ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას აპირებს

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას აპირებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, მის ღვიძლში ფერმენტებია მომატებული, თუმცა, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად ემზადება.

„იმედი გვაქვს, რომ ექიმები ამ მაჩვენებელს დაარეგულირებენ და სისუსტის პრობლემა აღარ ექნება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაშიც კი, ის მზადაა ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად. ასევე, ის დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მათ შორის, სამთავრობო კონსილიუმის ჩათვლით და მადლიერია ყველაფრისთვის“, - აღნიშნავს ადვოკატი.

შოთა თუთბერიძის თქმით, ჰოლანდიიდან საქართველოშია ჩამოსული ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი, რომელიც მამის მონახულებას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.