მსახიობი თემურ გვალიაც „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი იყო. ის ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს, რის შემდეგადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. წამების რა გზა გაიარა, რა ნახა იქ და როგორ აწამებდნენ პატიმრებს ალექსანდრე მუხაძის პერიოდში, ამ ყველაფერს მსახიობი for.ge-თან ინტერვიუში ყვება.
მინდა ისტორიას ქრონოლოგიურად მივყვეთ და თქვენი დაკავებით დავიწყოთ - დაკავებისას, ჰქონდა თუ არა ძალის გამოყენებას ადგილი?
- ძალის გამოყენება არ ყოფილა, ამიტომ ამას ვერ დავაბრალებ. უბრალოდ, დაკავების მომენტში სადაც ვიყავი, კარები შემოანგრიეს, შემოვარდნენ და როგორც ხდება დაკავება, ისე მოხდა ჩემი აყვანაც.
ანუ, ციხეში გადაყვანის შემდეგ დაიწყო თქვენზე ძალადობა, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ, კონკრეტულად რა სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი?
- ჯოჯოხეთი სწორედ ციხეში დაიწყო. სამდღიანი ე.წ. კაპეზე იყო და ამ „კაპეზიდან“ ციხეზე რომ გადაჰყავდათ პატიმრები, მთელი ჯოჯოხეთი აქედან იწყებოდა. ადამიანი კარანტინში ხვდებოდა და ალბათ, გეცოდინებათ, კარანტინი როგორ მიმდინარეობდა - კორიდორი იყო, სადაც ხალხს ცემით კლავდნენ.
უშუალოდ თქვენს თვალწინ კარანტინში ყოფნის დროს უცემიათ ვინმე?
- კარანტინში სცემდნენ თუ სცემდნენ. პატიმრებს წინასწარ ატყობინებდნენ, თუ კარგად არ მოიქცევი, ასე და ისე დაგემართებაო. ყველას თუ არ სცემდნენ, ნახევარს მაინც სცემდნენ და სხვა პატიმრებს ამ ყველაფერს აყურებინებდნენ. ამით შიშს თესავდნენ. კარანტინიდან საკნებში რომ აჰყავდათ, ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება. ძალიან დამამცირებელი რაღაცები ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარიც აღარ მსურდა, რადგან აზრი აღარ აქვს. სტატუსი დავწერე და პირად შეტყობინებაში მწერდნენ - რატომ იტყუებიო. უამრავი მსგავსი მესიჯი მომდიოდა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ხალხს არ სჯერა, თორემ რაც ჩვენ გადავიტანეთ, გადავიტანეთ - დაღუპულ პატიმრებს ვეღარავინ გააცოცხლებს.
თქვენს სტატუსზეც რომ გვითხრათ ვრცლად და დაზუსტებით, დედის პანაშვიდზე არ გაგიშვეს და ის თანხა, რომელიც გაშვებისას უნდა გადაგეხადათ, გადაიხადეთ? რა მოხდა ზუსტად?
- ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ გამიყვანდნენ. რა მომენტშიც გამიყვანდნენ, დაურეკავდნენ და თანხასაც გადაიხდიდნენ. გარეთ ცალკე ოჯახი მომიტყუეს და ციხეში მე მატყუებდნენ. ჩემი ეს ამბავი ისეთი არაფერია, რაც იქ ხალხს უკეთებდნენ. ჩემს თავზე ამას ვერ ვიტყვი, არ ვიცი ასაკმა მიშველა თუ რამ. თუმცა, წნეხის ქვეშ მაინც ვიყავი. საქმე ის იყო, რომ ხმას ვერ ვიღებდით. თუ რამეს შეეწინააღმდეგებოდი, გაგიყვანდნენ, კედელთან და გაყურებინებდნენ შენს თანასაკნელს როგორ სცემდნენ. ერთხელ, ორჯერ შენს გამო შენს თანასაკნელს რომ სცემენ, ხომ გეტყვიან ჩვენს საცემლად შემოხვედიო?! ამიტომ, ყველა გაჩერებული იყო და ყველა ერთმანეთს ანგარიშს ვუწევდით. ისინი კი ამით სარგებლობდნენ.
თქვენ სტატუსში იმასაც წერდით, რომ თქვენი საკნის ფანჯრიდან ციხის სამედიცინო დაწესებულებას უყურებდით და ხედავდით როგორ გაჰყავდათ მოკლული პატიმრები...
- ჩემი საკნის ფანჯრები უყურებდა საავადმყოფოს შესასვლელს. ძალიან ბევრი მიცვალებული გაჰყავდათ და ეს ყველაფერი უამრავჯერ მაქვს ნანახი. ეს ყველაფერი ღამე ხდებოდა. ბადრაგი, რომელიც გარეთ იდგა, თუ დაინახავდა, რომ პატიმრები ფანჯრიდან იყურებოდნენ, აანთებდნენ შუქს, გამოიყვანდნენ საკნიდან და შემდეგ ცემაში ხოცავდნენ. ერთ ღამეს დავთვალე შვიდი გარდაცვლილი რომ გაიყვანეს.
იცით რა არის, მე არ მაქვს პრეტენზია რატომაც ვიჯექი, დამნაშავე ვიყავი და ვიცოდი, რომ ამის გამო პასუხს ვაგებდი. მომისაჯეს და ამას შევეგუებოდი თუ არა, ეს ჩემი საქმე იყო. მაგრამ, მე ხომ სასჯელს ვიხდი და რაღას მაწამებ?! ისედაც ადამიანი ციხეში წლებს ატარებს და ესეც ხომ მისთვის წამებაა და კიდევ თავისუფლება წართმეულ ადამიანს, რაღაზე კლავ?! ასეთ ხალხს არაფრის ეშინია. პეპლებივით ერთი დღით ცხოვრობენ და ფულის გამო ყველაფერზე მიდიან.
რომ დავაზუსტოთ, თქვენს პერიოდში ციხის უფროსი ვინ იყო?
- ციხის დირექტორი იყო, დღეს ძებნაში მყოფი ალექსანდრე მუხაძე. პირველ ჯერზე რომ დამაკავეს, მაშინ გლდანის ციხე არ იყო. მეორედ რომ დამაკავეს, მაშინ იყო მუხაძე დირექტორი. როდესაც გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემიყვანეს, მუხაძესთან მიმიყვანეს და შემდეგ გავიარე ე.წ. კორიდორი. მუხაძეს ჩემი საბუთები ეჭირა ხელში, რომ ნახა მსახიობი ვიყავი, ამომხედა და მითხრა - „მეორედ ხარო და დარიგება არ გჭირდება და წესიერად მოიქეციო“. კორიდორი რომ გავიარე, ერთი დაბალი ბიჭი იყო, „ბასტის“ თუ „ბუბუს“ ეძახდნენ, უკან ფეხი ამომარტყა. ძალიან ცუდად გავხდი, გავჩერდი, მომიბრუნდა და მითხრა - „გეწყინა თუ გეტკინაო“? არ ვიცი რამ მათქმევინა - „ვირისგან წიხლი არ მწყინს-თქო“ და ეს პატარა ბიჭი საცემლად გამოიწია. თუმცა, მუხაძემ გააჩერა და თავისთან მიმიყვანა. სხვათა შორის ჩემს ნათქვამზე მუხაძესაც გაეცინა და გამიშვა საკანში. ამის მერე დაიწყო ყველაფერი - აბანოებში გაყვანა, ცემა-ტყეპა, დასისხლიანებული პატიმრების გამოყვანა. ჩემი თანამესაკნეები არ უცემიათ. არ ვიცი ჩემი პროფესიის გამო თუ რის გამო, შემოიხედავდნენ და მეტყოდნენ - შენ მსახიობი ხარ? „ორმაგ სახეში“ შენ თამაშობ? - ასეთი რეპლიკები იყო ხოლმე. თუმცა, ჩემი ქსანში გადაყვანის შემდეგ, უცემიათ ჩემი თანასაკნელები.
თქვენი საუბრიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პატიმრები ჰყავდათ დახარისხებული, ვინ უნდა ეცემათ და ვინ არა. ასე იყო?
- სავარაუდოდ, სია ედოთ და ყველა პატიმარზე „პტიჩკა“ ჰქონდათ გაკეთებული. ანუ, ბადრაგებს სიტყვიერი ბრძანება ჰქონდათ - ამ პატიმარს ასე მოექეცით, ამ პატიმარს თავი დაანებეთ, იჯდეს და იფიქროს. ისინიც დავალებას ასრულებდნენ. თითქოს შეჯიბრი იყო, ვინ უფრო მეტ ხალხს „დახოცავდა“ და ამით უფროსობას ასიამოვნებდნენ. სადისტობასთან ერთად გოიმები და გაუნათლებლები იყვნენ. ეს ეხება იმათ, ვინც წამებაში იღებდა მონაწილეობას, თორემ მე ნანახი მყავს ოფიცრები, რომლებსაც პატიმარზე ხელი არ აქვთ აწეული.
დღეს იმ წამებული რეჟიმის მთავარი გმირი სასჯელს იხდის, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს და საკუთარ დანაშაულებს თანაგუნდელებთან ერთად, ოჯახის წევრებსაც აბრალებს. როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ბუმერანგივით დაუტრიალდა და სამართლიანობა აღსდგა?
- გაბრაზებული კი არა გამწარებული ვარ. ეს კაცი არ მიყვარს, როგორც პრეზიდენტი ხომ ჩემთვის არ არსებობს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ პატიმარზე რამეს ვიტყოდი, თუმცა აქ მეორე ფაქტორია, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ის არის მწამებელი. მწამებლები არ შემიძლია შევიცოდო. ყველაფრის მიუხედავად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ აზროვნებით, ფიქრით და ქცევით. სულ მიკვირს ამ ადამიანმა ამდენი წელი პრეზიდენტად როგორ გაძლო. გაკვირვებაც ვერ დავმალე, როდესაც თქვა, რომ არა სცალია და ჩვენ გვეცალა?! სასამართლოზე დილის 8 საათზე რომ წამიყვანდნენ და საღამოს 7-8 საათზე ტარდებოდა ხოლმე, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი ნაჭერი შავი პური მქონდა ნაჭამი. თქვენ არ იცით სასამართლოზე რა ხდებოდა ხოლმე. პატიმრებს რომ არ ელაპარაკათ, ვიდრე სასამართლოზე გადაიყვანდნენ, ისე სცემდნენ ხოლმე, რომ საუბრის თავი აღარ ჰქონდათ.
იცით რა არის, ზიზღი არავის მიმართ არ მაქვს. გული მწყდება, რომ საკუთარ დანაშაულს ვერ აცნობიერებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ცალ-ცალკე წევრებს ზოგს სად ვხდები და ზოგს სად და საუბარი გვიწევს. ნორმალური ხალხია, რამდენიმესთან მეგობრობაც მოგინდება, მაგრამ რა სჭირთ არ ვიცი. სექტასავით არიან, ფაქტებს ეუბნები, ვიდეოებს ანახებ, მაგრამ არაფრის სჯერათ. თუმცა, როგორ არ სჯერათ, უბრალოდ არ აწყობთ, რადგან დღეს ისე ვერ არიან, როგორც მაშინ იყვნენ და მოდუნება არ უნდათ.
ექს-პრეზიდენტის დაკავებამ საზოგადოება ორ ნაწილად გაჰყო, მეგობრებმა ერთმანეთიც კი დაკარგეს. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ თქვენი შეხედულების გამო, მეგობარი, ახლობელი დაგიკარგიათ?
- გეთანხმებით და მსგავს სიტუაციებს მეც შევჯახებივარ. არავის პოლიტიკური მრწამსი არ მაინტერესებს. შეიძლება ვიღაცამ რაღაც მკითხოს და მე მხოლოდ რჩევას მივცემ. ალბათ, ვიღაცა ვერც მე მიტანს, თუმცა პირადად მე არ მაქვს ეს მომენტი, რომ ვიღაცას ვერ ვიტანდე. ყველას პატივს ვცემ.