„ომიკრონი“ გაცილებით უფრო ინფექციურია, ანუ უფრო ადვილად გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს. ამასთან, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის ორგანიზმში და შემდეგ „ემალება“ ჩვენს იმუნურ სისტემას. როგორც ვაქცინირებულებისთვის, ასევე კოვიდგადატანილებისთვის რეინფიცირების რისკი 2.5-ჯერ მაღალია“, - განუცხადა ექსპერტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ For.ge-ს.
რა ინფორმაცია გვაქვს დღეს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვირუსის ახალი სახეობა ჯერ არ დადასტურებულა, სპეციალისტები უკვე საუბრობენ იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამას მოჰყვება. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული ზამთარი გველის...
- იმ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს, უფრო მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თანაც, ყველა ვაქცინა გვიცავს მძიმე მიმდინარეობისგან, მათ შორის „ომიკრონის“ შტამის შემთხვევაში და ფატალური დასასრულისგან.
პრობლემა და ძირითადი საფრთხე, რაც გვემუქრება ის არის, რომ შესაძლოა, მკვეთრად მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ. მართალია, ეს შემთხვევები თავისი არსით, 100-დან 98 შემთხვევა შესაძლოა, არ იყოს ძალიან მძიმე, მაგრამ ის 100 შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჩვენთან მიუღებლად მაღალი ციფრია, ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა ამდენი ადამიანის გარდაცვალება, რაც წელს გვქონდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასეთი სტატისტიკა არ გვქონია.
როგორ ფიქრობთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოში უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო, თუნდაც კონკრეტული ჯგუფებისთვის?
- აუცრელი მოსახლეობა რომ გვყავს, ეს არის რთული ამ პირობებში. სიკვდილობა პროპორციულად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობასთან ერთად, რადგან არ გვაქვს ის დაცვა, რასაც ამ კუთხით ვაქცინა გვაძლევს. კოვიდპასპორტი აუცილებლად უნდა გავრცელდეს მომატებული რისკის პროფესიებზე, რაც არის სამედიცინო და სამასპინძლო სფერო. როდესაც სტუმარს ვთხოვთ კოვიდ პასპორტს, იგივე მოთხოვნა უნდა იყოს პერსონალის მიმართ, სადაც ინფექციის გავრცელების კუთხით მეტი რისკია.
წახალისების გარდა, ვალდებულების ელემენტებიც აუცილებლად უნდა შემოვიდეს 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში, რომელიც ყველაზე მაღალია. 12 ათასი გარდაცვლილიდან დიდი პროცენტი არის აუცრელი. 85%-ზე მეტია 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა. ეს რიცხვი ნათლად მეტყველებს იმაზე, რა უნდა გაკეთდეს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში კოვიდ პასპორტის ამოქმედება შეამცირებდა თუ არა მნიშვნელოვნად ახალი შემთხვევების რაოდენობას?
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება დაიცვა რეგულაცია. მატარებლეში, თვითმფრინავში აუცილებელია. როდესაც საუბარია საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილებაზე, შეიძლება კიდევ იფიქროს ადამიანმა, მაგრამ ჩვეულებრივ ტრანსპორტში მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს პირბადეების ტარების ვალდებულება.
არ შეიძლება სტუდენტებს არ მოვთხოვოთ, რომ ისინი აცრილები იყვნენ, ასევე - მასწავლებლებს, სამასპინძლო და სამედიცინო სფერო პერსონალს. თუ გვინდა, რომ შევაკავოთ რეალობა, უნდა მოხდეს ეს.
ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია. არ იცრება მოსახლეობის ის რაოდენობა, რაც მკეთრად შეცვლიდა იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს. დამატებით, რა ღონისძიბები უნდა გატარდეს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მოიმატოს აცრის მაჩვენებელმა?
- კომუნიკაცია მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს და ყველა რესურსი მივმართოთ ამისკენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კარდაკარ დადის, სოფლებშიც ტარდება ეს კამპანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ყველა რესურსი მობილიზებულ იქნას სახელმწიფოსი და მთლიანად საზოგადოების იმისთვის, რომ მოუწოდონ ადამიანებს აცრისკენ.
მნიშვნელოვანია იმათი გააქტიურება, ვისაც ენდობიან, მათ შორის ძალიან დიდი როლი ექნებოდა რელიგიურ ჯგუფებს. ვისურვებდი, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში, რომლებიც დღეს რეალურად აცრის მოწინააღმდეგეები არიან და მრევლს მოუწოდებენ, რომ არ აიცრან, ეს შეიცვალოს. ვისურვებდი, რომ გაცილებით აქტიური პოზიცია დაეჭირა ეკლესიას ამ კუთხით.
განსხვავება თვითმკვლელობასა და აუცრელად სიკვდილს შორის ამ შემთხვევაში არ არსებობს. თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და შესაბამისად, იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოექცა ანტივაქსერული პროპაგანდის ქვეშ, ყველას უჭირს, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიასაც, რომ მოუწოდონ, რადგან მრევლში ძალიან ბევრია, ვინც ამ პროცესის იდეოლოგიური მოწინააღმდეგე გახდა. ჩვენ შეგვეძლო, რომ ეს პროცესი სხვანაირად წაგვემართა, თავიდანვე სწორი კომუნიკაცია ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.