პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, როცა რადიკალური ოპოზიცია, ვითარების დესტაბილიზაციისთვის, ყველა ხერხს მიმართავს.
„არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და არსებობს მათი გეგმა - დესტაბილიზაცია და რევოლუცია. ამ ვითარებაში, ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი, ერთი მხრივ, არის მლიქვნელობა, რათა ვინმეს თავი მოაწონონ და, მეორე მხრივ, მათი რეალური გეგმების როგორმე შეფუთვის საჭიროება. ასე რომ, შერიგებას სჭირდება მუშაობა გარკვეულ საკითხებზე და პიროვნული ურთიერთობების აღდგენის, დამყარებისა და ჩახუტების რესურსი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
6 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან, თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.