ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეზე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ხაზარაძის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება არ არის და „ყველაფერი გასტუმრებულია პატიოსნად“.
,,სამი წელია მიმდინარეობს ეს აბსურდი. წინა სასამართლო სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება ამ საქმეში არ არის, ყველაფერი არის გასტუმრებული პატიოსნად, ამ საქმეს არ გააჩნია დაზარალებული ჩემი და ბადრის გარდა, არ გააჩნია არც მომჩივანი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორები აგრძელებდნენ მუშაობას ჩვენთან ერთად და ახლაც, ამ ბანკს წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა. მაგრამ, ბრძოლა გაგრძელდება და არავის არაფერი დაეთმობა, როდესაც სიმართლეზეა საუბარი , ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, იქამდე, სანამ დემოკრატიული ინსტიტუტები და მართლმსაჯულება არ იქნება ისეთი, როგორიც არის თანამედროვე მსოფლიოში“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით. ხაზარაძის თქმით, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში.
,,შერიგების იდეას „ლელო“ აყენებდა პირველივე დღიდან, როდესაც მოვედით პოლიტიკაში. ეს არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს. ორივე ძალას გააჩნია თავისი პრობლემები, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში. უნდა მოხდეს გადატვირთვა ყველა ძალის და ვთქვათ, რომ ვიწყებთ ახალი საქართველოს მშენებლობას. რიგგარეშე არჩევნები იქნება ძალაში არამხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.