ლეო მესი „ბაიერნს“ უფრთხის

ლეო მესი „ბაიერნს“ უფრთხის

დღეს მიუნჰენში მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ადგილობრივი „ბაიერნი“ კატალონიურ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ბოლო რამდენიმე წელია „ბარსელონა“ მსოფლიო ფეხბურთის უპირობო ლიდერია, იუპ ჰეინკესის კლუბი კი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და ნებისმიერ მეტოქეს უპრობლემოდ უსწორდება. ორი კვირის წინ „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონის წოდება ვადამდე მოიპოვა. ამის მიუხედავად გუნდს მოტივაცია არ დაუკარგავს და მოწინააღმდეგეების 4-5 ბურთიანი უპირატესობით დამარცხებას კვლავ განაგრძობს.

„ბაიერნი“ გერმანიაში კონკურენციის გარეშეა. დღეს ამ გუნდს მეორე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ტურინის „იუვენტუსმა“ გერმანელებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. საინტერესოა „ბარსელონა“ თუ შეძლებს ამბიციამომატებული იუპ ჰეინკესის შეგირდების შეჩერებას?

დღეს დილით არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი გამოცემას „Goal.com” ესაუბრა. ლეომ მეტოქის სიძლიერე განსაკუთრებით გამოყო.

„ამ ფორმაციის „ბაიერნი“ ევროპაში უძლიერესია. მიმაჩნია რომ ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ვუპირისპირდებით. „ბარსელონას“ დიდი გამოცდილება გააჩნია და ვფიქრობ, მეტოქეს არაფერს დავუთმობთ. მთავარია შეხვედრის პირველივე წუთებიდან გერმანელებს ინიციატივა არ მივცეთ და საკუთარი თამაში მოვახვიოთ.

„ბაიერნი“ შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფება და ნებისმიერ მეტოქეს დიდი ანგარიშით ანადგურებს. ვფიქრობ რომ მეტოქის შეჩერებას მოვახერხებთ. გულის სიღრმეში გერმანელების მიმართ გარკვეული შიში კი მაქვს, მაგრამ მინდორზე საბოლოო წარმატების იმედით გავალ. დარწმუნებული გახლავართ რომ მთელი მსოფლიო ორ ულამაზეს სანახაობას იხილავს.“ - განაცხადა ლეო მესიმ.