მას შემდეგ რაც პარიზში გაღაღანებულმა ლეო მესიმ ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო, არგენტინელმა გადაწყვიტა ნათესავებისთვის, მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის დიდი წვეულება მოეწყო და მასზე თითქმის ყველა მიიწვია, ვისაც კი ლეოსთან ბურთი უგორებია და ნაკრებში თუ კლუბში უმეგობრია.
მიუხედავად იმისა, რომ მესის ოჯახში დაგეგმილ წვეულებაზე თითქმის მთელი არგენტინის ნაკრები ცოლებითურთ იყო მიწვეული, მასზე არ მოუხმეს მაურო იკარდისა და მის ახლადშემორიგებულ ცოლს და აგენტს, ვანდა ნარას. ეს ამბავი ცხადია არც მედიას დარჩენია ყურადღების მიღმა და ათასგვარი ჭორ-მართალი გავრცელდა.
მედია ვარაუდობს, რომ ლეო მესიმ გაითვალისწინა ნაკრებში თანაგუნდელების რბილად რომ ვთქვათ ცუდი განწყობა მაურო იკარდის მიმართ, რომელმაც თავის დროზე ფეხბურთელ მაქსი ლოპესს ცოლი, სწორედ ხსენებული ვანდა ნარა წაართვა და ამ ამბავს მაშინ დიდი სკანდალი მოჰყვა. სხვათა შორის, თავად ფეხბურთელები მოითხოვენ იკარდი ნაკრებში რომ არ მიიწვიონ და ამ მოთხოვნას არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაც ითვალისწინებს.