხებოდა და არც ახლა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

რუსულ გამოცემა „იზვესტიაში“ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი. როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, გამოცემაში გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს. 

„ეს განცხადებები ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, როდესაც ქვეყნის შიგნით, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტის გამოყენებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელაღებით ხდება ინფორმაციის გაჟღერება, რომ საქართველო იყო ტერორისტების ბუდე“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ამერიკა საქართვლოს პარტნიორი ქვეყანაა და თუ მას რამე შეკითხვები აქვს, გამოცემა „იზვესტიის“ და ზოგადად, რუსეთის ჩარევის გარეშე შეუძლია დასვას კითხვები.

„ორ დღეში გახსნა ამერიკის ფედერალურმა სამსახურებმა ეს ტერორისტული აქტი. შესაბამისად, ფედერალურ ბიუროს არ გაუჭირდება იმის დადგენა, სად გადიოდა ამ ტერაქტის ორგანიზატორი წვრთნეს, ვისგან ფინანსდებოდა და ვისგან რა დავალებას ღებულობდა.

ამერიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, შესაბამისად „იზვესტიას“ და რუსეთის ჩარევის გარეშე შეუძლია დასვას კითხვები. თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის პრობლება არ არსებობს,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტის, ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, მისთვის უცნობია რა ორგანიზაციაა „კავკასიური ფონდი“ და არც მისი აქტივობის შესახებ სმენია.

„სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების კურსისა და დანერგილი პრაქტიკის გამო, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება სპეცსამსახურისთვის დამახასიათებელ გაზვიადებულ ხედვასთან და ლოგიკასთან გვქონდეს საქმე.

მართალია, პრაქტიკაში ხშირია, როდესაც სპეცსამსახურებს თავისივე სპეცკონტიგენტი რომ მოწინააღმდეგედ გადაექცევათ ხოლმე, ამისთვის ორი კლასიკური მაგალითი ბინ ლადენი და შამილ ბასაევი კმარა. თუმცა, ბოსტონის შემთხვევაში, მე ასე შორს არ წავიდოდი.

როგორც ჯერჯერობით ჩანს ბოსტონის ტერორისტების სახით მარტოჯგუფ, ანუ თვითინიციატორებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს შსს-ს, რომ ის უარყოფს „იზვესტიას“ ინფორმაციას თანამშრომელ ჭანტურიაზე და მის მოხსენებაზე, საინტერესო იქნება თუ გაზეთს ამის დამადასტურებელ მასალას მოსთხოვენ,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანიამ.