Le Canard Enchaîné: ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია

Le Canard Enchaîné: ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია თავის მრჩევლებთან გაცხარებული ბრიფინგის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Canard Enchaîné ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, 24 ნოემბერს, ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ბორის ჯონსონს ლა-მანშის სრუტეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად, 31 მიგრანტი დაიღუპა.

აღნიშნული სატელეფონო საუბრის დროს, ემანუელ მაკრონის მრჩევლებმა შეიტყვეს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან საფრანგეთის პრეზიდენტს გაუგზავნა და რომელიც ემანუელ მაკრონს ჯერ წაკითხული არ ჰქონდა.

აღნიშნულმა ფაქტმა ემანუელ მაკრონი აღაშფოთა. Le Canard Enchaîné-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ლიდერმა მრჩევლებს განუცხადა: „ბორის ჯონსონი მელაპარაკება, ყველაფერი კარგადაა, სერიოზული დისკუსიები გვაქვს, ხოლო შემდეგ კი არაელეგანტურად იქცევა. ყოველთვის ერთი და იგივე ცირკია. სამწუხაროა ასეთი დიდებული ქვეყნის კლოუნის ხელმძღვანელობის ქვეშ ხილვა“.