გუშინ გამოცემა „Football-Italia” მილანის „ინტერის“ მფლობელ მასიმო მორატის ესაუბრა. იტალიელ ჟურნალისტებს ამ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონის მომავალი აინტერესებდათ.
მიმდინარე სეზონში „ინტერი“ არასტაბილურად გამოიყურება. გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზურის მოპოვებას ვერ ახერხებს და მხოლოდ ევროპა ლიგის ტურნირით უნდა შემოიფარგლოს.
გასული წლის ზაფხულში სენიორ მასიმომ კლუბის გაძლიერებისთვის არაფერი იღონა. მოკლე სათადარიგო სკამმა თავი უკვე იჩინა და ამჟამად „ინტერში“ ერთდროულად 12 ფეხბურთელია ტრავმირებული. ამ სიტუაციაში ახალგაზრდა მწვრთნელს მუშაობა ძალიან უჭირს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში სტრამაჩიონი „ინტერს“ აუცილებლად დატოვებდა. კულუარული ცნობით, გუნდს კლუბი „რომას“ ყოფილი თავკაცი ზდენეკ ზემანი ჩაიბარებდა.
თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას მორატიმ განაცხადა რომ სტრამაჩიონის საქმიანობით კმაყოფილია და მის დათხოვნას კატეგორიულად არ აპირებს.
„ანდრეა ახალგაზრდა სპეციალისტია და კლუბს საკუთარი ხელწერა უკვე დაატყო. მისი ბრალი არ გახლავთ რომ მუშაობა მოკრძალებულ კონტიგენტთან უწევს. ძირითადი შემადგენლობის დიდი ნაწილი ტრავმირებულია და მწვრთნელი ფეხბურთელთა მუდმივ როტაციას მიმართავს.
ახალი სეზონის დაწყების წინ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას ვგეგმავთ. რამდენიმე ცნობილ მოთამაშესთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაცილებით ძლიერ და დაბალანსებულ გუნდს იხილავენ.“ - განაცხადა მასიმო მორატიმ.