ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ ყველაზე პოპულარული სახელების სია გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანელებმა თავიანთ შვილებს ბოლო ორ წელიწადს დაარქვეს.
ამ ინფორმაციით, უკვე 11 წელია, ბიჭებს ყველაზე ხშირად ჯეკს არქმევენ, გოგონებს კი ყოველწლიურად სხვადასხვა ლიდერი-სახელები აქვთ. გასულ წელს სახელი ჯესიკაა დაწინაურებული.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბიჭებისთვის სახელების შერჩევისას ადამიანები ძალიან კონსერვატიულები არიან. გოგონების შემთხვევაში კი თავს ფანტაზიის საშუალებას აძლევენ. მშობელთა წარმოდგენით, ბიჭები უფრო სოლიდურები უნდა იყვნენ - წარმოუდგენელია, მომავალი ბანკირი სასაცილო სახელით.
ბრიტანული პოპულარული სახელების უმეტესობა რამდენიმე წელია, მოდაშია. მხოლოდ მათი ადგილები იცვლება სიაში. ამ შემთხვევაში, ბიჭების ხუთეულში მოხვდნენ ჯეკი, ჯოშუა, თომასი, ჯეიმსი და ოლივერი. ახალშობილ გოგონებს კი ჯესიკას, ემილის, სოფის, ოლივიას და ქლოას არქმევენ.
საინტერესოა, რომ ბრიტანელების 52%-ს არ სურს, რომ ის სახელი, რომელიც ახალშობილს შეურჩიეს, ყველაზე პოპულარულთა სიაში შედიოდეს. ისინი ცდილობენ, ბავშვს ორიგინალური სახელი მოუძებნონ, მაგრამ მალე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს სახელი მათთან ერთად სხვა თანამემამულეებმაც შეარჩიეს.