საზოგადოებას ნამდვილად არ აინტერესებს პატიმარ სააკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირების საკითხი, რაც ისედაც აშკარად გამოკვეთილი იყო. ეს დაპირისპირება ყოველდღიურად მასშტაბური ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებაზე გააკეთა.
„ვფიქრობ, ტყუილად ხარჯავენ რესურს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ გათავისუფლდეს სააკაშვილი და შემდეგ შეიცვალოს რეჟიმი, თუ პირიქით, რადგან საზოგადოება არცერთს აპირებს და არც მეორეს - არც ხელისუფლების შეცვლას აპირებს და არც პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლებას. ასე, რომ მათი ეს დაპირისპირება ისედაც ცნობილი იყო. ეს მათი საქმეა. საზოგადოებას ნამდვილად არ აინტერესებს პატიმარ სააკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირების საკითხი, რაც ისედაც აშკარად გამოკვეთილი იყო. ყოველდღიურად ეს დაპირისპირება მასშტაბური ხდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.