For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილი მოგონებების გამოქვეყნებას.
1999 წელს საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდა და ამ პერიოდში პირველობა ფინანსურად ბევრ რამეს ნიშნავდა. პოლიტიკური ჯგუფები ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე სარეკლამო კლიპებს განათავსებდნენ, რაც სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოგვიტანდა. გარდა იმისა, რომ კომერციულ რეკლამას პოლიტიკური რეკლამაც ემატებოდა, ჩვენთვის ეს არჩევნები ქვეყნის მომავლის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და საინტერესო გახლდათ.
შევარდნაძის პოლიტიკური გაერთიანება “მოქალაქეთა კავშირი” არჩევნების წინ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1997 წლამდე შევარდნაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოება პოზიტიურად აფასებდა, მაგრამ მომდევნო წლებში რუსული დეფოლტით განპირობებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეკონომიკაში ერთი ადგილის ტკეპნამ, გაუცემელმა ხელფასებმა და პენსიებმა, ელექტროენერგიის დეფიციტმა მას პოპულარობა დაუკარგა და მის მიმართ იმედგაცრუება გაჩნდა. ამ ფონზე სრულიად ლოგიკურად ოპოზიციური სპექტრი გაძლიერდა.
ოპოზიციის ცენტრად ბათუმი ჩამოყალიბდა. ასლან აბაშიძის ირგვლივ ბევრმა პოლიტიკურმა მოთამაშემ მოიყარა თავი: ვახტანგ რჩეულიშვილი, აკაკი ასათიანი, თვითონ “აღორძინება”, ერთ-ერთი ზვიადუსტური მოძრაობა... საკმაოდ ძლიერი ბირთვი შეიქმნა და მას მთლიანად ასლან აბაშიძე აფინანსებდა. ცხადია, ეს პრორუსული მიმართულების გაერთიანება იყო, ცხადია, ასლანის გარშემო შეკრებილ ხალხს ერთი მიზანი ჰქონდა: გაერთიანების გზით პარლამენტში მოხვედრილიყვნენ. მათ მიაჩნდათ, რომ იმხანად საკმაოდ პოპულარული ასლან აბაშიძის ფლაგმანობით ამ მიზანს იოლად მიაღწევდნენ.
მათ უპირისპირდებოდა ზურა ჟვანია - მოქალაქეთა კავშირის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გამოკვეთილი ლიდერი, მას უკვე ჰქონდა ერთი ვადით პარლამენტის თავმჯდომარეობის გამოცდილება. გარდა ამისა, მოქალაქეთა კავშირში და შევარდნაძის გარემოცვაშიც დიდი კონკურენცია იყო, ყველა ცდილობდა, შევარდნაძეზე გავლენა მოეპოვებინა და ამ გზით სულ სხვადასხვა სფეროში თავისი პოზიციები გაემაგრებინა.
საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ორივე მხარე გააქტიურდა და ჩვენც დაგვიკავშირდნენ. სწორედ ამ პერიოდში რამდენიმე მიზეზის გამო ბათუმში ასლან აბაშიძეს შევხვდი.
ასლან აბაშიძესთან სულ ორი ასეთი შეხვედრა მქონდა. პირველი იყო უზარმაზარი რიტუალი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღწერას.
ასლან აბაშიძესთან შესახვედრად ჯერ ბათუმში უნდა ჩასულიყავი.
საზღვარზე, ჩოლოქზე, გეკითხებოდნენ, სად მიდიხარ. 1999 წელს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს ჯერ ნაკლებად მცნობდნენ და არც საზღვარზე მდგომმა შავფორმიანმა ბიჭებმა იცოდნენ, ვინ ვიყავი, ამიტომ ისინი დიდი ყურადღებით, მკაცრი სახით ამოწმებდნენ საბუთებს და დაუვიწყარი რეაქცია ჰქონდათ, როცა ვუთხარი, რომ ასლან აბაშიძესთან მივდიოდი.
მომენტალურად შეშფოთდნენ, აღელდნენ, უმალვე ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. შემდეგ ხაზგასმული ზრდილობით დამიბრუნეს საბუთები, ხაზგასმული ზრდილობით გამაცილეს, მისურვეს წარმატება, ბედნიერი მგზავრობა...
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აჭარაში!”
აჭარაში ორი მიზეზის გამო გავემგზავრე. პირველი, რუსთავი 2-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შეგვექმნა პრობლემა. ჩვენი პარტნიორი ტელეკომპანია “25-ე არხი” გახლდათ, დაუჯერებლად მამაცი ადამიანები, რომელთა ინტერესებიც მუდამ ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების ინტერესებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება სურდათ. იმ დროისთვის 25-ე არხი მის დამფუძნებლებს აღარ ეკუთვნოდა, რამდენიმე ადამიანი მენეჯერებად ჰყავდათ დატოვებული. ერთი დამფუძნებელი თბილისში იყო წასული და ბათუმში საერთოდ ვერ ბრუნდებოდა. არხს ფორმალურად ფლობდა ასლან სმირბა, რომელიც იძულების წესით აძლევდა დანარჩენ მფლობელებს რაღაც 50 000 დოლარს, რომ არხი ბოლომდე მის სახელზე გაფორმებულიყო.
მოკლედ, შეიქმნა პრობლემები, ჩვენ კი აჭარაში საინფორმაციო გადაცემებს 25-ე არხის საშუალებით გადავცემდით, “კურიერის” გასავრცელებლად სხვა არხები არ გვქონდა და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ასლანს შეეძლო, მამას და მარჩენალს.
მოკლედ, ჩავედი ასლანთან მე, დირექტორი ერთ-ერთი ტელევიზიისა, რომელიც კი, ყველაზე პოპულარულია, მაგრამ არანაირი პოპულარობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბათუმში “რუსთავი 2” გაუშვან. ჩავედი და დაიწყო რიტუალი.
ნაბიჯი პირველი: კონტაქტი პრესმდივანთან. იმხანად ასლანს გიორგი თარგამაძე ჰყავდა პრესმდივნად, ის ასლანის გარემოცვაში ერთ-ერთ რუხ კარდინალად ითვლებოდა. შესაბამისად, შემხვდა თარგამაძე, ძალიან საქმიანი, შეწუხებული სახით, თავისი ასაკისათვის მეტისმეტად სერიოზული იყო ან სერიოზულს თამაშობდა. “იცით, ბატონი ასლანი დაკავებულია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ საათზე გაქვთ შეხვედრა დათქმული, როგორც კი მოიცლის, შეგატყობინებთ” - და დიდი პატივისცემით წამიყვანეს ბათუმის, აჭარის და მთელი საქართველოს საამაყო სასტუმრო “დავითში”.
ესეც რიტუალის ნაწილი იყო: ოთხიოდე საათი “დავითის” კაფე და ათიოდე ფინჯანი ყავა ბათუმურად. რაღაც დროის შემდეგ შეწუხებული თარგამაძე ტელეფონს იღებს, ჩუმად ლაპარაკობს, შემდეგ მიდის, შემდეგ მოდიან ვალერი გელბახიანი და ჯემალ გოგიტიძე, რომლებიც აგრძელებენ ჩემს გართობას, თუ დროის გაყვანას, თუ არ ვიცი, რას. პერიოდულად კვლავ ხდება გადარეკვები, გადმორეკვები... მოკლედ, წვალობენ
მაშინ თვითონ ბათუმი ძალიან დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებდა. წარმოიდგინეთ: ზღვა, ფანტასტიკური სუბტროპიკები, მოდუნებული უნდა იყო - და ირგვლივ შავ, უცნაურ ტანსაცმელში, დანარჩენი საქართველოს ძალოვანებისგან განსხვავებულად გამოწყობილი მამაკაცები დადიან, ავტომატიანი ბიჭებით სავსე მანქანა ხან აიქროლებს, ხან ჩაიქროლებს. ასლან აბაშიძის რეზიდენციასთან და მის მისადგომებთან კილომეტრებზე დგას პოლიცია, ყველაფერი გადაკეტილია. ძალიან შთაგონებულები არიან, როლში შეჭრილები. ლათინოამერიკული ფილმები თუ გინახავთ, პატარა დიქტატორების შესახებ, 1960-70 წლებიდან, - დაახლოებით ასეთი ტიპის კადრები იქნებოდა იქაც.
საერთოდ, ბათუმელები ძალიან გულღია ხალხია, კარგი იუმორის გრძნობითYგამოირჩევა, და მაშინ ძალიან თვალშისაცემი იყო, რომ ქალაქი ცალკე სამყაროში ცხოვრობს, ბელადს კი სხვა სამყარო აქვს. დღეს, როცა ყველაფერს ნეგატიურად აფასებენ, ყველას უცებ დაავიწყდა ის უამრავი სისაძაგლე, დაავიწყდათ, რა სიტუაცია იყო ბათუმში, უკანონობის და განუკითხავობის ის ხარისხი. ძალიან დამთრგუნველი იყო, ამ ადამიანს განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა.
ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ ცა გაიხსნა, შეხვედრა შედგა. წავედით ასლანთან, რეზიდენციაში, რომელსაც აჭარის მეთაურის რეზიდენცია ერქვა. პატარა აგურის შენობაა, არაფრით განსხვავებული, სიმპათიური ბათუმური სახლია.
ბუნებრივია, გამჩხრიკეს. რა იარაღით უნდა შევსულიყავი, მაგრამ მაინც ძალიან გულდასმით მჩხრეკდნენ. მერე - წითელხალიჩიანი კიბე, მისაღები დარბაზი მეორე სართულზე და იქ - ასლან აბაშიძე.
ჩია კაცი, საკმაოდ ნავარჯიშები, კარგად ჩაცმული, ყოველთვის მოწესრიგებული, და მასთან ერთად - უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი. იმდენად დიდია ნაგაზი თუ იმდენად პატარაა ასლანი, ყოველ შემთხვევაში, მის ფონზე ძაღლის ზომები უფრო შთამბეჭდავი ხდება. ერთობ ცივად მომესალმა, სხვა ოთახში შევიდა და იქ გააგრძელა შვილთან, თუ ცოლთან, თუ მეორე შვილთან, თუ სიძესთან ურთიერთობა - არ ვიცი, ეს ყველაფერი კარს უკან ხდებოდა. კიდევ ნახევარსაათიანი ლოდინი და ბოლოს მდივანმა დიდ დარბაზში მიმწვია.
დიდი დარბაზია, შუაში უზარმაზარი მაგიდა დგას. რომ შევედი, ფანჯრების მხარეს დამხვეს. მარცხენა მხარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზარმაზარი დროშაა, ზედ - ასლანისეული დიზაინის არწივი, ლურჯი, უშველებელი, ფრთაგაშლილი, რაღაც შვიდი ვარსკვლავით ფრთებზე. იქვე დიდეკრანიანი ტელევიზორი დგას, რაც იმ დროისთვის დიდი ფუფუნების საგანი იყო, აქსესუარი.
მისაღები დიდია, ადამიანი - პატარა. კადრი ჩარლი ჩაპლინის “დიდი დიქტატორიდან”: ასლანი შემოვიდა:
- გამარჯობა.
- გამარჯობა.
დავსხედით.
საუბრის დეტალურ აღწერას აზრი არა აქვს. თვითონ რიტუალია აღსანიშნავი.
იწყება ასლანის ნახევარსაათიანი მონოლოგი, აბსოლუტურად გაუგებარი. ის ჰყვება რაღაც ამბებს, რომლებზეც წარმოდგენა არა გაქვს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი იცი: როგორ გადაარჩინა თავის დროზე აჭარა მხედრიონის შემოჭრისგან, როგორ დაიცვა საქართველოს ეს კუთხე, მისი წინაპრები როგორ იბრძოდნენ ერთიანი საქართველოსთვის... პერიოდულად მქონდა საუბარში ჩართვის, სიტყვის ჩაგდების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ეტყობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდა თავისი მონოლოგი, თავისი თავის მოსმენა. პერიოდულად მდივანი შემოდიოდა, ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, ასლანი საქმიანი სახით დგებოდა, გადიოდა, დავალებებს გასცემდა, ვიღაცა შემოდიოდა, ვიღაც გადიოდა, და განცდა მქონდა, რომ ეს არასოდეს მორჩება. Aასლანი უკვე კულტუროლოგიურ ასპექტებს შეეხო, ის მოჰყვა, როგორია ბათუმის ოპერა, როგორი საუკეთესოა...
რიტუალის შემდეგი ნაწილი ყველაზე სახალისოა. მის შესახებ ბევრისგან მსმენია და აი, თვითონაც დავესწარი: სახლგანთქმული ტრაპეზი ასლან აბაშიძესთან.
შემოდის მზარეული თუ ოფიციანტი, შემოაქვს უზარმაზარი, შავი ქვაბი, ასეთში ფლავს აკეთებენ ხოლმე. ქვაბში ამჯერად სპაგეტია. ასლანის ქალიშვილი იტალიაში იყო გათხოვილი, და სპაგეტი ასლანის ერთ-ერთი მთავარი კერძი გახდა.
მაშ, ასე: სპაგეტი, პირდაპირ ქვაბით, და ასლანის საყვარელი აჭარული კერძი, პომიდორში მთლიანად ჩახლილი კვერცხი, მართლა უგემრიელესი რაღაცაა. ასლანთან ტრაპეზი, ამ კვერცხის ჭამა, თეფშის პურით მოწმენდა – კარგი სანახაობაა.
რიტუალი, - ის სამი საათი თუ სამსაათნახევარი გაგრძელდა; ზურა ჟვანიას და სხვებს ნათქვამი აქვთ, რომ ზოგჯერ ოთხსაათიანიც ყოფილა, - მორჩა იმით, რომ მე ათიოდე წუთი ველაპარაკე, რომ არჩევნები იწყება, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდებნა, თუ აჭარის საარჩევნო ბიუჯეტში ჩვენთვის იმის შესაბამის წილს დაგეგმავენ, რამდენიც ჩვენი გავლენის გათვალისწინებით გვეკუთვნის. ვუთხარი, რომ სახელისუფლებო და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხებისაგან განსხვავებით, ჩვენთან მას გარკვეული თავისუფლება ექნებოდა – თუ რამე ღონისძიება იქნებოდა ან საინფორმაციო აქტივობა, ეთერში გამოსვლის საშუალებას მივცემდით.
საბოლოოდ ასლანი ძალიან კმაყოფილი დარჩა, ჭკუა დამარიგა, მასწავლა, რას ნიშნავს დემოკრატია, როგორ უნდა გაშუქდეს მოვლენები, რამდენჯერ სცადა მან საქართველოს გადარჩენა და ახლაც ამ ბრძოლაშია, და ა.შ. შევთანხმდით, რომ როცა მისი თანამოაზრეები საარჩევნო ბიუჯეტს დაგეგმავდნენ, “რუსთავი 2” აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული.
ამ შეხვედრის შემდეგ ასლან აბაშიძე და მისი საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი “აღორძინება” ძალიან გააქტიურდნენ. ასლანმა ჟურნალისტებთან თავისი სახელგანთქმული ორშაბათის თუ სამშაბათის შეხვედრების ტელეტრანსლაციები დაიწყო. ჟურნალისტებთან ურთიერთობა საათობით გრძელდებოდა, ის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და აჭარის მთავრობის წარმატებების დემონსტრაციას ახდენდა.
მოგვიანებით, როცა მე და ზურა ჟვანია დავმეგობრდით, ის სულ მეუბნებოდა: “აი, იცი რა, აი, შენ მაშინ... რამდენი გადაგიხადა ასლანმა? აშკარად ბევრი გადაგიხადა, შენ მაგათზე მუშაობ...” თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მოქალაქეთა კავშირი სათანადოდ ვერ მოემზადა, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო და ამიტომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ცენტრალური ხელისუფლება და მოქალაქეთა კავშირი ასლანს ჯეროვნად ვერ პასუხობდნენ. ინიციატივა ასლანმა მოიხელთა და ეს ბუნებრივია, საინფორმაციო სფეროზეც აისახა.
სინამდვილეში, საქართველოს დედაქალაქში დასახარჯად ბათუმიდან წამოღებული, იმ დროისთვის კოლოსალური თანხებიდან ასლან აბაშიძის გარემოცვამ დიდი ნაწილი ტელეკომპანია “საქართველოს ხმას” მისცა. ეს ტელევიზია ბევრს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მისი მეპატრონეები ასლანთან მეგობრობდნენ და დაფინანსებაც ამის გამო მიიღეს. ასლანმა სახელმწიფო არხზეც სერიოზული თანხა გადაიხადა.
ყველაზე ცოტა - 20 ათასი დოლარი “რუსთავი 2”-ში მოიტანეს, თუმცა ჩვენ აზრად არ მოგსვლია, რაიმე თანხის საფასურად არხის პოლიტიკა შეგვეცვალა.
ასლანის კვალად მოქალაქეთა კავშირიც გააქტიურდა და მათაც დიდი საარჩევნო კამპანია გააჩაღეს. მათ ფინანსების საკითხიც, მოაგვარეს და მოქალაქეთა კავშირმა ძალიან ამაყად გადაიხადა ნაღდი ფულით 150 ათასი დოლარი.
(გაგრძელება იქნება)