იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისური გრანდი ხალხს დიდი და მდიდარი კლუბი ჰგონია, მაგრამ შიდა სამზარეულოში ისეთი რაღაცები ხდება, რაც ყველაზე ღარიბ კლუბშიც არ ხდება.
„ერთმა რაღაცამ ძალიან გამაკვირვა: ყველა ფიქრობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტოპკლუბია, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი, გარედან ასე ჩანს. მაგრამ, როგორც კი იქ მოვხვდი, აღმოვაჩინე წვრილმანები, რომელსაც ყველაზე ღარიბი და ჩაკეტილი მენტალიტეტის გუნდიც არ იკადრებს.
ერთხელ მატჩის წინ გუნდთან ერთად სასტუმროში ვიყავი. მწყუროდა და მინი ბარი გამოვაღე, სადაც ხილის წვენი ავიღე. ის თამაში წავაგეთ, მერე სახლში წავედით. გარკვეული დროის მერე ჩემი ხელფასის ამონაწერი მომივიდა, როგორც წესი, ამას არ ვამოწმებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად, არ ვიცი რატომ, დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ხელფასიდან ერთი გირვანქა სტერლინგი ჩამომაჭრეს. გუნდის მენეჯერს დავურეკე და ვკითხე, ხელფასიდან გუნდმა ერთი ფუნტი რატომ ჩამომაჭრა. მენეჯერმა კი მიპასუხა, რომ ეს მინი ბარის წვენის საფასური იყო. გაოგნებული დავრჩი: „ხუმრობ?“- ვუთხარი, რაზეც მიპასუხა: „არა, თუ რამეს შეუკვეთავ, უნდა გადაიხადო“. მაშინვე ვუთხარი, რომ სასტუმროში ჩემი ინიციატივით არ ვყოფილვარ, ჩემი სამუშაოსთვის ვიყავი და როცა მწყურია, უნდა დავლიო. მინდორზე დეჰიდრირებული ხომ ვერ გავიდოდი.
წარმოგიდგენიათ? ერთი ფუნტი? მსგავსი იტალიაში არასდროს მოხდება. ეს, ის დეტალებია, რომლებიც მნიშვნელოვანია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის პატივისცემას ანგრევს. ბაზაზე შესასვლელად ყოველდღე მთხოვდნენ რაღაც საბუთებს, ერთხელაც მანქანიდან ფანჯარა ჩამოვწიე და დაცვას ვუთხარი: „მეგობარო, უკვე ერთი თვეა აქ ყოველდღე მოვდივარ. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და თუ სახეზე ვერ მცნობ, სხვა სამსახური მოძებნე, არასწორ ადგილზე ხარ“, - ციტირებს The Athletic-ი ზლატანის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა და 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა.