საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ახალი პრეზიდენტის მოლოდინშია. 11 დეკემბერს, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში საარჩევნო კენჭისყრა გაიმართება, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. 1 დეკემბერს კანდიდატების მიღების ბოლო ვადა ამოიწურა. როგორც ცნობილია კალათბურთის ფედერაციის პრზიდენტის სკამისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული და „ქართული ოცნების“ წევრი და წარსულში ცნობილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე.
იმ შემთხვევაში, თუ სანიკიძე პრეზიდენტი გახდება, ის სპორტული ფედერაციიებიდან მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც ამავდროულად პარლამენტის წევრიც იქნება.
რატომ გადაწყვიტა პარლამენტარობასთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა, არის თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება? For,ge-ს კითხვებ „ქართული ოცნების“ წევრი და ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე პასუხობს.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ პარლამენტარის მანდატის პარალელულად იყოთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?
- ჩემი წარსულიდან გამომდინარე, არ მგონია ეს გადაწყვეტილება ვინმესთვის უცნაური იყოს. აქამდე ქართულ კალათბურთს სხვა ამპლუაში ვემსახურებოდი და ახლა უკვე მაქვს იმის ამბიცია, რესურსი, რომ ქართულ კალათბურთს კიდევ ერთხელ ვემსახურო. მინდა, რომ კალათბურთი კიდევ უფრო განვითარდეს, ეს არის ჩემი მიზანი. რა თქმა უნდა, მზად ვარ მოქმედ ხელმძღვანელობასთან და ვინც ქართულ კალათბურთში ჩართულია, ვითანამშრომლო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ქართული კალათბურთი რაც შეიძლება კიდევ უფრო წინ წავიდეს.
უკვე არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პარალელულად პარლამენტის წევრია. ხშირად ლევან კობიაშვილის ამ ორ სამსახურს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენც გახდით პრეზიდენტი, თქვენთვის ეს დისკომფორტი არ იქნება?
- ასეთ სარჩულს ვიღაცა ყოველთვის გამონახავს. თუმცა, ამას მე კანონმდებლობა არ მიზღუდავს, აქედან გამომდინარე ჩემი ეს გადაწყვეტილება არანაირ უხერხულობას არ მიქმნის. ჩემი საკალათბურთო წარსულიდან გამომდინარე მაქვს იმის ამბიცია, რომ ქართულ კალათბურთში ჩემი წვლილი კიდევ შევიტანო.
თქვენ ბრძანდებით მმართველი გუნდის წარმოამდგენელი. თქვენ თუ გაიმარჯვებთ საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა, ისაუბროს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ხართ და სწორედ ეს განაპირობებს თქვენს გამარჯვებას...
- კი ბატონო, მესმის თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ, იმის უფლება არ უნდა მქონდეს, რომ ქართულ კალათბურთს ვემსახურო? ეს ჩემთვის შემაფერხებელი მომენტი არაა. რა თქმა უნდა, ვიღაცას თუ მიზეზის მოძებნა უნდა, ის ყოველთვის მოძებნის და რაღაცას იტყვის.
მაშინ ასე გკითხავთ, რამდენად მოახერხებთ, რომ ორივე სამსახურს თანაბარად გადაუნაწილოთ დრო, რადგან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტია?
- ისეთ ასაკში ვარ, რომ მაქვს იმის ნერგია და არც ერთ სამსახურს ენერგიას არ მოვაკლებ. თუ რამეს ვეჭიდები, სრული პასუხისმგებლობით ვეჭიდები. რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა ლეგიტიმურია, მაგრამ კარგად მაქვს გათვიცნობიერებული თუ რა ნაბიჯს ვდგამ, ამიტომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩემს საქმიანობას ყურადღებას არ მოვაკლებ.
ცნობილია წინა ფედერაციის არჩევნები, რომელიც დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ახლაც იქნება მძაფრი და დაძაბული არჩევნები?
- აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ რაიმე დაპირისპირებას ადგილი ჰქონდეს. ჩემი კატეგორიული მიდგომაა, რომ კალათბურთის ფედერაცია ერთი ოჯახია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ახლობლები, მეგობრები და ყველანაირად გამოვრიცხავ, რომ რაიმე დაპირისპირებას ადგილი ჰქონდეს. ყველასთან ღია ვარ თანამშრომლობისთვის. დაპირსპირებაში არც ადრე ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ - ვიმოქმედოთ კალათბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, კალათბურთის საუკეთესო ინტერესებში დაპირისპირება არ ჯდება.
ასევე არ შემიძლია არ გკითხოთ აზარტული თამაშების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ცნობლი ფაქტია, რომ თითქმის ყველა სათამაშო ბიზნესი სპონსორია ამა თუ იმ კლუბისა და ფედერაციის. როგორც პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და როგორც ახლა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, თქვენი პოზიცია ამ მხრივ როგორია?
- როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადება მოვისმინე, აღნიშნული რეგულაცია, გარკვეულწილად, არ შეეხება სპორტული კლუბების დაფინანსებას, რადგან ეს საერთაშორისო პრაქტიკაა - უცხოეთშიც სათამაშო ბიზნესი სპორტული კლუბების სპონსორები არიან. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ისეთ ფორმას მიიღებს, რომ სპორტი არ დაზარალდეს. აზარტული თამაშების რეგულაციების შეზღუდვას ვიზიარებ, მაგრამ უნდა მოინახოს ისეთი ფორმა, რადგან სპორტის ნებისმიერ სახეობას ფინანსები სჭირდება, იმიტომ რომ, ფინანსების გარეშე სპორტის განვითარება შეუძლებელია. სპორტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო სათამაშო ბიზნესია და იმედი მაქვს, რომ სპორტის სახეობები არ დაზარალდება.
ფინანსებზე საუბრობთ და ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გასულ წელს უარი განაცხადა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდით პრეზიდენტი თქვენი კოლეგის მსგავსად თქვენც ხომ არ იტყვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარს?
-ფეხბურთის ფედერაციას ფიფადან და უეფადან ფინანსდება. კალათბურთის უმაღლესი ორგანო ფიდეა და ფიდე კალათბურთის ფედერაციას არ აფინანსებს. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია, რომ კალათბურთის ფედერაცია სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი თქვას. რა თქმა უნდა მივესალმები რომ იყოს სპონსორები და სხვადასხვა დაფინანსებები, რათა სახელმწიფოს დახმარება აღარ იყოს საჭირო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასეთ ვითარებაში ვართ. თუმცა, ვიმუშავებთ იმაზე რომ დაფინანსება სპონსორებიდან მივიღოთ. დღესდღეისობით ყველაზე დიდი დონორი სახელმწიფოა, რომელიც კალათბურთის ფედერაციას აფინანსებს.