ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი?

ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი?

ყველა ქალს სურს გემოვნებით, კოხტად და მოხდენილად ეცვას. ზოგს გამოსდის, ზოგს ნაკლებად. ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ხშირად სწორედ გემოვნებაზე კამათობენ: აინტერესებთ, ვის როგორი და რა ფასიანი სამოსი აცვია. საზოგადოების ინტერესის სფეროს კი ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ. შევეცადეთ დაგვედგინა, ვინ არის საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი. ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი ქალბატონების ათეული სამ სხვადასხვა დიზაინერს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადგენინეთ. პირველი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა.

1. სალომე ზურაბიშვილი

"ეს ქალბატონი ყოველთვის გემოვნებითაა ჩაცმული. მისი გემოვნების ჩამოყალიბებაზე პარიზულმა მოდამ, ევროპაში ცხოვრებამ თავისებური გავლენა მოახდინა. ყოველთვის კარგი სამკაული უკეთია, ხშირად დიდი ზომის, მაგრამ სამოსთან შეხამებული".
"მისი სტილი ყოველთვის დახვეწილია. იცის სად და როგორ ჩაიცვას. მახსოვს სპორტულ სამოსშიც, რაც ასევე უხდებოდა. უდავოდ კარგი გემოვნება აქვს, საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონიცაა. ევროპული ვარცხნილობა ყოველთვის წესრიგში აქვს, ემჩნევა, რომ თავის მოვლა უყვარს"

2. ნინო ბურჯანაძე

"ყოველთვის ხარისხიანი, ძვირად ღირებული სამოსი აცვია. მის ჩაცმულობაში იგრძნობა მაღალი მოდის ტენდენციები. ვფიქრობ, რომ მას ამ საკითხში მრჩეველი ჰყავს და ეს ძალიან კარგია."
"ნინოს ინგლისური, მარგარეტ ტეტჩერისეული სტილი აქვს, რაც, ცოტა არ იყოს, ამოვარდნილია ქართული სინამდვილიდან. თუ ძველ ფოტოებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ნინო დაიხვეწა და უფრო გემოვნებიან სამოსს ირგებს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში მას პროფესიონალები ეხმარებიან." "ბურჯანაძის მთავარი პრობლემა ვარცხნილობაა, თუმცა მის სტილსაა მორგებული. რაც შეეხება აქსესუარებს, მარგალიტი მისი სავიზიტო ბარათია. სამკაული ყოვლთვის შეესაბამება მის დახვეწილ სამოსს. სტილს მორგებულია სათვალეც, ფეხსაცმელიც."

3. მარიამ საჯაია

"რამდენად კარგად ერკვევა პოლიტიკაში, არ ვიცი, მაგრამ გემოვნებიანი ქალი ნამდვილად არის, თუმცა ცოტა დახვეწა აკლია. ასაკიდან გამომდინარე, მისი ჩაცმის სტილი თავისუფალია, ნათელი ფერებით დატვირთული. სასიამოვნო გარეგნობაც ხელს უწყობს, რომ გამოირჩეოდეს."

"გარეგნობა მისი სავიზიტო ბარათია. სტილი კარგად აქვს მორგებული. ყოველთვის კარგი ფეხსაცმელი აცვია."

4. თინათინ ბოკუჩავა

"გამოირჩევა ჩაცმის კულტურით, ზუსტად იცის, რა უნდა ჩაიცვას. მიმაჩნია, რომ თინათინი გემოვნებიანი პოლიტიკოსია. ყველანაირი სამოსი უხდება. ძალიან დახვეწილი და ქალურია"
"სასიამოვნო გარეგნობა სიმაპთიით განგაწყობს. მასზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ზედმეტ აქსესუარს".

5. მაია ფანჯიკიძე

"მისი ჩაცმის სტილი დახვეწილია. საგარეო საქმეთა მინისტრის ჩაცმულობა თავისუფალი ვერ იქნება. აკადემიურია და მოხდენილი. ეტიკეტს პასუხობს.
იცის, როგორ შეიმოსოს შეხვედრებზე."
"ქვეყნის პირველი დიპლომატი გაწონასწორებული, სიმპათიური და გემოვნებიანი ქალბატონია. შემიძლია ვურჩიო, რომ აქსესუარები უფრო მეტად შეუხამოს სამოსს."

6. მარიკა ვერულაშვილი

"მარიკა გემოვნებიანი ქალია. ის ძალიან ნაზი, ქალური და მომხიბლავია. მიმაჩნია, რომ მას კლასიკური სტილი უფრო უხდება."

7. ხათუნა ხოფერია

"გამორჩეულად გემოვნებიანი ქალია,. ვერ ნახავთ მოუწესრიგებელს, უყვარს ჰაეროვანი კაბები. აქსესუარებს დიდ ყურადღებას აქცევს. ძალიან უხდება კლასიკური, საქმიანი სამოსი. გადაწეული თმა განსაკუთრებით შვენის. ზუსტად იცის, რა უნდა ჩაიცვას. ნამდვილი ლედია. როდესაც დიზაინერები ჩვენი პოლიტიკოსი ქალბატონების ჩაცმულობაზე ვსაუბრობთ, ხათუნას გემოვნებას ყოველთვის ვაქებთ".

8. თეა წულუკიანი

"იუსტიციის მინისტრი კოხტა, მომხიბვლელი პოლიტიკოსია. შვენის ქვედაკაბები. მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ვარცხნილობას. იცვამს ზომიერად, ეტიკეტის მიხედვით. სასურველია, თუ ღია ფერებს მიანიჭებს უპირატესობას. ლამაზი თვალის ფერი აქვს და ეს უნდა გამოკვეთოს".

9. მაგდა ანიკაშვილი

"საოცრად დახვეწილია, უხდება როგორც კლასიკური, ასევე სპორტული სტილის სამოსი. ძალიან ლამაზი ქალია, კარგი აღნაგობა აქვს. ქვედაკაბა და პიჯაკი მისი სტილია. მისი სამკაულიც ყოველთვის ნაზი და სამოსთან შეხამებულია".

10. სანდრა რულოვსი

მართალია, პირველი ლედი პოლიტიკოსი არ არის, თუმცა პროფესიონალებმა ის გემოვნებიან ქალად მიიჩნიეს. "მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ არის გაზრდილი, მთლიანად მორგებულია ქართველი ქალის სტანდარტს. გარემოს შესაბამისად აცვია. დამახასიათებელი ჩაცმის სტილი აქვს. გამორჩეულად უყვარს შარფები, რასაც კარგად უხამებს თმისა და სახის ფერს".

დიზაინერები ურჩევენ:

ნუ მოირგებენ სამოსს, რომელიც მათ ფიზიკურ ნაკლს შესამჩნევს გახდის. აუცილებელი არაა, პარლამენტში მხოლოდ კოსტიუმებითა და თეთრი პერანგებით მივიდნენ. მეტი დრო დაუთმონ ვარცხნილობას, თმის ფერს. ნუ ავიწყდებათ, რომ პირველ რიგში, მანდილოსნები არიან. ტანსაცმელი შეარჩიონ ფერის, ფაქტურისა და ხარისხის მიხდვით.

შეიძინონ ხარისხიანი და სამოსის შესაბამისი ფეხსაცმელი. განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭონ სამკაულს: ზოგიერთი პოლიტიკოსი ქალი შეუფერებლად გრძელ საყურეებს იკეთებს, რაც დაუშვებელია. როცა მამაკაცურად გაცვია, საყურე ქალად ვერ გაქცევს. მთავარია მეტი ქალურობა. პოლიტიკოსებმა უფრო მეტი ინდივიდუალიზმი უნდა გამოიჩინონ. გარდერობს აუცილებლად შემატონ ქვედაკაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი, აქსესუარიც არ დაავიწყდეთ, დაიმახსოვრონ: მთავარია არა მოდური სამოსი, არამედ ის, რაც გიხდება.
პოლიტიკოსი ქალი დახვეწილი და ელეგანტური უნდა იყოს. მიუღებელია სიმდიდრის ჩვენება და ბრჭყვიალა სამკაულების დემონსტრირება. საჭიროა ზომიერება.