საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი რაკოვსკის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიას ეწვივნენ. ქართულ დელეგაციას ბულგარეთის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა და სამხედრო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სასწავლებლის მიმდინარე პროექტებსა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
ეროვნულ სამხედრო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წვრთნისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზე.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო განათლებაა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობას ბულგარელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სხვადასხვა კურსების გავლა შესთავაზა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბულგარელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას.