ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ რადიკალურად არც უმჯობესდება.
„ერთადერთი პოზიტივი არის, რადგან ტესტირების მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში არის მაღალი, დადებითობის პროცენტი მერყეობს 8-9% შორის და ზემოთ არ მიდის. ასევე რეპროდუქციის ინდექსი ჯერჯერობით რჩება ერთის ქვემოთ, თუმცა საყურადღებოა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით ოდნავ მატებაა. ვართ მაღალ ციფრებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირატორული ვირუსების პერიოდში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან მალე ალბათ გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კოვიდინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 850 102 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 792 158, გარდაიცვალა 12 119 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.