დღეს დილით გერმანულმა გამოცემამ „Suddeutsche Zeitung” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. უახლოეს მომავალში მიუნჰენის „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს ციხეში ჩაჯდომა ემუქრება.
გუშინ მიუნჰენურმა კლუბმა ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში კატალონიური „ბარსელონა“ გაანადგურა და ამ გუნდის უძლეველობის მითი დაამსხვრია. გერმანული გუნდის ყველა წარმომადგენელს დიდი ზეიმის საბაბი მიეცა. სამწუხაროდ „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს სასიხარულო განწყობა არ გააჩნდა.
გერმანული გაზეთის მტკიცებით, მიმდინარე წლის 20 მარტს ქალაქ მიუნჰენის პოლიციამ ჰიონესის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. ყოფილი ფეხბურთელი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და თავისუფლებაში თავდების თანხის - 5 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ გამოუშვეს. ამ ფაქტს კლუბის ხელმძღვანელობა საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ საიდუმლომ გარეთ მაინც გამოჟონა.
ბატონ ულის გერმანიის დატოვების უფლება არ გააჩნია. უფრო მეტიც, კვირაში ორჯერ პოლიციაში უნდა გამოცხადდეს და მიუნჰენში თავისი ყოფნის ფაქტი ხელწერილით დაადასტუროს.
გერმანული მას-მედიის ცნობით, ული ჰიონესმა სახელმწიფოს გადასახადები დაუმალა. საქმე სოლიდურ თანხებს ეხება. ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნის“ პრეზიდენტის მაქინაციური საქმიანობის შესახებ სერიოზული მოკვლევა მიმდინარეობს და მალე ჰიონესი ადგილობრივი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.