საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ მასაჟების საქმე, ბოტოქსების საქმე და პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ.
მისივე თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს საკუთარ კაპრიზებზე ხარჯავდა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებას უნდა მოეშვას.
„პიჯაკებიც არის ამ საქმის შემადგენელი და საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამაზე, თუმცა პიჯაკების გარდა 9 მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან ამოაცალა. სამწუხაროდ, დესტრუქცია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერაა, მაგრამ სახელმწიფო მყარად დგას თავის ადგილას და ყველა დესტრუქციულ ნაბიჯს ადეკვატური პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო დღეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.