სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა ჯერ უკრაინის საზღვარი და შემდგომ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება მათზე. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება სააკაშვილის მხარდამჭერებზე, რადგან მათი კერპი ასე მხდალად და ასე დანაშაულის ჩადენით შემოიპარა საქართევლოში და რაფერი აქვთ სათქმელი. აჟიოტაჟი, რაც მათ ჰქონდათ გაჩაღებული, რომ თითქოს სააკაშვილის უფლებებს ვიღაც ლახავდა, არ აძლევდნენ სასამართლოზე დასწრების უფლებას და ა.შ. ესეც აღარ აქვთ. ამიტომ არანაირი საფუძველი აღარ აქვთ მათ რაიმე ტიპის მანიპულაციის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.