დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რაც ბავშვებს აქვთ და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რასაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციური პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.
მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა სისტემა, მათ შორის მსოფლიოში, და ეს შეიძლება იყოს გახანგრძლივებული ჯგუფები, საზაფხულო წრეები და ინდივიდუალური მუშაობა და ა.შ.
„სწორედ ეს საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ამისთვის მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება და შესწავლა, თუ რა სახის არის ეს დანაკარგები, რა მოცულობის და ამის შემდეგ შესაბამისი ზომების მიღება. ტერმინიც კი დამკვიდრდა ამასთან დაკავშირებით - რემედიაცია, ანუ აღდგენა იმ დანაკარგების, რომლებიც ბავშვებმა მიიღეს. ჩვენი კომიტეტიც ამ საკითხს მიაქცევს ყურადღებას, რომ მოხდეს ამ საკითხით დაინტერესება და რეაგირება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.