„რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის“,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი დღესაც ეცდება, სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს.
„სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო დღეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.