სად წავიდა ალინა არველაძე

სად წავიდა ალინა არველაძე "იმედის" დატოვების შემდეგ

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა და გიორგი არველაძემ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, მისი მეუღლის, ალინა არველაძის პროდიუსერობაც დამთავრდა. თავის დროზე ალინამ პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჩამოაშორა "ცეკვავენ ვარსკვლავებს". ნოე სულაბერიძეს პროექტის მეორე სეზონი რომ არ მოსწონდა, ამას სოციალურ ქსელსა და სატელევიზიო ინტერვიუებშიც ადასტურებდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, სანამ გიორგი არველაძე არხს დატოვებდა, უთხოვია, რომ მის მეუღლეს პროექტის გაკეთება გაეგრძელებინა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონი მართლაც ალინას პროდიუსერობით ჩამთავრდა. როგორც გაირკვა, შოუს მესამე სეზონი მალე მომზადდება და მისი პროდიუსერი ალინა არველაძე აღარ იქნება. მან ასე მითხრა, როდესაც ამბების გასაგებად დავუკავშირდი.

- ალინა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" როდის გავა ეთერში?
- არ მესმის, ამ კითხვას მე რატომ მისვამთ.

- ამბობენ, მესამე სეზონი აუცილებლად იქნებაო და პროექტის პროდიუსერი ხომ თქვენ იყავით.
- რაც "იმედიდან" წამოვედი, არავინ დამკავშირებია.

- როგორც ვიცი, "ცეკვავენ ვარსკვლავები" ისევ გავა "იმედის" ეთერში.
- მეც გავიგე, რომ სექტემბრიდან მესამე სეზონი უნდა დაიწყოს და ეს ამბავი ძალიან გამიხარდა. ასე რომ არ მომხდარიყო, გული დამწყდებოდა. კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს.

- ვინ იქნება "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი?
- გავიგე, რომ ნოე სულაბერიძე და "თიბისი თივი" გააკეთებენ.

- გული არ გწყდებათ, ამ პროექტს რომ ჩამოშორდით?
- ამის გამო დეპრესიაში ნამდვილად არ ჩავვარდნილვარ. გული იმ შემთხვევაში დამწყდებოდა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" რომ არ გაგრძელებულიყო.

- ახლა რას საქმიანობთ?
- ოჯახში დავბრუნდი. ჯერჯერობით მხოლოდ დიასახლისი ვარ. ბავშვებს ვუვლი და ეს ძალიან მომწონს.
ჟურნალისტებს ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონს და მერე იმაზე დავიწყოთ მსჯელობა, რომელი პროდიუსერის მიერ გაკეთებული შოუ ჯობდა. ნოე სულაბერიძე კი ალბათ შეეცდება, რომ მის მიერ გაკრიტიკებულ ალინა არველაძეს აჯობოს და უკეთესი შოუ შემოგვთავაზოს.