ქართველი ექიმი თამაზ გვილია უკვე მრავალი წელია სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობს. იგი ამბობს, რომ იქ მაღალ დონეზე გამართული ჯანდაცვის სისტემაა და ქვეყანაში საუკეთესო მეცნიერებიც ჰყავთ.
"სამხრეთ აფრიკაში ამჟამად ძალიან ნორმალური ვითარებაა, არავითარი შიში და დაძაბულობა არ იგრძნობა. ახალი შტამზე რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რატომ არის ასეთი წუხილი სხვა ქვეყნებში ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ჩემგან სულ სამი საათის სავალია, სადაც ეგ შტამი პირველად დაფიქსირდა და ჩვენამდე ინფორმაცია არც მოსულა. ჯერ მაგ შტამზე ბევრი ინფორმაციები არც არის, პრეტორიაში დაიწყეს კვლევა და ერთადერთი რა ინფორმაციაც სამედიცინო პერსონალს მოგვაწოდეს, ეს ფორმა ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტების უმრავლესობა სახლში მკურნალობს და ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუყურებ, გაკვირვებული ვამბობდი, საქართველოში ჰგონიათ რომ მეტი იციან ამ ახალ შტამზე, ვიდრე აქ-მეთქი. "დელტა" ბევრად უფრო საშიში ფორმაა, ვიდრე "ომიკრონი" და ხანდახან ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ვიღაცებს სჭირდებოდათ ეს აჟიოტაჟი...
2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში, დედაქალაქში - იოჰანესბურგში ვიმყოფებოდი, 2020 წელს გადავედი ქალაქ პიტერსბურგში (ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში).
სამხრეთ აფრიკის მედიცინა სახელგანთქმულია მსოფლიოში და ებოლა, ან სხვა ვირუსები რაც კი ვრცელდებოდა, აქაური მეცნიერები იყვნენ ვაქცინის დამგეგმარები. გახსოვთ, ებოლა რამდენად საშიში ვირუსი იყო და მის დამარცხებაში სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. ახლა საერთოდ "ფაიზერის" ვაქცინის გამოშვებას, წარმოებას იწყებს სამხრეთ აფრიკა. ასე განაცხადა აქაური ჯანდაცვის სიტემის წარმომადგენელმა და თუ არ ვცდები, დაიწყეს კიდეც", - განუცხადა "ამბებს" თამაზ გვილიამ.